ეკატერინე აბულაძე: ,,უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი...“

ნიჭიერი

31 იანვარი 12:45
84

ეკატერინე აბულაძისთვის „ნიჭიერში“ გამარჯვება სრულიად მოულოდნელი რომ აღმოჩნდა, ეს წუხელ, ალბათ, ყველამ შეამჩნია. მიუხედავად იმისა, საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობები კარგად იცის, ცხოვრებაში ჰქონდა შემთხვევა, რომელმაც ზოგადად კონკურსების მიმართ პესიმიზმით განაწყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის მეგაშოუში მაინც სცადა ბედი და.... სიხარულისგან აცრემლებულმა კონკურსანტმა Funtime-ს ემოციები გაუზიარა.

ეკატერინე აბულაძე: კონკურსი ისეთი რამაა, გამარჯვებას ალბათ არავინ ელოდება. შეიძლება, მე ვფიქრობ ასე, რადგან ძალიან პესიმისტი ვარ და ამას პროექტის დაწყების დღიდან აღვნიშნავდი. საკუთარი თავის იმედი რომ არ მქონოდა, ასეთ მასშტაბურ შოუში არც მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, გამარჯვებას არ ველოდი და ამას თავის მიზეზი აქვს. ასეთი პესიმიზმი ერთ-ერთი კონკურსის ცუდი შედეგია. მას შემდეგ სატელევიზიო შოუებთან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ფინალის დასასრულს პრიზების გამოცხადება რომ დაიწყეს და მე არავინ არაფერი გადმომცა, სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ სწორედ ამ დროს დამასახელეს „ნიჭიერის“ გამარჯვებულად. ჩემი პრიზი ოროთახიანი ბინაა ბათუმში!


- გამარჯვებულის სახელისა და გვარის გამოცხადებას განსაკუთრებულად არ შეხვედრილხართ...
- ემოციას ცრემლებით უფრო გამოვხატავ, ვიდრე ღიმილით.


- მეუღლე დარბაზში იყო თუ კულისებიდან გგულშემატკივრობდათ?
- ვახო დარბაზიდან მგულშემატკივრობდა, თუმცა ემოციებისგან ტელეფონი დავკარგე და იმ პირველ წუთებში ვერც კი დავუკავშირდი მას.