ქეთევან გალუმაშვილი: „მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა...“

PR კლუბი

22 ივნისი 15:15, 2017 წელი

„ტრენდი ულმობელია - საჭიროა მკვეთრი დიფერენცირება, აქცენტი სპეციფიკურ სეგმენტებზე, კლიენტის მოლოდინების დაკმაყოფილება სპეციფიკური პროექტებითა და შეთავაზებებით... უპირატესობებზე საუბარი მხოლოდ ყავლგასული ლირიკაა,“ - ამბობს PR კლუბის დღევანდელი სტუმარი „ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრის მენეჯერი, პიარკონსულტანტი ქეთევან გალუმაშვილი... 

- დაასახელეთ თქვენი საუკეთესო პერიოდი თქვენ პროფესიაში, რომლითაც ამაყობთ?
- ჯეპრაში საქმიანობა ჩემთვის მრავალფეროვანი, განსხვავებული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და მუდმივი განვითარების, ცოდნის და გამოცდილების მიღების რეჟიმში გამყოფებს. რაც, არც ისე მარტივია.
ეს არის საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ ვისწავლე. უკეთესად დავინახე ჩემი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. შევიძინე პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ვითანამშრომლე ძლიერ გუნდთან, ვიმუშავე საინტერესო პროექტებზე, საინტერესო პარტნიორებთან და ადამიანებთან. ვამაყობ ჩემი საქმით, ჩემი გუნდით და ვამაყობ აქ მუშაობით. თუმცა,  ყველაფერი წინ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია.


- თქვენს რომელ კამპანიას მიიჩნევთ ყველაზე კრეატიულად და ეფექტურად?
- ყველაზე საამაყოა ჩემი საავტორო პროექტი „ტყის კვირეული“. ვიმუშავე როგორც იდეებზე, სლოგანებზე და შინაარსზე, ასევე  განხორციელებაზე. „ტყის კვირეული“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დაკვეთით განვახორციელეთ. ამ კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბდა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაცია“, რომლის მთავარ მიზანს არსებული გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს. „ტყის კვირეულის“ კამპანიაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ვირუსულ კამპანიას „იყიდება ჰაერი“, რომლის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. ჩვენ შევეცადეთ, მოგვეთხრო საზოგადოებისთვის ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. პროექტი „იყიდება ჰაერი“, დარწმუნებული ვარ, ბევრს დააფიქრებდა გარემოსთვის ზიანის აცილების, ტყის შენარჩუნებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემებთან გამკლავებისთვის გზების ძიებაზე.
გარდა თავად სენსიტიური თემისა, როგორიც არის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა, ამ პროექტის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი ასევე კრეატიული და მასშტაბური პროექტების ხელმძღვანელი ვიყავი („მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალი“, „მარგებელი ჰოლდინგის სოფლის მეურნეობის ტურები“, „ნატახტარის ლიმონათისა და ლუდის ტურები“ და ა.შ.), ეს პროექტი ჩემი ცხოვრების იმ ეტაპს დაემთხვა, როდესაც დიდი დაბრკოლების წინაშე ვიდექი. პროექტის განხორციელება კრიზისულ პერიოდში მომიწია. დიდი ძალისხმევა და შრომა ჩავდე, „შვილივით“ შევიყვარე და „გადავარჩინე“. მოკლედ, ეს პროექტი ჩემთვის სულ სხვა განცდა და ემოციაა... მიყვარს!


- როგორ შეაფასებდით თქვენი საქმიანობის შედეგებს?
- როდესაც სამუშაო პროცესში ჩართული ხარ მთელი შემართებით, ძალისხმევით, როცა სწორად გეგმავ და ორიენტირებული ხარ საქმის სრულყოფილად შესრულებისკენ, თავიდანვე შეგიძლია სწორი პროგნოზირება და ანალიზი.  დამერწმუნეთ, ამ დროს სასურველი შედეგი გარანტირებულია!
საქმიანობის შედეგების შეფასებაში ძირითად როლს ასრულებს კლიენტებისგან, ხელმძღვანელობისგან,  თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირი. უკუკავშირი უზრუნველყოფს შემდგომი სამუშაოს დაგეგმვისათვის აუცილებელ ინფორმაციას და ასევე მოტივაციას. ამიტომ, ყოველთვის მზად ვარ და ღია ყველანაირი შეფასებისთვის, იქნება ეს პოზიტიური თუ პირიქით. ამ სფეროში ათწლეულია ვარ და ეს გამოცდილება უკვე ბევრწილად განაპირობებს შედეგს.


- ვინ არიან თქვენი გუნდის ამჟამინდელი წევრები, რა არის მათი როლი?
- შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ვმუშაობ იმ გუნდთან ერთად, რომლისთვისაც საქმისადმი თავდადება, ერთგულება და შრომისმოყვარეობა არის ძირითადი პრიორიტეტი. ყოველი საქმე, ახალი პროექტი, რომელზედაც ერთად ვმუშაობთ  ჩვენთვის სასიამოვნო და საპასუხისმგებლო პროცესია. ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით, ვეხმარებით და ამ პროცესში ვიზრდებით.
ყოველი თანამშრომლის  წარმატებული პროექტი ახალ ცოდნას გვძენს და ჩვენთვის მაგალითი ხდება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო გუნდის წევრი ვარ, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქმნის ახალ პერსპექტივებს.

- რას გააკეთებთ, თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება თქვენს პიარსტრატეგიას?
- როდესაც ვამზადებ საპროექტო წინადადებას, წინასწარ ვეცნობი დამკვეთის მიზნებსა და ამოცანებს, ვაკვირდები ზოგად ტენდენციებს და ვაგროვებ ინფორმაციას ბაზრის წილის, მისი თავისებურებების და კონკურენტების შესახებ... როდესაც ნაფიქრი და დასაბუთებული გაქვს ყველა ასპექტი - შესაბამისად, ეს დასაწყისია ეფექტური სტრატეგიისთვის.
მართალი გითხრათ, ასეთი რადიკალური წინააღმდეგობის შემთხვევა არ მქონია პრაქტიკაში. ალბათ იმიტომ, რომ გაცილებით დიდ ძალისხმევას და სამუშაოს ვასრულებ საწყის ეტაპზე. ეს ჩემი ხასიათის თვისებაა - მაქსიმალიზმი - მაქსიმალური მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, პროექტის გუნდის მიმართ, კლიენტის მიმართ. როდესაც არის შემთხვევები ე.წ. „წინააღმდეგობებისა“, კლიენტთან ერთად ვაკორექტირებთ და შეგვაქვს გარკვეული ცვლილებები ტაქტიკურ მონახაზში თუ საპროექტო წინადადებაში, მაგრამ ეს ხდება ძირითადი სტრატეგიული ხაზის დაზიანების გარეშე.


- დაუსვამთ თქვენთვის ასეთი კითხვა: რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?
- ისეთ თემას შევეხეთ, რომელიც რატომღაც მუდმივად განსჯის და დავის საკითხია. ვერ ვხვდები, რატომ ადარებენ ერთმანეთს?
თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების განვითარებამ ეს ე.წ. დილემა ნონსენსად აქცია. როცა Big Data-ს ანალიზისა და მისი გამოყენების უსაზღვრო შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, კითხვა სულ სხვაგვარად უნდა დავსვათ: მასობრივი კასტომიზაციის ერაში, როგორი საშუალებებით მოვახდინოთ მომხმარებლის გონებამდე და გულამდე მიღწევა. ეს არის გამოწვევა და არა, ერთი ტანკი აჯობებს თუ ორი.
დღეს კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის არ არის მარტივი პერიოდი. ცვლილებები იმდენად სწრაფი და მყისიერია, რომ კომუნიკაციის ბაზრის უპირობო ლიდერებიც კი ვერ ასწრებენ ადაპტაციას. ინტერნეტ ტექნოლოგიები იწვევს მომხმარებლის ქცევისა და მენტალობის ცვლილებას, დამოკიდებულებების სისტემის გადაფასებას. ის, რაც გუშინ საამაყო მიღწევა იყო, დრომოჭმული მიდგომა ხდება დღეს. პროქტერ ენდ გემბლის „ჭეშმარიტების პირველი მომენტი“, ანუ მომხმარებლის ბრენდთან შეხვედრის პირველი 3-7 წამი, როდესაც ის გადაწყვეტილებას იღებს, გუგლმა „ჭეშმარიტების ნულოვან მომენტამდე“ დაიყვანა. ის, რაც 2004 წელს უნიკალურ ნოუ-ჰაუდ ითვლებოდა, უკვე ხუთ წელიწადში მნიშვნელობით დაკნინდა.
ასეთ დროს, ეტაპზე, როდესაც კარდინალური ცვლილებები ხდება, იმარჯვებენ მხოლოდ ერთი კატეგორიის კომპანიები - ძალიან სწრაფები. ისინი, რომლებიც ადაპტაციისა და ახალი გარემოსადმი შეგუების, ბაზარზე წინსვლის მიმართულებისთვის მზად არიან.
აი, ეს საერთო აქვთ პიარსა და რეკლამას - გაუძლოს დროის ასეთ გამოწვევას. ტრენდი ულმობელია - საჭიროა მკვეთრი დიფერენცირება, აქცენტი სპეციფიკურ სეგმენტებზე, კლიენტის მოლოდინების დაკმაყოფილება სპეციფიკური პროექტებითა და შეთავაზებებით. განსხვავებულობასა თუ უპირატესობებზე საუბარი, კითხვაცა და პასუხიც, მხოლოდ ყავლგასული ლირიკაა.


- რა გზა გაიარეთ ჯეპრამდე?
- ჯეპრაში მუშაობის დაწყებამდე სხვადასხვა სფერო და სამსახური გამოვიცვალე. ვმუშაობდი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ხარისხის მართვის მენეჯერი, უფროსი სოციალური აგენტი, ლიცენზირების და აკრედიტაციის სამმართველოს ექსპერტი, კადრების შერჩევის მენეჯერი და ა.შ. პოზიციებზე...
ყველგან მოვსინჯე თავი... 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს!
6 წელი ვიმუშავე ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო კომპანიაში სარეკლამო აგენტად, მერე პროექტებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად და ხარისხის მართვის მენეჯერად.  მაგრამ რეკლამა - ჩემი არაა..
ჯეპრაში უკვე 10 წელია, პიარ კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობ. ეს სხვა გამოცდილება, სხვა ურთიერთობა და სხვა კომპეტენციაა.  ამ სფეროში მუშაობამ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების საშუალება მომცა.
პიარის სფეროში მუშაობა ძალიან დიდ ენერგიას, ხშირად ღამის თენებას, შაბათ-კვირა მუშაობას მოითხოვს. ხდები სტრესგამძლე, ხანდახან  ხისტიც, თუმცა საერთო ჯამში მოქნილი.
ეს ის სფეროა, რომელსაც თავს ვერ ანებებ. მეც ასე ვარ - ვერ ველევი! ვფიქრობ, რომ სწორი გზა ავირჩიე.


- გაქვთ თუ არა ტრენინგების ჩატარების ან მენტორობის გამოცდილება?
- არ შევხებივართ ამ თემას - სპეციალობით ვარ შრომის ორგანიზაციული  ფსიქოლოგი. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ადამიანური რესურსების მენეჯერი. მაქვს გარკვეული გამოცდილება კადრების შერჩევასა და კონსულტირებაში. ასევე ვარ  კომუნიკაციების სერტიფიცირებული ტრენერი, სხვადასხვა ტიპის ტრენინგის ჩატარების  პრაქტიკით.
რაც შეეხება, ჩემი მენტორობის გამოცდილებას, უკვე მესამე წელია ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარსკოლის პროექტების მენტორი. სხვა ჯეპრელებთან ერთად მიწევს მუშაობა პიარ სკოლის სტუდენტებთან სხვადასხვა საპრეზენტაციო თემაზე, საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირებასა და საპროექტო წინადადების მომზადება-პრეზენტირების სწავლაში.
როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, მენტორის საქმიანობაც საჭიროებს გარკვეულ პროფესიულ მახასიათებლებს. უმთავრესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს საპრეზენტაციო პროექტის ხარისხს და წარმატებას, ძალიან ხშირად სწორედ მენტორის პიროვნება, მისი პროფესიონალიზმი - ცოდნა, უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლებია.  სწავლების პრინციპების ცოდნა, ჯგუფის მართვის უნარი, სხვადასხვა ასაკის და ტიპოლოგიური თავისებურებების მქონე ადამიანებთან უკონფლიქტო, კომფორტული ურთიერთობის, მოსმენის და ინფორმაციის გასაგებად გადაცემის უნარი - ეს მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რომელიც მენტორს უნდა ჰქონდეს. მენტორს უნდა შეეძლოს ჯგუფში საჭირო ემოციური განწყობის და სასწავლო მოტივაციის შექმნა, გაზიარება ყველაფერი იმისა, რაც მოეთხოვება პიარის თანამედროვე სპეციალისტს და რაც აუცილებლად უნდა იცოდეს კურსდამთავრებულმა.
გარდა პროფესიული გამოცდილებისა, პიარ სკოლამ გამაცნო ბევრი საინტერესო ადამიანი. ეს არის ძალიან მეგობრული და მრავალფეროვანი ურთიერთობები. პიარ სკოლა არის ურთიერთობა!


- რა არის ყველაზე საინტერესო პიარ სფეროში მუშაობაში. რას გააუმჯობესებდით?
- ეს სფერო არ გაძლევს საშუალებას გაჩერდე, დარჩე ერთ ადგილას. მუდმივ აზარტში,   ძიებაში, განვითარებასა და მოქმედებაში ხარ.  სულ მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა იყო.  მოკლედ, სულ მზად ხარ!
ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა ბიზნეს და პოლიტიკურ პიარზეა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და სპეციალობა განვითარების მზარდ სტადიაშია. ჩემი დიდი სურვილია და ვფიქრობ კიდეც, რომ რაც უფრო ჯანსაღი იქნება კონკურენცია კომპანიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და რაც უფრო გააცნობიერებენ იმიჯისა და რეპუტაციის მნიშვნელობას წარმატების მიღწევის საქმეში,  მით უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა და საჭიროება პიარის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე.


- ჯეპრამ კომპეტენციის ცენტრი შექმნა. რა არის ეს - ახალი პროდუქტი, ახალი სერვისი? რას გეგმავთ ამ მიმართულებით?
- სტრატკომი არის მოწინავე იდეების გაცვლისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპეტენციის ცენტრი. ეს არის სივრცე, ერთგვარი პლატფორმა, სადაც კერძო და საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მედიას აქვს შესაძლებლობა დაგეგმოს და განახორციელოს აქტუალური თემის განხილვა ნებისმიერი ფორმატით. მოაწყოს შეხვედრები აზრის ლიდერებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და მათთვის მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლებს შორის.
ვგეგმავთ დღეს აქტუალური საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსიების მოწყობას, როგორიცაა საჯარო-კერძო პარტნიორობა (PPP) და საჯარო ფინანსირების ინიციატივა (PFI).
სტრატკომის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტარტაპების მხარდაჭერა. მათ შევთავაზებთ კომპლექსურ სერვისს - იდეის დაბადებიდან მის მომგებიან რეალურ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე.
კომპეტენციის ცენტრი ღიაა ყველა მომხმარებლისთვის. გარემოზეც შესაბამისად ვიზრუნეთ: ეს არის თანამედროვე დიზაინით შექმნილი, ხელმისაწვდომი და თავისუფალი სივრცე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?