მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალისტი გახდა ანსამბლი „ჩხოროწყუ“ - მათ მაყურებელთა ხმების 39.5 პროცენტი მიიღეს.
ვალერი სიჭინავა, ანსამბლ „ჩხოროწყუს“ წევრი: 40 წელია, ამ ანსამბლის წევრი ვარ. შეიძლება ითქვას, ყველაზე სტაჟიანი. 60 წლის გახლავართ. ანსამბლმა უამრავი თაობა გამოიცვალა. ესენი სულ ახალგაზრდები არიან. ძველი თაობიდან ერთადერთი მე შემოვრჩი. ძალიან გახარებულები ვართ. მართალი გითხრათ, არ ველოდებოდით გადასვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ მაყურებელს და მათაც დაგვიფასეს. ამისთვის დიდი მადლობა.
გიორგი უშიკიშვილი, მომღერალი: „ნიჭიერის“ კონსულტანტი ვარ ფოლკლორის მიმართულებით. მე თავად ვარჩევ ნომრებს, რასაც უკვე საკონცერტო ვერსიებად ვამუშავებთ. მგონი, პირველად მოხდა, რომ ფინალში ფოლკლორული ანსამბლი გავიდა. მით უმეტეს, ხალხის რჩეული გახდა. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ „რუსთავი 2“-მა ფოლკლორს ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია. ამ ტელეკომპანიის ყურადღება კი საზოგადოებაზეც აისახა. დარბაზშიც დიდი ოვაციები იყო სიმღერის შესრულების დროს, მაყურებელს ძალიან მოეწონა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უფრო მეტად უნდა მოვასმენინოთ ეროვნული მუსიკა. მგონია, კიდევ ერთი ფინალისტი გვეყოლება ფოლკლორში.
ჟიურის გადაწყვეტილებით კი, ფინალში გადავიდა ინდოელი ექსტრემალი ბიჭების ჯგუფი Mallakhamb India. ცნობისთვის, ეს ჯგუფი ნახევარფინალში ჭოლამ ოქროს ღილაკის გამოყენებით გადაიყვანა; Mallakhamb India-ს წევრები ამბობენ, ჟიურს ეს გადაწყვეტილება მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო: არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ფინალში გადავიდოდით. ეს იყო სიურპრიზი, რაც ჩვენთვისაც და მთელი ინდოეთისთვისაც ძალიან სასიხარულოა.
- რას ჰპირდებით ქართველ მაყურებელს ფინალში?
- გაჩვენებთ იმას, რაც ჯერ არასოდეს გინახავთ. იქნება უფრო დაბალანსებული და უფრო დახვეწილი ნომერი. ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ.
კომპანია „ზედაზენის“ რჩეული კი კლასიკური მუსიკის ვირტუოზი შემსრულებელი ჯაბა ვაშაძე გახდა. ხმის მიცემის წესის მიხედვით, მას კიდევ აქვს ფინალში მოხვედრის შანსი.