ოპუნცია (ლათ. Opuntia) - კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც 300-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთსა და მექსიკაშია გავრცელებული.
ბუნებრივ გარემოში აპრილის დასაწყისიდან სექტემბრამდე ყვავის, ოთახის პირობებში კი - შედარებით იშვიათად.
აქვს ბრტყელი, წვნიანი და დანაწევრებული ფოთლისებრი ტოტები. ღერო მოფენილია ეკლებით, ან გლოქიდიებით. ეკლების უმეტესობა ფოთლების სახეცვლილებას წარმოადგენს.
ოპუნციას ყვავილებსა და ტოტებს აქტიურად იყენებენ როგორც ტრადიციული, ისე ხალხურ მედიცინაში და მისგან ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ. ოპუნციას ნაყოფი დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს შეიცავს და ზოგ ქვეყანაში მისგან მურაბებს, ჯემებს, შარბათებსა და ღვინოებსაც კი ამზადებენ.
ღია გრუნტში, ოპუნცია შეიძლება სიმაღლით მოზრდილ ბუჩქს ან პატარა ხესაც კი გაუტოლდეს. ოთახის პირობებში კი შედარებით პატარა ზომის იზრდება და დეკორატიულობასაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
განათება და ტემპერატურა
ოპუნცია სინათლის მოყვარული მცენარეა და სრულფასოვანი ზრდისთვის მთელი წელი კარგი განათება სჭირდება. თუმცა, კარგი იქნება, თუ მზის პირდაპირ სხივებს ეტაპობრივად მიაჩვევთ.
გაზაფხულსა და ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზეც მშვენივრად გრძნობს თავს, ზამთარში კი ტემპერატურა 5-7 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ამიტომ კარგი იქნება, მცენარე აივანზე ან გრილ ოთახში გამოაზამთროთ.
ჰაერის ტენიანობა
ოპუნცია კარგად იტანს ოთახის მშრალ ჰაერს, ამიტომ წყლის შესხურებას ან ტენიანობის ასამაღლებელი სხვა საშუალებების გამოყენებას არ საჭიროებს.
მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში ოპუნცია უხვად უნდა მორწყათ, ზამთარში კი მორწყვა საერთოდ შეუწყვიტეთ.
მოსარწყავად რბილი, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.
შეგიძლიათ, წყალში ცოტაოდენი ლიმონ მჟავაც ჩაამატოთ (ერთი მწიკვი მჟავა 1 ლიტრ წყალზე).
ნიადაგი და გადარგვა
ოპუნცია ცუდად იტანს გადარგვას, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში (თუ ძველ ქოთანში ვეღარ ეტევა) გადარგოთ.
გადარგვისას ნიადაგს ნუ დაასველებთ.
ახალგადარგული ოპუნცია 10-14 დღით ჩრდილში უნდა მოათავსოთ და გადარგვის შემდეგ, პირველად მხოლოდ 5-7 დღის შემდეგ უნდა მორწყათ.
ოპუნციას ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი, ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი სჭირდება.
თუ სპეციალურად კაქტუსებისთვის განკუთვნილ მიწას ვერ შეიძენთ, მაშინ შეგიძლიათ, ჩვეულებრივი მიწა ცოტაოდენი ფოთლოვანი ნიადაგით, თიხითა და ქვიშით გადააზავოთ.
განოყიერება
ოპუნცია მარტიდან სექტემბრამდე, თვეში 1-ხელ, კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქებით უნდა გაანოყიეროთ. ზამთარში განოყიერება არ სჭირდება.
გამრავლება
ოპუნცია ყველაზე ადვილად ტოტით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა: მოატეხოთ მცენარეს ტოტი და ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთი დღე-ღამით მშრალ ადგილას მოათავსოთ. ამის შემდეგ, ტოტი სველ ქვიშაში, დაახლოებით, 3 სმ-ის სიღრმეზე უნდა ჩარგოთ და ზემოდან შუშის ქილა დააფაროთ.
დასაფესვიანებელი მცენარე რეგულარულად უნდა მორწყოათ და დროდადრო გაანიავოთ.
დაფესვიანების შემდეგ მცენარე ძირითად ნიადაგში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.