სიახლე პატარებისთვის - „B612 კრეატიული თამაშების ცენტრი“

მოზაიკა

20 დეკემბერი 12:00, 2016 წელი
106

კრეატიული თამაშების ცენტრი ორი თვეა, რაც გაიხსნა. „ასტეროიდი B612“ - ასე ეწოდება ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცნობილი მოთხრობის, „პატარა უფლისწულის“ პლანეტას და ცენტრს სახელწოდებაც აქედან შევურჩიე. 1-3 წლამდე ბავშვებს ისეთ თამაშებს ვთავაზობთ, რომლებიც მათი უნარების განვითარებაზეა მორგებული და ფიზიკური, სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საერთაშორისო გამოცდილებასა და პრინციპებს ეფუძნება“, - გვიყვება ცენტრის დირექტორი ნათია იმერლიშვილი... 

- საიდან გაჩნდა „კრეატიული თამაშების ცენტრის“ ჩამოყალიბების იდეა?
- დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ბიზნესის დაწყება. იდეებიც სხვადასხვა მქონდა და საუკეთესოს ძიების პროცესში ვიყავი. 2 წლის შვილი მყავს, შესაბამისად, ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად შევისწავლე. ინტერნეტში ვათვალიერებდი, მისი სოციალური თუ ემოციური განვითარებისთვის როგორ შემეწყო ხელი. ევროპაშიც და ამერიკაშიც მსგავსი ტიპის ცენტრები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. ამერიკაში პირველი „კრეატიული განვითარების ცენტრი“ 1940 წელს დაარსდა. აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან სხვა რეალობაა - მსგავს სერვისს ჯერ არავინ სთავაზობს პატარებს. ჩვენს ქვეყანაში ამის პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა გავრისკეთ და საზოგადოებას შევთავაზეთ ახალი სერვისი, რომელიც პატარების განვითარებისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. 


- საზოგადოებას როგორ შეატყობინეთ „კრეატიული თამაშების ცენტრის“ ჩამოყალიბების შესახებ?
- ჩვენს პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის ძირითად ნაწილს ინტერნეტით ვახორციელებთ. „ფეისბუკგვერდიც“ გვაქვს და ვებგვერდიც. პატარების მშობლებსაც ხმა ასე მივაწვდინეთ. როცა კომპანია ბაზარზე შემოდის, ერთი პრობლემა ცნობადობის გაზრდაა. ჩვენს შემთხვევაში კი ორ ფრონტზე ვიბრძვით - სერვისსა და კომპანიის ცნობადობის ზრდაზე ერთდროულად ვზრუნავთ.


- დღეისთვის რამდენი ჯგუფი გყავთ?
- დღეში 3 ჯგუფს ვმასპინძლობთ. თითო ჯგუფში კი, მაქსიმუმ, 5 და, მინიმუმ, 2 ბავშვია. დღეები - მშობლების გრაფიკის, დროები კი პატარების რეჟიმის მიხედვით გვაქვს გადანაწილებული.


- პატარების გართობა რას მოიცავს?
- პატარებს პედაგოგი ხვდებათ, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ პატარებს სწორი სოციალურ-ემოციური ფონი შევუქმნათ. დროს, რომლის განმავლობაშიც ბავშვები თამაშობენ, გაკვეთილებს ვეძახით, რაც თითო ჯგუფში საათ-ნახევარსა და 10 სხვადასხვა თამაშს მოიცავს. თითოეული თამაში კონკრეტულ უნარს ავითარებს. რიტმის აღქმის, ხელისა და თვალის კოორდინაციის, პრობლემის გადაწყვეტისა და მოქმედების დაგეგმვის თანმიმდევრობისა და სხვა სავარჯიშოები გვაქვს.
თამაშები მშობლის ჩართულობით მიმდინარეობს. ეს კიდევ დამატებით სარგებელს აძლევს მშობელს თუნდაც იმიტომ, რომ შვილის უნარები დაინახოს. პატარებს ისე მოსწონთ თამაშები, მშობლები გვეკითხებიან, ესა თუ ის სათამაშო სად შევიძინეთ.
სათამაშოების ნაწილს საქართველოში ვყიდულობთ, ნაწილი კი უცხოეთიდან ჩამოგვაქვს. გარდა ამისა, სათამაშო დანიშნულებას საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ვუძებნით. სანამ გავიხსნებოდით, ამერიკულ „კრეატიული განვითარების ცენტრთან“ კონსულტაცია ინტერნეტით გავიარეთ. ჩვენთან ყველაფერი მათ პროგრამაზეა დაფუძნებული.


- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- ევროპაშიც და ამერიკაშიც „კრეატიული თამაშების ცენტრში“ 1-დან 6 წლამდე ბავშვები დადიან. ჩვენც ვგეგმავთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მივიღოთ, რადგან ამის მოთხოვნა უკვე არის.