- საქართველოში პირველად ხართ?
- დიახ. ჩვენ ინდოეთში ვცხოვრობთ. ჩვენი მეგობარი საქართველოში სწავლობს. სწორედ მან დაგვაინტერესა თქვენი ქვეყნით, გვითხრა, რომ საქართველო ძალიან ლამაზია. ამის შემდეგ გავიგეთ ქართული „ნიჭიერის“ შესახებ. ისე გამოვიდა, რომ პროექტშიც მივიღეთ მონაწილეობა და თქვენი ქვეყანაც ვნახეთ. არაჩვეულებრივი, ულამაზესი ქალაქი გაქვთ.
- რამდენ ხანს მუშაობდით ამ ნომერზე?
- მალკამი ტრადიციული ინდური სპორტია, მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს. ჩვენც მივყვებით ტრადიციებს. ეს ნომერი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. ეს არის ინდური ტრადიციული სპორტი, არ არის ცეკვა. აკრობატული ილეთებისგან შემდგარი ნომერი საკმაოდ რთული და სახიფათო შესასრულებელია. ხშირად გვაქვს ტრავმები. მართალია, ისეთი არა, რომ სერიოზულად დავზიანდეთ, მაგრამ...
- სხეულის რომელი ნაწილებია ამ დროს საფრთხის ქვეშ?
- აი, მაგალითად, მე მხარი მეტკინა, ჩემს პარტნიორს - ნიკაპი. ეს საკმაოდ სახიფათო ნომერია და მისი გამეორება არ შეიძლება.
- მოგეწონათ ქართველი მაყურებელი?
- ძალიან გაგვიხარდა, როცა დავინახეთ, როგორ გვიკრავდა ტაშს დარბაზი. ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში.
- რას საქმიანობთ ინდოეთში?
- სტუდენტები ვართ, მალე დიპლომებს ავიღებთ. ასევე, ვმუშაობთ და სხვებს ვასწავლით ამ ხელოვნებას.
- უკვე ფინალისტები ხართ. ელოდით ამ გამარჯვებას?
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. როდესაც ჩვენი სახელი გამოაცხადეს, არ გვჯეროდა. ახლა უკვე შემდგომი ეტაპისთვის ვემზადებით. გაჩვენებთ იმას, რაც აქამდე არ გინახავთ.