„ოქროს ფრთის“ მე-14 დაჯილდოება გაიმართა

მოზაიკა

2 ივლისი 22:20, 2016 წელი
93

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაჯილდოების მე-14 ცერემონიალზე „ოქროს ფრთა“ 13 ნომინაციაში ჟურნალისტებსა და სხვადასხვა სფეროში დამსახურებულ ადამიანებს გადაეცათ... სალომე დადუნაშვილი, გოდერძი შარაშია, ზაზა შათირიშვილი, ინგა გრიგოლია, ლევან ჩხაიძე, დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურზანია, ქეთი ხატიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ქეთევან გურჯისტანი, რომლის ნაცვლადაც ჯილდო დედამისს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცა. ასევე, „ოქროს ფრთით“ სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომელიც პროფესიულ საქმიანობას შეეწირა.

„ოქროს ფრთით“ დაჯილდოვდნენ: სალომე დადუნაშვილი, გოდერძი შარაშია, ზაზა შათირიშვილი, ინგა გრიგოლია, ლევან ჩხაიძე, დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურზანია, ქეთი ხატიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ქეთევან გურჯისტანი, რომლის ნაცვლადაც ჯილდო დედამისს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცა. ასევე, „ოქროს ფრთა“ სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ჟურნალისტ ზვიად თხელიძეს, რომელიც პროფესიულ საქმიანობას შეეწირა.

ჟიურის თავმჯდომარე იყო ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, წევრები - მარიკა დარჩია, თამარ ცაგარეიშვილი, ნიკუშა შენგელაია და გოდერძი შარაშია.

„ოქროს ფრთის“ წლევანდელმა რჩეულებმა Funtime-თან კომენტარები გააკეთეს.


სალომე ზურაბიშვილი: „პირველ რიგში, მინდა, ქეთევან გურჯისტანისგან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, რადგან მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. საფრანგეთსა და ამერიკაში მოღვაწეობს. საქართველოში ხშირად ჩამოდის, მაგრამ არა როგორც ჟურნალისტი. ვფიქრობ, ეს ჯილდო მას მისცემს იმპულსს, რომ სამომავლოდ საქართველოშიც დაიწყოს საქმიანობა. ჩემი შვილის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჟურნალისტიკა ის მშვენიერი პროფესიაა, რომელიც ყოველთვის დაფასებული არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობაში ჟურნალისტობაზე მეც ვფიქრობდი და მიხარია რომ ჩემი შვილი ამ სფეროშია“.


ინგა გრიგოლია: „ოქროს ფრთა“ მეორედ მივიღე, მაგრამ პირველზე მეტად გამიხარდა. სექტემბერში ტელეკომპანია „იმედიდან“ უაპელაციოდ გამოგვყარეს და გადაცემა „რეაქცია“ დაგვიხურეს, დღეს კი აღმოჩნდა, რომ „ოქროს ფრთა“ სწორედ იმ სამმა ტელევიზიამ აიღო, სადაც „რეაქციის“ მთელი გუნდია გადანაწილებული. ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეორედ აღებული „ოქროს ფრთა“, რადგან კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რა უსამართლოდ დახურეს ტელეკომპანიის მესვეურებმა „რეაქცია“.


ნინო სუხიშვილი: ,,ყველანაირი ჯილდო და დაფასება სასიხარულოა, თუმცა ცოტა უხერხულად ვარ, რადგან ეს ჟურნალისტების დაჯილდოებაა. ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის რომ დაგაჯილდოვონ, ალბათ უფრო ხანდაზმული უნდა იყო, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ჩემი ოჯახის სამივე თაობის გახლავთ, რადგან კულტურაში ასეთი ღვაწლი მათ გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ხალხის სიყვარულია.


სალომე დადუნაშვილი: ყველა ჯილდო სასიამოვნოა, მაგრამ „ოქროს ფრთა“ გადაცემას „დღე მუზეუმში“ რომ გადაეცა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი, კულტურის შესახებ რაიმე პროექტი გამეკეთებინა. საბედნიეროდ, იანვრიდან დღემდე უკვე 35 გადაცემაზე მეტი გავაკეთეთ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ძალიან დიდი სამუზეუმო მასალაა, რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს ისეთ მხარდაჭერა და დაინტერესება, როგორსაც იმსახურებს.

წლევანდელი „ოქროს ფრთის“ დაჯილდოება გამორჩეული იყო - წარმატებული საქმიანობისთვის დიპლომები გადაეცათ სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. 

ღონისძიებას სპონსორობა სხვადასხვა კომპანიებმა გაუწიეს. მათ შორის იყვნენ: სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“; ქართული ლუდის კომპანია; ავიაკომპანია „ატლას გლობალი“; ჯგუფი „როიალ კაპიტალი“; კომპანია „ბორჯომი“. ავაიკომპანია „ატლას გლობალმა“ „ოქროს ფრთის“ ლაურეატებისთვის სამი პრიზი დააწესა - ინგა გრიგოლიას, ლევან ჩხაიძესა და გიორგი ხაბურზანიას გადასცა საგზურები ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.