PR-ის ისტორიული წანამძღვრები (ნაწილი III) - ძველი რომი

მოზაიკა

23 თებერვალი 14:00, 2016 წელი

თანამედროვე PR-ის, რეკლამისა და პროპაგანდის ისტორიული წანამძღვრები ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ იკითხება ძველი რომის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ  ურთიერთობებში (განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდის რომის რესპუბლიკაში).

ამ პერიოდის რომაელი პოლიტიკოსები იძულებულნი იყვნენ, ანგარიში გაეწიათ თავისუფალ მოქალაქეთა ფენისთვის, რომელთა კეთილგანწყობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მათი პოლიტიკური კარიერა.
აქედან  გამომდინარე,  ისინი  დიდ  ყურადღებას აქცევდნენ კომუნიკაციურ პროცესს და ამ პროცესში მოქალაქეების დარწმუნებას, მათი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას.



რომაელთა  პოლიტიკურ  ლექსიკაში  ვხვდებით იმგვარ იდეებსა და დასკვნებს, რომლებიც აშკარად მიანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხს იმ ეპოქაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე დღევანდელ დღეს.
მართალია, ტერმინს „საზოგადოებრივი აზრი“ რომაელები არ იყენებდნენ, მაგრამ ცნობილი ფრაზის „vox populi  -  vox dei“ („ხმა ღვთისა და ხმა ერისა“) მეორე  ნაწილში (vox dei) ისინი აშკარად საზოგადოებრივ აზრს გულისხმობდნენ.


ღმერთსა და ერს შორის ტოლობის ნიშნის დასმა იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი ღირებულებითი ორიენტაცია ერთგვარ სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმს წარმოადგენდა, რომლის  საშუალებითაც შესაძლებელი იყო ღვთაებრივი ქარიზმატულობა მინიჭებოდა ერის, ხალხის ან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიერ არჩეულ ტრიბუნს, სენატორს, კონსულს და ა.შ.


რომაელები ფლობდნენ ინფორმაციის გავრცელების  მრავალფეროვან  არსენალს. მათ შორის როგორც ზეპირსიტყვიერს, ასევე, წერილობითს. არსებობდა ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული და განშტოებული სისტემა.


სახალხო კრების გადაწყვეტილებები, სენატზე გატანილი კანონები,  კონსულებისა და ტრიბუნების გადაწყვეტილებები და სხვა  ოფიციალური  ინფორმაცია  საყოველთაო  წაკითხვისთვის, რომის  ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში სპეციალურად დადგმულ, გიფსით დაფარულ დაფებზე თავსდებოდა.
ასევე, გამოიყენებოდა ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად გავრცელების ხერხიც. არსებობდა ე.წ. მაცნის პროფესია, რომელიც სხვადასხვა ცნობებს ხალხმრავალ ადგილებში  ხმამაღლა გაჰყვიროდა. მაცნეების საშუალებით  ვრცელდებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ სარეკლამო  შინაარსის ცნობები და განცხადებები. აღსანიშნავია, რომ მაცნეები ხშირად აქტიურად იყვნენ ჩართულნი არმიაში მოხალისეების რეკრუტირების პროცესში.

ინფორმაციის პროვინციებში გასავრცელებლად გამოიყენებოდა პაპირუსის გრაგნილები, რომლებსაც სპეციალურ ლუქს უკეთებდნენ და დანიშნულებისამებრ აგზავნიდნენ. ასე რომ, დედაქალაქში მიღებული ყველა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილება პროვინციელ ჩინოვნიკებსა და დიდებულებს შეუფერხებლად მიეწოდებოდა.




სახელმწიფო მოხელეების ინფორმირების პარალელურად, ძველ რომში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თავად მოქალაქეების ინფორმირებასაც, რისთვისაც შენდებოდა სპეციალური კედლები, რომლებსაც კირით ათეთრებდნენ და თანაბარი ზომის მართკუთხედებად, ალბუმსებად (ალბომი) ყოფდნენ. ამ „ალბომებში“ კი ნახშირით იწერებოდა სხვადასხვა სახის განცხადებები.



ფართოდ იყო გავრცელებული კერძო „სარეკლამო“ განცხადებებიც, მათ გრაფიტების სახით აკეთებდნენ (ათავსებდნენ) სახლის კედლებზე. თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის ნებართვა და შესაბამისი თანხის გადახდა. ცნობები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: პოლიტიკური ლიდერების თვისებებით დაწყებული და გლადიატორთა ბროძელებით დამთავრებული (Этапы развития рекламы. http://www.fincareer.ru/advertis/?Etapy_razvitiya_reklamy).
ასობით კედლის  წარწერა, ე.წ. გრაფიტი იქნა აღმოჩენილი ქ. პომპეიში,  რომლებიც ბუნებრივად დააფიქსირა და დაკონსერვა ჩვ.წ. 76 წელის 24 აგვისტოს ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა.


ვეზუვის  ამოფრქვევამდე  რამდენიმე  თვით ადრე (მარტში) პომპეიში არჩევნები ჩატარდა. ამიტომ იმ წელს წარიმართა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. მოქალაქეებს უნდა აერჩიათ მუნიციპალური ადმინისტრაციის ორი ხელმძღვანელი (Duumviri) და ორი ედილი (ევალებოდათ საზოგადოებრივი  შენობების, ტაძრების, გზების მშენებლობაზე ზედამხედველობა და მათი მოვლა-პატრონობა, აგრეთვე, რელიგიური დღესასწაულებისა და თამაშობების ჩატარება). დუუმვირის ადგილზე კენჭს იყრიდა - ოთხი, ხოლო ედილის თანამდებობაზე ექვსი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ვულკანის ამოფრქვევის დღეს ქალაქში მრავლად იყო შემორჩენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო შინაარსის გრაფიტიები.


არცთუ ისე დიდი ხნის წინ პომპეიში აღმოაჩინეს მეტად საინტერესო წარწერა, რომლის ავტორი თანაქალაქელებს მოუწოდებს, ხმა მისცენ წესიერ, პატიოსან და პატივსაცემ ადამიანს, სენატორ მარკუს პუბლიუს ფურიუსს. წინასაარჩევნო აგიტაციის ტექსტი ასეთია: „მე გარწმუნებთ, რომ ის კარგი ადამიანია და ღირს მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა...“



ძველ რომში გამოიცემოდა თანამედროვე გაზეთის ორი პროტოტიპი: Acta Senatus (სენატის აქტები) და Acta Diurna (ყოველდღიური აქტები).

Acta Senatus წარმოადგენდა სენატის „ბიულეტენს“, რომელშიც იწერებოდა სენატის დადგენილებები, კანონები, მუნიციპალური და სამხედრო სიახლეები. გამოცემის თავდაპირველი ვარიანტი ფართო მასების მოხმარებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. თუმცა, ჩვ.წ. 59 წელს იულიუს კეისარმა ისინი გაასაჯაროვა და ხელმისაწვდომი გახადა რომის ყველა მოქალაქისთვის. მოგვიანებით, იმპერატორმა ავგუსტუსმა მართალია, გამოცემა შეინარჩუნა, მაგრამ Acta Senatus-ის საჯარო გამოქვეყნება აკრძალა. ავგუსტუსის მემკვიდრე ტიბერიუსმა პრაქტიკულად გააუქმა Acta Senatus, რომელიც სენატის „ბიულეტენების“ სახით მხოლოდ იმპერიის არქივებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში გახდა ხელმისაწვდომი, ისიც სპეციალური საშვებით.

Acta Diurna (Acta diurna populi Romani) – „რომაელი  ხალხის ყოველდღიური საქმეები“ იულიუს კეისრის ინიციატივით შეიქმნა, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციის გარდა, განთავსებული იყო რომის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. ის თეთრი თაბაშირით დამუშავებულ ხის ფირფიტებზე შავი საღებავით დაწერილი ტექსტების სახით „გამოიცემოდა“. აბრების მსგავსი ეს ხის ფირფიტები ხალხმრავალ ადგილებში იფინებოდა (ჯ. უფლისაშვილი, მ. ყიფშიძე - ბეჭდვითი რეკლამა. საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2009). Acta Diurna აქვეყნებდა ვაჭრობასთან, მოსავალთან, მშენებლობებთან, ამინდთან, კატასტროფებთან, სანახაობებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.

მოგვიანებით, იმპერიული ცენზურის ზეგავლენით ამ გამოცემამაც სახეცვლილება განიცადა - ამოღებულ იქნა სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციები და დარჩა მხოლოდ რომის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. ამ სახით გამოცემამ დედაქალაქის კონსტანტინეპოლში გადატანამდე გასტანა.
ორივე ეს გამოცემა რომის ხალხმრავალ ადგილებში: ფორუმთან, სენატთან, ტაძრებთან, ბაზრებთან არსებულ სპეციალურ დაფებზე გამოიფინებოდა. 


 




შავი
PR ძველ რომში


რომაელი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დიდოსტატები იყვნენ და წარმატებით იყენებდნენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალებას.
საკუთარი  მიზნების მისაღწევად, ისინი ხშირად მიმართავდნენ ე.წ. შავი PR-ის ელემენტებსაც, მათ არსენალში ჰქონდათ კარგად აპრობირებული, ინფორმაციის გავრცელების არალეგალური მეთოდები. მათ შორის ყველაზე ეფექტური იყო მოსყიდული მოქალაქეების (ვაჭრები, „ქუჩის ავტორიტეტები“, ტავერნების მფლობელები და პერსონალი, მეძავები და ა.შ.) მიერ ჭორების გავრცელება.
შავი PR-ის კლასიკური ნიმუშია ჩვ.წ. 133 წელს ტიბერიუს სემპრონიუს  გრაკხუსის წინააღმდეგ სენატისა და რომაელი დიდებულების მიერ აგორებული კამპანია.
მცირეოდენი ექსკურსი იმდროინდელი რომის ისტორიაში უფრო ნათლად წარმოაჩენს ზემოხსენებული კამპანიის მიზნებს, ამოცანებს, გამოყენებულ ხერხებს (ტექნოლოგიას) და შედეგებს.
ტიბერიუს გრაკხუსმა, რომის კონსულთან და არმიის მთავარსარდალთან კორნელიუს სციპიონ ემილიანუს უმცროსთან (Scipio Africanus the Younger) ერთად, მესამე პონიკური ომის დროს საბოლოოდ დალაშქრა კართაგენი. ჩვ.წ. 146 წელს რომის ლეგიონები შტურმით შეიჭრნენ კართაგენში. ექვსდღიანი ქუჩის ბრძოლების  შემდეგ ქალაქი დაეცა. რომაელებმა მიწასთან  გაასწორეს უძველესი ცივილიზაციის ქალაქი. კართაგენის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობიდან ცოცხალი მხოლოდ 50 000 ადამიანი გადარჩა, რომლებიც მონებად გაყიდეს (Theodor Mommsen - The History of Rome (Volumes 1-5), BOOK IV: The Revolution. March 16, 2005. eBook #10706).


კართაგენის შემდეგ გრაკხუსი, ესპანეთში, ნუმანციაში აჯანყებულ კელტ-იბერულ ტომთა დასალაშქრად გამგზავრებულ კონსულ გაიუს მანციუსის არმიას შეუერთდა და კონსულის კვესტორის (თანაშემწის) პოსტი დაიკავა.  
ესპანეთის სამხედრო კამპანიის დროს რომის პროვინციებში მოგზაურობისას გრაკხუსმა უზარმაზარი გაუკაცრიელებული და დაუმუშავებელი მიწები, გაღატაკებული, უმიწოდ დარჩენილი, გადაშენების პირას მყოფი მიწათმოქმედთა ფენა ნახა, რომელთა ადგილს მიწათმფლობელთა მიერ ნაყიდი კართაგენელი მონები იკავებდნენ. ამ პერიოდიდან იწყება გრაკხუსის დაინტერესება მიწის რეფორმის საკითხით, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ესპანეთიდან დაბრუნებულმა გრაკხუსმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და მიზნად მიწის რეფორმის განხორციელება დაისახა. ის ყოფილ თანამებრძოლებსა და რომის ყველა მოქალაქეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა.
ამ ტალღაზე გრაკხუსმა არნახულ პოპულარობას მიაღწია. ჩვ.წ. 134 წელს რომაელებმა გრაკხუსი ტრიბუნად აირჩიეს. არჩევისთანავე მან სენატში შეიტანა მიწის გადანაწილების კანონპროექტი „Lex Agraria“, რომელიც ითვალისწინებდა დიდი ლატიფუნდიებისთვის მიწის ზომებზე შეზღუდვების დაწესებას, ჭარბი მიწის ნაკვეთების ჩამოჭრას და მათ თავისუფალ მოქალაქეებზე ხელახალ გადანაწილებას.



კანონპროექტმა დიდი ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია რომის არისტოკრატიულ წრეებში, მსხვილ მიწათმფლობელებში და სენატში. კანონის წინააღმდეგ გაილაშქრა რომის მთელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა (მხარს უჭერდა მხოლოდ ყოფილი კონსული, იმჟამინდელი ცენზორი და სენატის პრიცეპსი, აპიუს კლავდიუს პულხერი). გრაკხუსმა, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა კანონს მხარი არ დაუჭირა, როგორც ტრიბუნმა, კანონი კომიციაზე (სახალხო კრება) გაიტანა. კრებაში მონაწილე ტრიბუნთაგან ერთ-ერთმა, ანტონიუსმა კანონს ვეტო დაადო და კენჭისყრის პროცესი ჩაშალა. ვეტოს დადების შემდეგ, გრაკხუსმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ კომიციას უამრავი მოქალაქე ესწრებოდა, რომლებიც მისი გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ და კენჭისყრაზე ტრიბუნ ანტონიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა. კომიციამ დააკმაყოფილა გრაკხუსის წინადადება და ტრიბუნი გადააყენა, რის შემდეგაც კენჭი ეყარა თავად კანონს, რომელიც უპრობლემოდ გავიდა.


კომიციაზე კანონის დამტკიცების შემდეგ გრაკხუსმა აგრარული კომისია შექმნა, რომელსაც ახალი იდეების რეალიზაცია უნდა მოეხდინა.


სენატმა და მსხვილმა მიწათმფლობელებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს. რეფორმის შესაჩერებლად არსებული ყველა ლეგალური გზა ამოიწურა.  დარჩა ერთადერთი - გრაკხუსის ფიზიკური ლიკვიდაცია, მაგრამ ტრიბუნს ხალხსა და არმიაში ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ მის მკვლელობას დიდი მღელვარება და შესაძლოა, სამოქალაქო ომიც კი გამოეწვია.


საჭირო იყო მისი პოპულარობის ნეიტრალიზაცია და „Vox populi“-ის, თანამედროვე ტერმინოლოგიით საზოგადოებრივი აზრის ტრიბუნის საწინააღმდეგოდ შეტრიალება.


გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა ბინძური PR კამპანია ააგორეს. კამპანიის სულისჩამდგმელმა ექსკონსულმა და ექსტრიბუნმა, უმაღლესმა პონტიფიკმა და სენატორმა, პუბლიუს კორნელიუს ნაზიკამ (Publius Cornelius Scipio Nasica Serapio) შექმნა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც გრაკხუსი რომის ხალხზე კი არ ზრუნავდა, არამედ ყველაფერს იმისთვის აკეთებდა, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მართვის რესპუბლიკური ფორმა მონარქიით შეეცვალა და თავი ხელმწიფედ გამოეცხადებინა (Ancient Rome: The Rise and Fall of an Empire - Revolution. BBC 2006. By Christopher Spencer).
ნაზიკამ და მისმა მხარდამჭერმა ლეგენდის გავრცელების სამიზნედ პირველ ეტაპზე რომის პოლიტიკური წრეები, რომაელი დიდებულები და არისტოკრატიული ოჯახები შეარჩიეს. მომდევნო ეტაპზე, მაგისტრების საშუალებით, დაიწყო ჭორების გავრცელება კოლეგიებში (საზოგადოებრივი ორგანიზაციები). განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა რელიგიურ მოღვაწეთა, ხელოსანთა და ვაჭართა კოლეგიებზე. ბოლოს კი ინფორმაციული იერიში ყველა თავისუფალ მოქალაქეზე მიიტანეს.


შედეგმა არ დააყოვნა - გრაკხუსის პოპულარობამ სწრაფად დაიწყო ვარდნა.  ამას დაემატა ისიც, რომ, სენატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად, გრაკხუსს ტრიბუნის ვადის ამოწურვისა და იმუნიტეტის  დაკარგვისთანავე სენატი მოღალატედ გამოაცხადებდა და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა.


კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ PR კამპანიას რომის არაერთი მოქალაქე წამოეგო. მართვის რესპუბლიკური ფორმა მათთვის წმიდათაწმიდა იყო. ამიტომ გრაკხუსის წინააღმდეგ აგორებულმა ჭორებმა ხალხის დიდი ნაწილი მის წინააღმდეგ განაწყო. რომი პრაქტიკულად ორად გაიყო. გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა მისი ფიტულების დაწვა დაიწყეს.
ვნებათაღელვამ კულმინაციას სახალხო ტრიბუნის ვადის ამოწურვის დღეს მიაღწია. გრაკხუსმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მეორე ვადით  დააყენა კანდიდატურა სახალხო ტრიბუნის პოსტზე.
არჩევნების დღეს გრაკხუსი, მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად, კაპიტოლიუმის ბორცვზე, მარსის ტაძართან მივიდა, სადაც კომიცია უნდა ჩატარებულიყო. იქვე მახლობლად ერთგულების ქალღმერთის (ფიდეს) ტაძარში სენატორები შეიკრიბნენ (Аппиан. Гражданские войны. Книга I. Пер. под ред. С. А. Жебелева. ОГИЗ, Государственное социально-экономическое издательство, Ленинградское отделение, 1935).


იუპიტერის ტაძართან გრაკხუსს ოვაციებით შეეგებნენ. კომიციის დაწყების წინ გრაკხუსს აცნობეს, რომ სენატორების შეიარაღებული მხარდამჭერები მასზე თავდასხმას აპირებდნენ.
გრაკხუსმა თავის მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ემოქმედათ, როცა ის მათ ნიშანს მისცემდა. ნიშანი ხელის თავთან მიტანა უნდა ყოფილიყო. ამ ნიშნის დემონსტრირების მიზნით გრაკხუსმა ხელი რამდენჯერმე თავთან მიიტანა. სენატში ეს ჟესტი სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული:
„კომიციიდან გვაცნობეს, რომ გრაკხუსი მეფის გვირგვინის მოტანას და თავზე დადგმას მოითხოვს... ვისაც გსურთ რესპუბლიკის გადარჩენა, მომყევით!“ - მიმართა ფიდეს ტაძარში შეკრებილ სენატორებს სციპიონ ნაზიკამ (Оскар Йегер - Всемирная история. Том 1. Древний мир. Книга VII - Век Римских междоусобных войн. Глава 1. Начало гражданских смут в Риме, вызванных попытками реформ Тиберия Семпрония и Гая Семпрония Гракхов. Гибель Гракха. Москва, АСТ, Полигон, 2001).


გააფთრებული სენატორები ფიდეს ტაძრიდან გამოცვივდნენ და სახალხო კრებისკენ გაემართნენ. გრაკხუსის მომხრეები შედრკნენ. მათ პირისპირ აღმოჩნდნენ მოქმედი და ყოფილი სენატორები, ედილები, ტრიბუნები, პრეტორები, კონსულები და ცენზორები. უძველეს პატრიაცათა ოჯახების ვალერიუსების, ჰორაციუსების, სციპიონების, ფაბიუსების წარმომადგენლები, რომლებშიც განსახიერებული იყო რომის დიდება და ძლევამოსილება. არისტოკრატიის შარავანდედით დათრგუნული რევოლუციონერების დიდი ნაწილი წინააღმდეგობის გარეშე გაიქცა. მცირეოდენ მომხრეებთან ერთად, უმნიშვნელო შეხლა-შემოხლის შემდეგ გრაკხუსმა გაქცევა სცადა, მაგრამ სენატორებმა ტიბერიუსი და მისი მომხრეები ალყაში მოაქციეს. ტოგაშემოხეულ (მამაკაცის ტრადიციული რომაული სამოსი) და ძირს დაცემულ გრაკხუსს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა, მისმა კოლეგამ, ტრიბუნმა პუბლიუს სატურეიუსმა (Publius Satureius) თავში სკამის ფეხი ჩაარტყა. ამას ლუციუს რუფუსის მეორე დარტყმა მოჰყვა. გონებადაკარგული გრაკხუსი უმოწყალოდ ჩაქოლეს (Плутарх. Сравнительные жизнеописания в двух томах, М.: Издательство «Наука», 1994).


მთავარი მოწინააღმდეგის განადგურების მიუხედავად, სენატმა ვერ გაბედა გრაკხუსის მიერ შექმნილი აგრარული კომისიის გაუქმება. გრაკხუსის მომხრეების დასაშოშმინებლად კი კომისიას სათავეში მოკლული ტრიბუნის ძმა, გაიუს გრაკხუსი ჩაუყენეს. ჩვ.წ. 123 წელს გაიუს გრაკხუსი სახალხო ტრიბუნად აირჩიეს. მან რამდენიმე რეფორმის გატარება შეძლო, მაგრამ კონსულ ლუციუს ოპიმიუსის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ  გრაკხუსი რომიდან გაიქცა. გაქცევის დროს მან ფეხი მოიტეხა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა და თავი მოიკლა (Anthony M. Esolen - The Politically Incorrect Guide to Western Civilization. Publisher: Regnery Publishing, Inc. Washington, DC. 2008).




(გაგრძელება იხილეთ ხვალ, 24 თებერვალს)

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?