ბოსტნეულის რაგუს რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს.
ბოსტნეულის რაგუს მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
ყაბაყი - 60 გრ;
ქამა სოკო - 50 გ;
ბულგარული წიწაკა - 60 გრ;
სტაფილო - 40 გრ;
ბადრიჯანი - 80 გრ;
ნიორი - 2 კბილი;
ოხრახუში - 20გრ;
ორეგანო - 1 მწიკვი;
პომიდვრის წვენი - 100 გრ.
ზეთი - 20 გრ;
მარილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ.
დაჭერით სხვადასხვა ფორმებზე - ზოგი გრძლად, ზოგი მრგვალად, რათა კერძი უფრო ლამაზი გამოვიდეს.
ტაფაზე მოასხით ზეთი და დაჭრილი ბოსტნეული მოთუშეთ.
ქამა სოკო დაჭერით ოთხ ნაწილად და დაამატეთ ტაფაზე მოთავსებულ ბოსტნეულს (თუკი პატარა ზომის ქამა სოკო გაქვთ, შეგიძლიათ, დაუჭრელად დაამატოთ).
როგორც კი ბოსტნეული მოითუშება, დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და ორეგანო.
დაახლოებით, 1-2 წუთის შემდეგ მოასხით პომიდვრის წვენი.
ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ და განაგრძეთ მოთუშვა დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთით. მოთუშული ინგრედიენტები გადმოიღეთ ოდნავ მოზრდილ თეფშზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.
შენიშვნა:
თუ პომიდვრის წვენი არ გაქვთ, შეგიძლიათ, გახეხილი პომიდორი გამოიყენოთ.
შეეცადეთ, პომიდვრის წვენი ბოლომდე არ ჩაშრეს.
თეფშზე გადმოღებულ, უკვე მზა კერძს შეგიძლიათ, ბაზილიკი მოაყაროთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ოხრახუშის დამატება საჭირო აღარ არის.