დღის დედოფალია 20 წლის ნანო ლომინაძე.
სიძე - 20 წლის ბაჩი ფიფია.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია, პირველად ერთმანეთს ანაკლიაში, ზღვისპირას შეხვდნენ.
სოციალურ ქსელში მალევე დამეგობრდნენ, თუმცა თავიდან აქტიური კონტაქტი არ ჰქონიათ.
ერთ დღესაც ბიჭმა, უბრალოდ, მოიკითხა გოგო და ამბავიც დაიწყო...
შეყვარებულების ამპლუაში 5 თვე გაატარეს.
ქორწინებაზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა არ ჩქარობდნენ.
ერთ საღამოს იკამათეს.
2 დღეში კი კუს ტბაზე უნივერსიტეტის წვეულება იმართებოდა, სადაც ერთად უნდა წასულიყვნენ...
ბაჩიმ ნანოს სთხოვა, წვეულებაზე ასვლამდე, ბარში წაჰყოლოდა, სადაც მშვიდად დასხდებოდნენ და დაილაპარაკებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ბიჭს მაგიდა უკვე დაჯავშნილი ჰქონდა.
გოგო დასთანხმდა.
უცებ ბარში ფოიერვერკის ხმა გაისმა, მუსიკა აჟღერდა და კარში ბაჩის მეგობრები გამოჩნდნენ, ყვავილებით ხელდამშვენებულები.
ნანომ გაიფიქრა, რომ კამათის შემდეგ ბაჩი ასეთი სიურპრიზით სთხოვდა შერიგებას, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ იყო... ბიჭმა ხელი პიჯაკის გულის ჯიბისკენ წაიღო და ემოციებისგან აცრემლებული გოგოს წინ ჩაიმუხლა...
ძალიან მალე ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს და ხელი სწორედ იქ მოაწერეს, სადაც ერთმანეთი პირველად დაინახეს.