21 ივლისიდან გამომცემლობა „საოჯახო ბიბლიოთეკა“ პატრიარქის ნათლულებს საშუალებას აძლევს, სპეციალურად მათთვის შექმნილი, უნიკალური, 400-გვერდიანი წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ შეიძინონ.
შეგახსენებთ, რომ პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა და ამით პატრიარქმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ტრადიციას, რომლის თანახმადაც, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ის ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება. ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 30 ათასამდე ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილები არიან.
გამოცემაში, გარდა პატრიარქის ნათლულების გვარ-სახელებისა და დაბადების თარიღებისა, შესულია ილია მეორის ორიგინალური ფოტოები, ასევე, ის ქადაგებები და ლოცვები, რომლებიც ოჯახის სიწმინდესა და ღირებულებებს ეხება.
ალბომში შეტანილია 2008-2015 წლებში მონათლულთა სია. ალბომის პირველ გვერდზე კი გამოყოფილია პატრიარქის ნათლულის ფოტოს ჩასაკრავი და სახელისა და გვარის აღსანიშნავი ადგილები. ალბომს წამძღვარებული აქვს უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვები, რომლითაც ის თავის ნათლულებს ლოცავს და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
გამოცემას კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს სძენს სპეციალურად შექმნილი ქართული ანბანის სრულიად ახალი მხატვრული ვერსია, რომლითაც საზედაო ასოებია (აბზაცის დასაწყისად გამოყენებული ასონიშნები) გააფორმებული.
„საოჯახო ბიბლიოთეკის“ ინფორმაციით, ალბომი განკუთვნილია მხოლოდ პატრიარქის ნათლულთათვის და ის ნათლულთა ოჯახებისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს. „ეს უნიკალური და ულამაზესი წიგნი-ალბომი ნათლულთა ოჯახებისთვის ნამდვილი საგანძურია და დასტურია იმ დიდი მადლისა, რაც განგებამ არგუნა თქვენს პატარებს - ყოფილიყვნენ ჩვენი დროის უდიდესი ადამიანის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულნი“, - აცხადებენ გამომცემლობა „საოჯახო ბიბლიოთეკაში“.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ალბომი შეზღუდული ტირაჟით გამოდის, რის გამოც გამომცემლობამ ამ უნიკალური ალბომის შეძენის მსურველებს საშუალება მისცა ვებგვერდზე: www.qronografi.ge შესაბამისი ელექტრონული შეთანხმების გაფორმებისა და ალბომის ღირებულების - 100 ლარის საბანკო წესით გადახდის შემდგომ, დაფიქსირდნენ, როგორც ალბომის პირველი ტირაჟის შემძენნი და რამდენიმე დღეში, კერძოდ, 21 ივლისიდან, მიიღონ წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ შემდეგ მისამართზე: თბილისი, გურამიშვილის გამზირი, #64.
მეტი კომფორტისთვის, გამომცემლობა მსურველებს საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს. სერვისის ღირებულება 5 ლარია.