ლევან სიხარულიძე - შეფ-მზარეული, რომელიც გემო(ვნ)ების ფეიერვერკებს აწყობს!

მოზაიკა

14 დეკემბერი 15:30, 2016 წელი
94

ნამდვილი ამერიკული, სასარგებლო ბარბექიუ - მხოლოდ რესტორან „ბიგ სმოუქში“! - ამ მიპატიჟებამ უკვე ბევრი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი დააინტერესა. Funtime კი დღეს გაგაცნობთ საქართველოში პირველი ამერიკული  BBQ რესტორნის შეფ-მზარეულს, 25 წლის ლევან სიხარულიძეს, რომელიც განსაკუთრებულ ტექნოლოგიას იყენებს და ამერიკული საკვების მავნებლობის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპს ამსხვრევს...

- ლევან, კულინარიით რატომ დაინტერესდით?
- პირველად იურისტის პროფესიას დავეუფლე. სურვილი მქონდა, ამ კუთხით მემუშავა. სამზარეულო კი ჩემი ჰობი იყო, თუმცა შემდეგ პროფესია გახდა და ამით ბედნიერი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მანიჭებს სიამოვნებას. სამზარეულოსთან შეხება სახლშიც მიწევდა, რადგან  ვფიქრობდი, რომ მე  უკეთესად გამომდიოდა. ჩემს მომზადებულ კერძებს მეგობრებიც აქებდნენ და ჭკუაში დამიჯდა, ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემთვის. 4 წლის წინათ საქართველოს კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. დამთავრების შემდეგ რამდენიმე ძალიან წარმატებულ და ცნობილ სასტუმროში ვიმუშავე. გავიარე კურსები, რომელიც სამ ნაწილად  იყოფა - შეგირდის, ოსტატისა და შეფის. ჩემი დატრენინგება ამერიკული მხარის მიერაც მოხდა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ერთი წლის წინათ კი BBQ-ში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან ასეთი კონცეფციის ამერიკული  BBQ რესტორანი საქართველოში პირველია.


- რით არის Big smoke-ის სამზარეულო გამორჩეული?
- BBQ რესტორანი ჩემთვის იმით არის გამორჩეული, რომ ხორცპროდუქტები განსაკუთრებულ დანადგარებზე, შესაბოლ აპარატებზე  და შეშის ნატურალურ კვამლზე მზადდება.
ამერიკული საკვები ხშირად არაჯანსაღთან ასოცირდება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. აქ ყველა საკვები მზადდება ახალი და ჯანსაღი პროდუქტისგან. კერძებისთვის საჭირო სანელებლები და სოუსები ამერიკის მხრიდან, პირდაპირ კენტუკის შტატიდან სპეციალურად „ბიგ სმოუქისთვის“ იგზავნება. რაც შეეხება ხორცის შებოლვის პროცესს, ჩვენს აპარატში ეს პროცესი 8-დან 16 საათამდე გრძელდება, რაც უზრუნველყოფს ცხიმისა და წყლიანობის მინიმალურ შემცველობას. ასეთი დამუშავებით, ხორცი ფაქიზი, არომატული და ნოყიერი ხდება.
ჩვენი მენიუ მრავალფეროვანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. მომხმარებელს ყოველ კვირა გამორჩეულ კერძსაც ვთავაზობთ. გარდა ამისა, შებოლილ ხორცპროდუქტებს თუ არ ჩავთვლით, სამ თვეში ერთხელ მენიუ იცვლება.
მინდა, ასევე, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება მშრალი ტექნოლოგიით გამოყვანილ სტეიკებზე, რომელიც ხანგრძლივი  შენახვის პერიოდის შემდეგ მიიღება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ BBQ-ში გემოების ფეიერვერკია! ჩემთვის მზარეულობა ასოცირდება ხელოვნებასთან, მოგზაურობასთან, სწავლასთან და მუდმივად ახლის ძიების პროცესთან.


- რა სეგმენტი სტუმრობს BBQ-ს?
- ჩვენი მენიუ ნებისმიერ ასაკზეა გათვლილი. საბავშვო ბურგერებიც  გვაქვს, გემრიელი სალათები და ა.შ., რომლებიც ჯანსაღ ინგრედიენტებზეა დამზადებული და მშობლებს სიამოვნებით მოჰყავთ შვილები. ამერიკელები და არამხოლოდ ტურისტები, ადგილობრივებიც ხშირად გვსტუმრობენ და კმაყოფილები არიან, როგორც სამზარეულოთი, ასევე გარემოთი და მომსახურებით.


- შეფ-მზარეულებს სასურველი წონის შენარჩუნება ყოველთვის უჭირთ. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?
- დაგემოვნება ყოველდღე მიწევს და ამის ფონზე სასურველი წონის შენარჩუნება ძალიან რთულია. ვცდილობ, ზომიერად დავაგემოვნო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მინდა, ჩემი პროფესია ბიზნესად ვაქციო. სურვილი მაქვს, გავხსნა საკუთარი რესტორანი, სადაც შეფ-მზარეული ვიქნები, მზარეულებიც მეყოლება და სამზარეულოც ჩემს გემოვნებაზე იქნება აწყობილი.