ივანიშვილი „ცხინვალში“ და თამაში ევროპის ლიგაზე

  • 16 ივლისი 16:00, 2015 წელი

ცხინვალი კიდევ ერთხელ ჩაიწერა ისტორიაში - ამჯერად საფეხბურთო გუნდი, რომელიც პირველად გავიდა ევროპის ლიგაზე.


აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილში „ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს“ არ ვგულისხმობ...
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია სიმპათიური და კარგი ბიჭი, საფეხბურთო გუნდ „ცხინვალის“ 21 ნომერი, თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი, რომელიც თავისი სპორტული კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ გვიყვება.
ინტერვიუს ბოლოს კი, ტრადიციულად, ფოტოსესიას შემოგთავაზებთ. 


ასაკი: 25
სიმაღლე: 182 სმ
წონა: 80


- ამ გუნდს დიდი ხნის წინ „ცხინვალის სპარტაკი“ ერქვა. ადრე უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა, შემდეგ რაღაც პერიოდში გავარდა და, სულ რაღაც, ორი წელია, რაც უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. გუნდის საპატიო პრეზიდენტია დიმიტრი სანაკოევი, პრეზიდენტი - მურთაზ შელია, სპორტული დირექტორი - გიორგი ქინქლაძე და მწვრთნელი - კახა კაჭარავა. სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ამ გუნდისთვის „ცხინვალის ცხინვალი“ დაერქმიათ, საქართველოს სახელით გამოსულიყო და ტაბლოზეც ანთებულიყო, როგორც „ცხინვალი“.


- ცოტა ხნის წინ „ცხინვალს“ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გქონდათ.
-„ცხინვალი“ კიდევ ერთხელ ჩაიწერა ისტორიაში, რადგან გუნდი პირველად გავიდა ევროპის თამაშებზე.
ევროპის დონეზე თამაში, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, მით უმეტეს, როცა პირველად გადიხარ.
შევხვდით რუმინეთის გუნდ „ბოტოშანს“, რომელიც ძალიან ორგანიზებული და ფიზიკურად კარგად მომზადებულია და სამწუხაროდ, პირველ ტურში გამოგვაგდო.
თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ თამაშებს და ვეცდებით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც წინა წელს მეოთხე ადგილზე გავედით, გაცილებით უკეთესი  შედეგი ვაჩვენოთ. სხვათა შორის, წინა სეზონის დასაწყისში ჩვენს გუნდს უმაღლესი ლიგიდან გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მაყურებლისთვის სენსაცია მოხდა - მეოთხე ადგილზე გავედით. საქართველოს ჩემპიონატში ჩვენს გუნდს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბიუჯეტი ჰქონდა, იყო კიდევ სხვა ხელშემშლელი მიზეზებიც, თუმცა ჩვენმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ძალიან დისციპლინირებულად და კარგად „გაგვზარდა“, როგორც გუნდი და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ.


„ცხინვალამდე“ რომელ გუნდებში გითამაშია?
- ორი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი. 7 წლიდან შვეიცარიაში ვცხოვრობ და იქ „ციურიხსა“ და „ბელინცონაში“ ვთამაშობდი. სამწუხაროდ, დიდი ტრავმა მივიღე - დისკოზი მქონდა და ძალიან დიდი პაუზის გაკეთება მომიწია. თან ისე დაემთხვა, რომ ამ პაუზის დროს „ბელინცონა“ გაკოტრდა და, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი ფეხბურთს აღარ ვთამაშობდი. მერე აქ მურთაზ შელია შემხვდა, მეც უკვე ფორმაში ვდგებოდი და გადავწყვიტე, ამ გუნდში მეთამაშა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ფეხბურთის გარეშე ცხოვრება.


- ფეხბურთით რატომ და რა ასაკში დაინტერესდი?
- ჩემი მამინაცვალი გახლავთ ყოფილი ფეხბურთელი - მიხეილ ყაველაშვილი და სწორედ მან შეიტანა დიდი წვლილი ბავშვობიდანვე ჩემი ფეხბურთით დაინტერესებაში. სანამ ფეხბურთზე შევიდოდი, ჩოგბურთზე დავდიოდი. საერთოდ, სპორტის ძალიან ბევრი სახეობა მომწონს და ვთამაშობ, თუმცა ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (იღიმის).


- როგორც ვიცი, დაოჯახებული ხარ. მოგვიყევი შენს ოჯახზე...
- ჩემი მეუღლე გახლავთ ნინუკა გაბრიჩიძე და, სულ რაღაც, ერთი თვეა, დავოჯახდით. ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახები დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ, მე კი ნინუკა ერთი წლის წინათ გავიცანი. მანამდე მის შესახებ იმდენი მქონდა გაგებული, თითქოს, უკვე ვიცნობდი კიდეც (იღიმის). მოკლედ, ყველაფერი ისე აეწყო, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი ძალიან მალე გადავდგი  და ნინუკა დღეს ჩემი მეუღლეა.


გიორგი, დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ!..


გადაღებები მიმდინარეობდა მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივი“) სტადიონზე.