რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა უცხოეთში მოგზაურობის წინ?

რჩევები ავტომოყვარულებს

26 ივლისი 22:00, 2016 წელი
134

თუკი უახლოეს მომავალში უცხოეთში ავტომობილით მოგზაურობას გეგმავთ, რამდენიმე ფაქტორი გექნებათ გასათვალისწინებელი, რათა კომფორტულადაც იგრძნოთ თავი და ჯარიმებსაც ასცდეთ. სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში მინიმალური ჯარიმა 150 ევრომდე აღწევს. 


გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- ბატონო ლაშა, პირველ რიგში, რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა ავტომობილით მოგზაურობის დაწყებამდე?
- ავტომობილით შორ მანძილზე გამგზავრებისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ავტომობილის შემოწმებით, დოკუმენტაციის მოწესრიგებით და იმ საჭირო ნივთების მოგროვებით, რომლებიც მოგზაურობის დროს მძღოლს ავტომობილში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.


- კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ავტომობილის შემოწმება?
- რაც არ უნდა დარწმუნებული იყოს მძღოლი, რომ მისი ავტომობილი აბსოლუტურად გამართულად მუშაობს, უნდა შეიაროს ავტოსერვისში და გადაამოწმოს:
- სამუხრუჭე სისტემა;
- წნევა საბურავებში;
- ზეთის ხარისხი და დონე ძრავსა და გადაცემათა კოლოფში;
- სამუხრუჭე სითხის დონე და ჰიდრავლიკური სისტემა;
 - გამაგრილებელი სითხის ხარისხი და დონე;
- განათების სისტემები;
- საქარე მინის ავზში სითხის ოდენობა და შუშის მწმენდის გამართულობა;

ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეთ:
- პირველადი დახმარების სააფთიაქო ყუთი;
- ბავშვის სავარძელი (თუკი სამოგზაუროდ ბავშვთან ერთად მიდიხართ);
- ცეცხლმაქრი, საბუქსირე გვარლი, საბურავის მოსახსნელი ქანჩ-გასაღები, დომკრატი და სათადარიგო საბურავი, ავტომობილის მცირე შეკეთებისთვის ქანჩ-გასაღების კომპლექტი, სათადარიგო ნათურები მაშუქებისთვის, ავარიული გაჩერების ნიშანი და ავტომობილის სპეციალური კომპრესორი საბურავის გასაბერად.

გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყველა სისტემის სწორი ფუნქციონირება, შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთის დროს უარის მიღების მიზეზი აღმოჩნდეს: სარკეზე ან საქარე მინაზე გაჩენილი ბზარები, უსაფრთხოების ღვედების არარსებობა, გაფუჭებული წყლისმფრქვეველები, დაზიანებები ძარაზე და მსგავსი გაუმართაობები.


ასევე, სასურველია, მძღოლი ყურადღებით გაეცნოს იმ ქვეყნის საგზაო მოძრაობის წესებს, სადაც მოგზაურობა აქვს დაგეგმილი. ერთი შეხედვით, მძღოლს შესაძლოა, წვრილმანი გაუგებრობა შეემთხვეს გზაჯვარედინზე, მაგრამ ეს ფაქტი, დიდი შანსია, სოლიდური ჯარიმის ან ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს.

- რა სახის დოკუმენტებია საჭირო ავტომობილით მოგზაურობის დაწყებამდე?
- გარდა იმისა, რომ მძღოლს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პასპორტი და იმ ქვეყნის ვიზა, რომელშიც მიემგზავრება, ასევე, აუცილებელია საერთაშორისო მართვის მოწმობა და, სავარაუდოდ, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა.
იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლს აქვს ვადიანი მართვის მოწმობა, საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მომსახურების სააგენტოში, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, შესაძლებელია სამწლიანი საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება. იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლს აქვს ძველი მართვის მოწმობა, აუცილებლად უნდა შეცვალოს ახლით, რისთვისაც მას მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა დასჭირდება. შემდეგ კი, ახალი მართვის მოწმობის საფუძველზე, სულ რაღაც, 15 წუთში შეუძლია მიიღოს საერთაშორისო მართვის მოწმობა. თუკი მძღოლი ავტომობილს მინდობილობის საფუძველზე მართავს, საჭიროა, მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება, რათა საზღვრის გადალახვის დროს პრობლემები თავიდან აიცილოს.


- აქვს თუ არა „თეგეტა მოტორსს“ რაიმე სახის შეთავაზება მომხმარებლისთვის ავტომობილის კომპლექსური შემოწმების დროს?
- „თეგეტა მოტორსი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს ახალ აქციას: „თეგეტა ქარდის“ მფლობელებს, ნებისმიერი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ბარათზე გაოცმაგებული ქულები ერიცხებათ, რომლებიც შეუძლიათ, „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში გამოიყენონ. 


საინტერესო რჩევები ავტომობილით მოგზაურობის დაწყებამდე:
- ევროპის ქვეყნებში პარკირების ადგილების უმეტესობა ფასიანია;
- საავტომობილო გზებისა და გვირაბების უმეტესობის საფასური უნდა გადაიხადოთ სპეციალურ ჯიხურებში, შესვლისა და გამოსვლის დროს;
- მობილური ტელეფონით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ გარნიტურების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თვითონ მობილური მოწყობილობა უნდა დამაგრდეს მართვის დაფაზე;
- სიჩქარის უმნიშვნელო გადამეტებაც კი შესაძლოა, სერიოზული ჯარიმის მიზეზი გახდეს;
- მაშუქების ციმციმისა და არასაავარიო სიტუაციებში დასიგნალების შემთხვევაში ჯარიმა სოლიდურია;
- შუშების დამუქება ან თუნდაც მცირედი დაზიანება და „ანტირადარები“ კატეგორიულად იკრძალება;
- უკანა შუშაზე სასურველია, მიაკრათ სტიკერი, წარწერით GE.
- საგზაო პოლიციის თანამშრომლები ხშირად ხუჭავენ თვალებს ტურისტების მცირე შეცდომებზე, მაგრამ არასდროს შესთავაზოთ მათ „საკითხის მშვიდობიანად მოგვარება“ - ამ მუხლთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში სისხლის სამართლის კოდექსი საკმაოდ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს.