საცივის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი კულინარი დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.
საცივის მომზადება შესაძლებელია როგორც ქათმით, ასევე ინდაურით. ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, გემოვნებასა და შესაძლებლობაზე.
საცივის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
მოზრდილი ქათამი ან ინდაური - 1 ცალი;
ნიგოზი - 800 გრ;
ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი;
უცხო სუნელი - 1 ჩაის კოვზი;
ნიორი - 100 გრ;
პურის ფქვილი - 6 სუფრის კოვზი;
დაფქული წიწაკა და მარილი - გემოვნებით;
მიხაკი და დარიჩინი მეოთხედი ჩაის კოვზი.
მომზადების წესი:
1. კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში და მოხარშეთ.
პირველი ნახარში აუცილებლად გადაუწურეთ და გააგრძელეთ ხარშვა.
2. როგორც კი ქათამი მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან.
3. დარჩენილ ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ბულიონი წვრილ საწურში გადაწურეთ.
4. მოხალეთ პურის ფქვილი, ოღონდ ისე, რომ არ გაშავდეს და ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავდეს.
5. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ძალიან წმინდად. უმჯობესია, თუკი ორჯერ გაატარებთ. გატარებული ნიგოზი ხელით კარგად დასრისეთ, სანამ ზეთს არ გამოწურავთ.
გამოწურული ზეთი ცალკე ჭურჭელში, თუნდაც ყავის ან ჩაის ჭიქაში ჩაასხით - ნიგვზის ზეთი საცივის მომზადების სულ ბოლო ეტაპისთვის დაგჭირდებათ.
6. დასრესილ ნიგოზს დაამატეთ 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, დაბლენდერებული ნიორი და მარილი. მიხაკი და დარიჩინი საკმაოდ მძაფრი სანელებლებია და ამიტომ საცივისთვის სულ ოდნავ, ერთი მწიკვიც კი საკმარისია. დაასხით ზედ ქათმის გადაწურული ბულიონი იმ რაოდენობით, რომ ერთგვაროვანი, ოდნავ სქელი მასა მიიღოთ. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერის ჯამში და კარგად დააბლენდერეთ.
7. ქვაბში დარჩენილი, უკვე გადაწურული ბულიონი დაადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით შიგ დაბლენდერებული მასა და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.
როგორც კი ბულიონი შესქელდება და პურის ფქვილის გემოს დაკარგავს, გადმოდგით ცეცხლიდან, დაჭერით მოხარშული ქათამი და ჩააწყვეთ ოდნავ შეგრილებულ საცივში.
შენიშვნა:
საცივის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბი, რადგან კერძი აუცილებლად გამუქდება.
საცივის მოსამზადებლად აუცილებელია თეთრი ნიგოზი, რადგან მუქი ფერის ნიგვზით მომზადებული კერძი ფერს შეიცვლის და გამუქდება.
მოხარშული ქათამი შეგიძლიათ, ოდნავ დაბრაწოთ, შემდეგ დაჭრათ და საცივში ჩააწყოთ.
ზოგიერთი დიასახლისი საცივს მოთუშულ ხახვსაც უმატებს. ოდნავ შეგრილებული ბულიონის ცხიმში მოთუშეთ დაბლენდერებული ხახვი. თუკი მოთუშვის დროს ცხიმის რაოდენობა შემცირდება, კვლავ ბულიონის ცხიმი დაამატეთ. როგორც კი ხახვი შევარდისფრდება, მოთუშული მასა ჩაამატეთ ცეცხლზე შედგმულ ბულიონს.
სუფრასთან მიტანის წინ საცივს ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი მოასხით და საგულდაგულოდ მომზადებული კერძი კიდევ უფრო გალამაზდება.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია.