ნიორი - ზამთრის პერიოდის სწორუპოვარი მკურნალი

  • 20 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

უდავოდ, ნიორი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უპირველესი სასარგებლო პროდუქტია. მისი სამკურნალო თვისებების სრულად შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფართოდ არის ცნობილი ნივრის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ზემოქმედების შესახებ, თუმცა, გარდა ამისა, მისი აურაცხელი სხვა თვისება ერთგვარად ჩრდილშია მოქცეული.


ნიორში დიდი რაოდენობით შედის აზოტი, კალიუმის ნაერთები, ნატრიუმი, მაგნიუმისა და კალციუმის მარილები, სილიკონის, ფოსფორისა და გოგირდის მჟავები, С, В, D ვიტამინები, ფიტოსტერინები, ფიტონციდები, ეთერზეთები. საერთო ჯამში, მცენარე, დაახლოებით, ხუთასამდე სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს, რომელთა გამაჯანსაღებელი მოქმედება ერთობლიობაში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სპექტრს ქმნის.


 


ნიორი მძლავრი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა, რისი წყალობითაც მას არტერიული წნევის დაწევის თვისება აქვს. გარდა ამისა, ნიორი ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ანტიტოქსიკური და ნაწლავურ პარაზიტებთან მებრძოლი ზემოქმედებით გამოირჩევა. მისი გამოყენება მისწრებაა ავიტამინოზის სიმპტომების მოსახსნელად.


ამ ცხარე პროდუქტის გამოყენების მთავარი ეფექტი, როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზმის იმუნური ძალების ამაღლებაში მდგომარეობს. ის უჩვეულოდ სასარგებლოა ორგანიზმის ინფექციური დაავადებებისგან დაცვის მხრივ. მასში შემავალი ნივთიერებები მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს, ინსულტისა და ინფარქტის რისკს ამცირებს და დადებითად მოქმედებს, ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.


ნიორი სელენიუმის ნაერთებს შეიცავს - შესანიშნავ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას უშლის ხელს. რაციონში ნივრის შეტანა ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს. ნიორი შეუცვლელი საშუალებაა მთავარი და პერიფერიული არტერიების დაცობასთან ბრძოლის საქმეში. გარდა ამისა, ის მათ დაბერებასაც აფერხებს.


ნივრის სპეციფიკური არომატი მასში შემავალი გოგირდოვანი ნივთიერებებით არის განპირობებული და ის გარკვეულწილად სასარგებლოცაა. ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს ნივრის მიღებისგან.
სუნთქვის გასაცოცხლებლად სრულიად საკმარისია ნიახურის ღერის, ლიმონის ნაჭრის ან ილის თესლის გაღეჭვა. ბოლოს პირის ღრუში რძე გამოივლეთ და ნივრის არომატიც უკვალოდ გაქრება.


დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების დახოცვის უნიკალური უნარი ნიორს უნიკალური პროდუქტების რიცხვს მიაკუთვნებს. მათ, ვინც გრიპოზული ინფექციების გავრცელებას განსაკუთრებით უფრთხის, ნიორი ყოველდღიური კვების რაციონში უნდა შეიტანონ. უფრო კონკრეტულად, ნიორი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, სპობს საფუარის სოკოს, სტაფილოკოკებს, დიფტერიის ჩხირებსა და დიზენტერიის გამომწვევ მიკრობებს.


ნიორი სხვადასხვა სახით ნაირგვარ მედიკამენტებში გვხვდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მისგან დამზადებულმა პრეპარატებმა საწყის სტადიაზე ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა.



ნივრის უკუჩვენებები


ნივრის გამოყენება სასურველი არ არის: თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების, გასტრიტის, ანემიის, პანკრეატიტის დროს.
მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მწვავე ჰემოროის, ინდივიდუალური აუტანლობის, შარდსასქესო სისტემის დაავადებების შემთხვევაშიც.
მისმა ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა, თავის ტკივილი და ეპილეფსიის შეტევები გამოიწვიოს.
ნივრის მიღება, ასევე, უკუნაჩვენებია ორსულთათვის და ძუძუთი კვების პერიოდში.
იმის გამო, რომ ამ ბოსტნეულს მადის გაძლიერების თვისება აქვს, ის არ უნდა მიიღონ მათ, ვინც დიეტას იცავს.