დღის დედოფალია 22 წლის ნატა ჯაოშვილი, ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი.
სიძე - 22 წლის გეგა ქორიძე, იურისტი.
ერთმანეთი 10 წლის წინათ სკოლაში გაიცნეს. მაშინ მეშვიდეკლასელები იყვნენ და ერთ კლასშიც სწავლობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში საკმაოდ ცოტანი იყვნენ, მთელი წლის მანძილზე გამარჯობაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.
2008 წელს ნატა ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და მისი და გეგას ურთიერთობაც სრულიად გაწყდა.
2009 წელს, ახალი წლის ღამეს, ნატას ტელეფონზე საქართველოდან ზარი შევიდა. გეგამ დაურეკა ახალი წლის მისალოცად. მის ზარს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელოდა ნატა, თუმცა უზომოდ გაუხარდა.
მას შემდეგ დღე არ გასულა, ერთმანეთს რომ არ შეხმიანებოდნენ. საათობით ისე ლაპარაკობდნენ, წამითაც არ იღლებოდნენ, თუმცა მაინც ძნელი იყო ამერიკიდან საქართველოში 9 საათის განსხვავებით კონტაქტი. სულ ღამეებს ათენებდნენ. ძალიან დიდ წერილებს უტოვებდნენ ერთმანეთს დილისთვის, უყვებოდნენ, როგორ ჩაიარა დღემ და რა მოხდა საინტერესო.
ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში ნატა, თუმცა ეს ხანმოკლე არდადეგები მონატრებას ვერ უმკლავდებოდა.
15 წლისებმა გადაწყვიტეს, შორ მანძილზე ურთიერთობა ეცადათ, ეს კი იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ, თუმცა შეძლეს და ურთიერთობა შეინარჩუნეს.
ნატამ სკოლა რომ დაამთავრა, გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო და აქ ცხოვრება ეცადა. საოცრად გაუჭირდა ყველაფერთან შეგუება, მაგრამ გეგა გვერდიდან არ მოშორებია და ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.
თითქმის ერთად გაიზარდნენ, ყველა ცხოვრებისეული ნაბიჯი ერთად გადადგეს, რამაც ძალიან დააახლოვათ ერთმანეთთან. გეგა და ნატა არ არიან მხოლოდ მეუღლეები, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ერთად ისწავლეს ცხოვრება. „ალბათ, მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება“, - აღნიშნავს წყვილი.