ჟურნალისტიკა ჩემი არ იყო
გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა ჟურნალისტობა. პირველი ჩემი სამსახური იყო საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, მაშინ მე-11 კლასში ვიყავი. მინდოდა, რეალურად გამეგო, რა არის ჟურნალისტიკა. იმ სამ თვეში მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია უნდა გამხდარიყო და ჩავაბარე კიდეც.
პირველივე კურსიდან კვლავ საინფორმაციო სააგენტო „პირველში“ გავაგრძელე მუშაობა. მეორე კურსის დასაწყისში მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა ჩემი საქმე არ არის... ამას თან დაემატა ისიც, რომ დედაჩემი უკვე წლებია, პიარტექნოლოგია და ამ სფეროსთან, ასე თუ ისე, რაღაც შეხება მქონდა. გადავწყვიტე, პიარს გავყოლოდი.
პიარსკოლა და ახალი სამსახური
მუშაობა დავიწყე ამერიკულ კომპანიაში, რომელიც ჭიათურის მარგანეცსა და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას მართავდა. 6 თვე ვიმუშავე და, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდილება ამ სამსახურმა მომცა.
იქ სულ კრიზისული სიტუაციები იყო.
ამის შემდეგ სტუდია „ანატომიაში“ გადავედი. ვმუშაობდი გადაცემა „ანატომიაზე“ და პარალელურად სარეკლამო კომპანია „პიკარტში“ ივენთმენეჯერი ვიყავი.
ამასობაში უნივერსიტეტი დავამთავრე და ჯეპრას პიარსკოლაში ჩავაბარე.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ამ სკოლის არაჩვეულებრივ ლექტორებს, რომლებმაც მართლაც ბევრი რამ მასწავლეს. პიარსკოლა დავამთავრე და „ლა ფემილიში“ დავიწყე მუშაობა.
„ლა ფემილი“ - ერთი ოჯახი
ეს აბსოლუტურად განსხვავებული სამსახურია. აქ გასაუბრებით სწორედ მაშინ მოვხვდი, როდესაც იქმნებოდა ლოგო, სახელი... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პერიოდში მომიწია მოსვლა და მეც მივიღე მონაწილეობა ამ პროცესებში. ძალიან მიყვარს ეს კომპანია. ჩვენი სლოგანია „ოჯახი ირჩევს ლა ფემილის“, აქ ნამდვილად ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.
ჩემი დილა ყავითა და აქ მოსვლით იწყება. აქედან როდის გავდივარ, მაგას ვერ გეტყვით. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია. საქმე მოითხოვს, რომ ყოველდღე რაღაც ახალი შევთავაზო მომხმარებელს, სხვანაირად არ გამოდის.
თავისუფალ დროს ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ვატარებ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა და თუკი ვინმე ცნობილი შემსრულებელი ჩამოდის, მის მოსასმენად აუცილებლად მივდივარ.