ცირტომიუმი (ლათ. Cyrtomium) – გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომლის სამშობლოა აზიისა და სამხრეთ აფრიკის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონები. ეს მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გამოირჩევა გრძელი (35-50 სმ-მდე), ღია ან მუქი მწვანე შეფერილობის, ფრთისებრი ფოთლებით, რომლებიც ბოლოებში დახვეულია, უკანა მხარეს ყავისფერი წერტილებით და ხაზებით - ე.წ. სპორებითაა დაფარული. „ფენ-შუის“ დაოსური პრაქტიკის მიხედვით, ცირტომიუმი სიმდიდრის გენერატორია და ოჯახში მისი გახარება სიუხვისა და დოვლათის ნიშნადაა მიჩნეული.
განათება და ტემპერატურა
ცირტომიუმი ჩრდილის მოყვარული მცენარეა, თუმცა ნათელ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას გაცილებით ლამაზად გამოიყურება.
ზაფხულობით ოთახში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი უნდა იყოს.
ზამთარში კი კარგი იქნება, თუ მცენარეს გრილ ოთახში (12-16 გრადუსზე) გამოაზამთრებთ, თუმცა თბილ ოთახშიც არაფერი მოუვა. მთავარია, ღამის ტემპერატურა დღისაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს.
ჰაერის ტენიანობა
ცირტომიუმს ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, თუმცა სიმშრალის პირობებშიც ნორმალურად ხარობს.
სასურველია, ფოთლები რეგულარულად დაუნამოთ, დროდადრო კი შეგიძლიათ, გრილი შხაპიც მოუწყოთ.
მორწყვა
ცირტომიუმი მთელი წლის განმავლობაში, რეგულარულად უნდა მოირწყოს.
მორწყვა უნდა შეამციროთ მხოლოდ ზამთარში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ, მცენარე სიგრილეში გამოაზამთროთ.
ნიადაგი და გადარგვა
ცირტომიუმი მხოლოდ მაშინ უნდა გადარგოთ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს.
ეცადეთ, გადარგვისას ფესვებზე მიწა არ მოაშოროთ, რადგან მცენარის ნაზი ფესვები საკმაოდ ცუდად რეაგირებს გადარგვაზე.
რაც შეეხება ნიადაგს, ის აუცილებლად ნოყიერი უნდა იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივ კორდის მიწას ცოტაოდენ ტორფს, ნეშომპალასა და მსხვილ ქვიშას გადაურევთ.
სასურველია, ნიადაგში ფოთლების, ხის ნახშირისა და სფაგნუმის ხავსის დამატებაც.
განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) ცირტომიუმი თვეში 2-ჯერ, ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
შემოდგომაზე და ზამთარში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.
გამრავლება
ცირტომიუმი ყველაზე ადვილად ბუჩქის დაყოფით მრავლდება, რაც შეგიძლიათ, ადრეულ გაზაფხულზე, მცენარის გადარგვისას განახორციელოთ.
შეგიძლიათ, მცენარე სპორებითაც გაამრავლოთ, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია: სპორები ჯერ ერთგვაროვან ტემპერატურაზე (20-22 გრადუსი), ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ. დაახლოებით, 2 თვის შემდეგ კი (როცა მათზე პირველი ფოთლები ამოიწვერება) შეგიძლიათ, ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.