„ფოლკლორი ძალიან მოდური გახდა და, ფაქტობრივად, სტილი წამართვეს“

  • თბილისელები
  • 3 ივნისი 13:24, 2020 წელი

ეპატაჟური მომღერალი და მოცეკვავე პაატა თედიაშვილი საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ საუბრობს. 

 

„ნაციონალურ შემოქმედებაზე შექმნილი ჩემი ნაწარმოებები საზოგადოებისთვის იმ პერიოდში მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე არაერთი ფოლკლორისტი დამსხმია თავს კულისებში, არაერთხელ გავლანძღულვარ სხვადასხვა გადაცემაში. რაც შეხება ჩემს მეორე ცხოვრებას, ჩიხში შევიდა ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებდი. ფოლკლორი ძალიან მოდური გახდა და, ფაქტობრივად, სტილი წამართვეს. ისე გამოვიდა, რომ მე უინტერესო აღმოვჩნდი არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ შოუებისთვის. არაერთხელ მიმიტანია მათთან პროდუქტი, მაგრამ უთქვამთ, არ ხართ რეიტინგული და თქვენზე დროს ვერ დავხარჯავთო და უარით მისტუმრებდნენ. ამიტომ საჭირო იყო სიახლე, ისეთი, როგორიცაა „სიყვარულის არმია“. მე ზუსტად დავინახე, რომ ეს იყო გზა, რომელიც სხვა ცხოვრებას მოიტანდა, სხვა კარს გამიღებდა. ამიტომ ადამიანს ყოველთვის უნდა შეგეძლოს გარდასახვა. მით უმტეს, როცა ხელოვანი ხარ, არც გახდის უნდა შეგეშინდეს, არც პროვოკაციის. ბევრ ახალგაზრდას უნდა რამე პროვოკაციული გააკეთოს, მაგრამ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაა მზად ამ დარტყმისთვის, მაგალითად, გინებისა და ლანძღვის ასატანად. მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იქნება შოუ, სადაც მე ძალიან განსხვავებულად, პროვოკაციულად და რადიკალურად ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ახალგაზრდა ხელოვანებს სტიმულს მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემოქმედება არ იპყრობს არც მსოფლიოს და შეიძლება არც საქართველოს მწვერვალებს, ეს მათ მისცემს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ასე რომ, არამცთუ მინანია, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავ.


ყველაზე ძალიან მიხარია, როცა ბომბი სკდება. ანუ, ჩემი პროვოკაცია დანიშნულების ადგილამდე აღწევს. არავის უნდა შეეშინდეს გამოხმაურების. ამ დროს ხვდები, რომ შეგიძლია შენი მსმენელის გამოწვევა. ამით სტატისტიკურ მონაცემებსაც ვიგებ, მაგალითად, იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია საზოგადოება და როგორ აზროვნებს ის. ამ ორომტრიალმა გამოიწვია ისიც, რომ ისევ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ამ ფოტოებს რაც შეეხება, არ ესიამოვნათ გახდილი მამაკაცის ნახვა. ზოგს გასაპარსი ფეხები არ მოეწონა, ზოგს მაღალი ქუსლები, ვიღაცას მარაო... რა უნდა ვუპასუხო მათ, ვერ ვხვდები. არასდროს შევდივარ აგრესიულ პოლემიკაში. ყველაფერს მაინც განათლების დაბალ დონესთან და ზედაპირულ დამოკიდებულებებთან მივყავართ“, - ამბობს თედიაშვილი.

წყარო: თბილისელები