მამილარია (ლათ. Mammillaria) – კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც, ძირითადად, გავრცელებულია მექსიკის, ვენესუელისა და კოლუმბიის მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2800 მ. სიმაღლეზე - გორაკებსა და მთებში.
მამილარიას სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, შეფერილობითა და ყვავილების აგებულებით. თუმცა მათი უმრავლესობა მომცრო ზომისაა, მუქი მწვანე და ცილინდრისებრი ან ბურთისებრი ფორმით.
მამილარიას სახეობები გაზაფხულობით ყვავილობს, ყვავილობის დასრულების შემდეგ კი ყვავილის ადგილას ვითარდება 1-3 სმ სიგრძის კენკრისებრი ნაყოფი, რომელიც შესაძლოა, იყოს წითელი, ან მკვეთრი ვარდისფერი შეფერილობის.
მამილარია აქტიურად გამოიყენება დეკორატიულ მემცენარეობაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ორანჟერეებისა და ოთახების გამწვანებაში.
საოთახო მემცენარებაში ყველაზე გავრცელებული სახეობებია: მამილარია ბაუმი (ლათ. Mammillaria baumii), მამილარია ბლოსფელდიანა (ლათ. Mammillaria blossfeldiana), მამილარია ზეილმანიანა (ლათ. Mammillaria zeilmanniana), წაგრძელებული მამილარია (ლათ. Mammillaria elongata), მამილარია კარმენი (ლათ. Mammillaria carmenae), მამილარია პარკინსონი (ლათ. Mammillaria parkinsonii), გრაციოზული მამილარია (ლათ. Mammillaria gracilis) და მამილარია ბოკასანა (ლათ. Mammillaria bocasana).
განათება
მამილარია ერთ-ერთი ყველაზე სინათლისმოყვარული კაქტუსია, თუმცა განათებისადმი მეტი მოთხოვნილება მცენარის ქვემოთ დაშვებულ „ფოთლიან“ სახეობებს აქვთ.
ასე რომ, ასეთ სახეობებს მზის პირდაპირი სხივებიც ვერაფერს ვნებს და შეგიძლიათ, ოთახის ყველაზე კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათავსოთ.
მამილარიას სხვა სახეობებს კი, მართალია, ნათელ ადგილას მოთავსება სჭირდება, მაგრამ დღის ცხელ მონაკვეთში მწველი მზე აუცილებლად თხელი ფარდით უნდა გაუფანტოთ.
ტემპერატურა
მამილარიასთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში - 20-25 გრადუსია (თუმცა მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს), ზამთარში კი - 10-12 გრადუსი.
ჰაერის ტენიანობა
მართალია, მამილარია ჰაერის ტენიანობის მიმართ მომთხოვნი არ გახლავთ და მშრალ გარემოშიც კარგად ძლებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყალს მაინც თუ შეასხურებთ.
მორწყვა
დანარჩენი კაქტუსების მსგავსად ხშირ მორწყვას არც მამილარია საჭიროებს.
ამიტომ ეცადეთ, მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში (ცხელ ზაფხულშიც კი) ზომიერად მორწყოთ, შემოდგომის ბოლოდან კი მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ.
ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მამილარია ყოველწლიურად უნდა გადარგოთ, მოზრდილი ეგზემპლარები კი გადარგვას მხოლოდ 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს.
იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე ძალიან ბევრ „შვილეულ წანაზარდს“ ივითარებს, ქოთანიც შედარებით დიდი და ფართო შეურჩიეთ.
ნიადაგი აუცილებლად ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს.
შეგიძლიათ, საჭირო სუბსტრატის მოსამზადებლად, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ნეშომპალა, კორდის მიწა და ქვიშა აურიოთ ან კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი შეიძინოთ.
კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაივიწყოთ და ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კენჭები ან კერამზიტის ნატეხები მოაფინეთ.
განოყიერება
მამილარია აქტიური ზრდის პერიოდში (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით), თვეში 1-ხელ კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
გამრავლება
მამილარია შეგიძლიათ „შვილეული წანაზარდებით“ ან თესლით გაამრავლოთ.
„შვილეული წანაზარდები“ „დედა მცენარეს“ გაზაფხულზე უნდა მოაცილოთ, რამდენიმე დღით მშრალ და ბნელ ოთახში უნდა გამოაშროთ და ამის შემდეგ პატარა ქოთნებში გადარგოთ.
თესლით გასამრავლებლად კი საჭიროა:
მამილარიას თესლი მსხვილი ქვიშისა და კაქტუსებისთვის განკუთვნილი სუბსტრატის ნაზავში ჩათესოთ, ნათესი 23-25 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ და დროდადრო მორწყოთ.