- თაკო, სიმღერა რა ასაკში დაიწყე?
- ბავშვობიდან ვმღერი. სენაკში გავიზარდე. 18 წლის ვიყავი, როცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საოპერო ვოკალზე ჩავაბარე. თუმცა ბაკალავრიატის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. საზღვარგარეთ კონკურსებში მონაწილეობა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენს ქვეყანაში რომელიმე პროექტში მონაწილეობა კი არ მინდოდა.
- რატომ?
- კარგ შედეგებს არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ ქუჩიდან თუ მივიდოდი რომელიმე კონკურსში, ეს კარგ შედეგს არ მოიტანდა. „ნიჭიერზე“ კი ძალიან ბევრი ვიფიქრე. ბოლოს მეგობრებმა მთხოვეს, იქნებ სცადოო. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ უკან აღარ უნდა დამეხია. კარმენის არიის შესრულებამ წარმატება კი მომიტანა, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ ნაწარმოებზე არც მიმუშავია. სახლში პიანინოც კი არ მაქვს, რომ მემეცადინა. ყურსასმენებით ვუსმენდი სიმღერას და მხოლოდ ეს იყო პროექტისთვის ჩემი მომზადება.
- სცენაზე გასვლამდე რა მოლოდინი გქონდა?
- მომდევნო ტურში გადასვლის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ოქროს ღილაკს მართლა არ ველოდი. ჟიურის ყველა წევრისგან ველოდი კრიტიკას, რადგან, ალბათ, ცოტა თავდაჯერებულობა მაკლია. სიმღერა რომ დავასრულე და დარბაზიდან და ჟიურისგან ამხელა ემოცია წამოვიდა, იმ წუთევში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ზალიკომ ოქროს ღილაკი რომ გამოიყენა, უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ემოციების გამოხატვა არ მჩვევია, მაგრამ რაღაც დეტალები ახლაც არ მახსოვს.
- ნახევარფინალში ხარ. ალბათ, გამარჯვების იმედიც გაქვს...
- როცა სცენაზე ვდგავარ, თავიდან ვიბადები, მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ და „ჟილკა“ ყოველთვის მაქვს. გამარჯვება ჩემზეა დამოკიდებული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა არც ამის ამბიცია მაქვს. მთავარია, ხალხის სიყვარული დავიმსახურო და შემამჩნიონ.
- როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გაგიგრძელებია. ამჟამად რას აკეთებ?
- კონსერვატორიის მხოლოდ დიპლომი მაქვს, რადგან სოლო კარიერის გაგრძელებას ვერ ვახერხებ. 4 წელია, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაში ვმღერი. გასტროლზე ხშირად გვიწევს გასვლა. ორი კვირაა, რაც ბრიუსელიდან დავბრუნდით. მიხარია, აქტიურად რომ ვარ დაკავებული ჩემს სფეროში. რომ არ ვიმღერო, ალბათ, მოვკვდები. სოლო კარიერის გაგრძელება მინდა. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. როცა სცენაზე მარტო ვდგავარ, მუსიკას სხვანაირად ვგრძნობ.
- რა ხდება შენი მუსიკალური სამყაროს მიღმა?
- 9 წლის შვილი მყავს. საბა ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილია. სამწუხაროდ, მასთან ერთად ცხოვრებას ვერ ვახერხებ. თბილისში არანაირი პირობა არ მაქვს იმისთვის, რომ შვილი გვერდით მყავდეს. ქმარს 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გავშორდი, ჩემი შემოსავალი კი საბას აღზრდისთვის საკმარისი არ არის, რადგან ხელფასი მხოლოდ ქირისა და არსებობისთვის მყოფნის. საბა 4 წლიდან დედაჩემთან, სენაკში იზრდება. როგორც ვახერხებ, ვცდილობ, მის გვერდით ვიყო, მაგრამ ჩემს შვილს დედის სითბო აკლია.
- თბილისში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- თბილისში წლებია, მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შვილი გვერდით მყავდეს.
- მეუღლესთან დაშორების მიზეზი შენი მუსიკალური კარიერა ხომ არ იყო?
- როცა ქალი თავის საქმითაა დაკავებული, ოჯახში ეგოიზმი ჩნდება. კონფლიქტი ხშირად გვქონდა. ჩემი სცენაზე დგომა მეუღლისთვის სასურველი არ იყო, თუმცა ოჯახის დანგრევის მიზეზი მხოლოდ ჩემი მუსიკალური კარიერა არ ყოფილა. 16 წლის ვიყავი, როცა მოტყუებით წამიყვანა. იცოდა, როგორ მიყვარდა სიმღერა. თავიდან ყველაფერზე თანახმა იყო, თუმცა მერე, რომ დაფიქრდა, ცოლის სცენაზე დანახვა არ სიამოვნებდა...
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
- იშვიათად ვხდები, მაშინ როცა შვილი მასთან მიმყავს. ჩემს ყოფილ ქმარს უკვე სხვა ოჯახი ჰყავს.