ნემატანტუსი (ლათ. Nematanthus) - გესნერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც ის ტროპიკულ ტყეებში ხარობს და მისთვის დამახასიათებელია ეპიტიფური და ნახევრად ეპიტიფური ცხოვრების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე იზრდება ტოტებს შორის შექმნილ ე.წ. ბუდეებში, სადაც ნიადაგს ხეებიდან ჩამოცვენილი ნაწილები ქმნიან.
ნემატანტუსს წვრილი ფოთლები აქვს, რომელიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი - ლურჯი ან იასამნისფერი. მოკლე ღეროზე განლაგებული ყვავილები წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი, ვარდისფერი ან მუქი იისფერია, ხოლო ფორმით ოქროს თევზს მოგვაგონებს. სწორედ ყვავილების ასეთი ფორმის გამოა, რომ მცენარეს ხალხში „ოქროს თევზსაც“ ეძახიან.
განათება
ნემატანტუსი სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგი ზრდისთვის მკვეთრი, მაგრამ გაფანტული შუქი სჭირდება.
ამიტომ კარგი იქნება, თუ მცენარეს მზიან ფანჯარასთან მოათავსებთ, ზაფხულობით კი მზის მწველ სხივებს თხელი ფარდით გაუფანტავთ.
ტემპერატურა
ნემატანტუსისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი წელიწადის დროზეა დამოკიდებული - გაზაფხულსა და ზაფხულში (აქტიური ზრდის პერიოდში) ოთახის ტემპერატურა 19-250C უნდა იყოს, ზამთარში კი (მოსვენების პერიოდში) - 150C .
ჰაერის ტენიანობა
ნემატანტუსი უპირატესობას მაღალი ტენიანობის ჰაერს ანიჭებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ პერიოდულად (განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში) ფოთლებზე წყალს შეასხურებთ, ქოთანს კი 10-20 წუთით წყლიან თასში მოათავსებთ.
მორწყვა
ნემატანტუსი ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე უხვად უნდა მოირწყას. ზამთარში (განსაკუთრებით, თუ მცენარეს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე აზამთრებთ) მორწყვა შემაცირეთ და მიწის ზედაპირის გამოშრობას დაელოდეთ.
ნიადაგი და გადარგვა
ნემატანტუსი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაირგას, ანუ მაშინ, როდესაც ფესვები ქოთანს გადაავსებს.
ნიადაგი ფხვიერი, ჰაერგამტარი, ნაკლებად მჟავიანი ან ნეიტრალური სჭირდება.
ამისთვის ფოთლოვანი მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშის ნაზავი გამოგადგებათ (2/1/1/1). კარგი იქნება, თუ ასეთ ნაზავს მეტი ფხვიერებისთვის ხის ნახშირის ნატეხებსა და დაჭრილ სფაგნუმსაც დაუმატებთ.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე ქვიშის სქელი ფენაც მოაყარეთ.
გასხვლა
იმისთვის, რომ ნემატანტუსი ლამაზი ფორმის გაიზარდოს, საჭიროა, რეგულარულად გაისხლას.
უმჯობესია, ეს ადრიან გაზაფხულზე ან ყვავილობის დასრულების შემდეგ გააკეთოთ.
გასხვლის პროცესი რთული არ არის - საკმარისია, მცენარეს ტოტები 2-3 სმ-ით დაუმოკლოთ სუსტი და გამოშვერილი ტოტები კი მოაჭრათ.
გამრავლება
ნემატანტუსი ყველაზე მარტივად კალმით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა - გაზაფხულზე ან ზაფხულში მოაჭრათ მცენარეს 7-10 სმ-ის სიგრძის ტოტი, მოაცალოთ ქვემოთა ფოთლები და ქვიშაში ან წყალში დააფესვიანოთ.
დასაფესვიანებელი მცენარე აუცილებლად ჩრდილში უნდა დადგათ.