როგორ შევარჩიოთ ანტიფრიზი?

რჩევები ავტომოყვარულებს

21 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი
413

რა ფერის უნდა იყოს ხარისხიანი ანტიფრიზი? რას ნიშნავს ანტიფრიზში ქაფის წარმოქმნა? უნდა გაზავდეს თუ არა წყალთან? როგორ ჩავასხათ სწორად? - ამ კითხვებზე პასუხი არამარტო დამწყები, ბევრი გამოცდილი მძღოლისთვისაც აუცილებლად საინტერესო იქნება...

დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.


- ბატონო ლაშა, რა დანიშნულება აქვს ანტიფრიზს?
- ძრავის შიდა წვის მუშაობის დროს დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა. იმისთვის, რომ ძრავი არ გადახურდეს, ავტომობილს აქვს გაგრილების სისტემა. ამ სისტემის მთავარი ელემენტი რადიატორი გახლავთ, რომელშიც გრილდება ძრავის გაგრილების სითხე. სწორად შერჩეული და  ხარისხიანი ანტიფრიზი ძრავის გაგრილების სისტემის ხანგრძლივად მუშაობის სრული გარანტია.  


- დასაშვებია თუ არა ავტომობილში ჩვეულებრივი წყლის ჩასხმა?
- ამას ხშირ შემთხვევაში აკეთებენ გამოუცდელი მძღოლები, რაც დიდი შეცდომაა, რადგან  წყალი წარმოქმნის კოროზიას და ნადებს, რაც აფუჭებს თერმოსტატს, წყლის პომპასა და რადიატორს. 


- საყოველთაო აზრი მაინც ისეთია, რომ ანტიფრიზი ზამთარშია საჭირო, რადგან, ძირითადად, ძრავს იცავს გაყინვისგან?
- გეთანხმებით, ანტიფრიზი ძრავს გაყინვისგან იცავს, თუმცა ანტიფრიზი უფრო მეტად ზაფხულშია აუცილებელი, რადგან მისი დუღილის ტემპერატურა დახურულ სივრცეში 130 გრადუსია და ის იცავს ძრავს გადახურებისგან. ასევე, ანტიფრიზის დანიშნულებაა გაგრილების  სისტემაში დეტალების შეპოხვა, რაც ახანგრძლივებს მათი მუშაობის რესურსს. ძრავის გაგრილების სისტემა შედგება 2 ძირითადი არხისგან: ვიდრე ძრავი ცივია, წყლის პომპა ატრიალებს გაგრილების სითხეს მოკლე წრედით, ხოლო როცა  თერმოსტატი 75 გრადუს ტემპერატურას მიაღწევს, სითხე იწყებს ტრიალს დიდ წრეზე და გრილდება რადიატორში.


- რას მივაქციოთ ყურადღება ანტიფრიზის შეძენისას?
- იმისთვის, რომ ავტომობილში გაგრილების სისტემა გამართულად მუშაობდეს, მძღოლებმა უნდა ჩაასხან სწორად შერჩეული და ხარისხიანი ანტიფრიზი. შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციონ არა ფერს, არამედ მახასიათებლებს. ანტიფრიზის კონცენტრატი, ძირითადად, არსებობს ორი ტიპის: G11, რომელიც განკუთვნილია ძველი ტიპის ავტომობილების ძრავებისთვის და G12 , რომელიც გამოიყენება თანამედროვე ავტომობილების ძრავების გასაგრილებლად. ასევე, საავტომობილო ბრენდების ჯგუფისთვის არსებობს  G13 ტიპის ანტიფრიზი.

-
ანტიფრიზის ავტომობილში ჩასხმასაც განსაკუთრებული წესები აქვს?
- რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ კონცენტრატის ჩასხმა, რადგან ის შეიცავს მჟავას და შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ძრავი. ავტომობილში გაზავებული ანტიფრიზი უნდა ჩაისხას. კონცენტრატის აუცილებლად უნდა გაზავდეს გამოხდილ წყალთან - 50/50 შეფარდებით. ეს პროცენტული  თანაფარდობა რეკომენდებულია ავტომწარმოებლების მიერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ძრავის გაგრილების ისეთ სითხეს, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნას როგორც ზამთარში, ყინვის დროს, ასევე ზაფხულში, მაღალ ტემპერატურაზე ძრავის მუშაობის პირობებში. პირველ რიგში, მძღოლმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს, ასხია თუ არა ავტომობილში ანტიფრიზი ან თუკი ასხია, რამდენად ხარისხიანია. თუკი ავტომობილში ხარისხიანი ანტიფრიზი ასხია და მას მხოლოდ დამატება სჭირდება, ამ პროცესს მძღოლი თავადაც მარტივად გაუმკლავდება, ხოლო თუკი შენიშნავთ, რომ ავტომობილში ჩასხმული ანტიფრიზი უვარგისია ან საერთოდ არ ასხია, ამ შემთხვევაში აუცილებელია და ყოველთვის სჯობს, პროფესიონალებს მიმართოთ.


მოკლე რჩევები, რომლებიც გამაგრილებელი სითხის შეძენის დროს დაგეხმარებათ:
- გამაგრილებელი სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე.
- კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, რომელშიც ანტიფრიზი ასხია - გამაგრილებელი სითხე ძალიან არ უნდა აქაფდეს. თუ მცირედი ქაფი  აქვს, ისიც რამდენიმე წამში უნდა გაქრეს.
- გამაგრილებელ სითხეს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი, ხოლო ხუფზე აუცილებლად უნდა იყოს ქარხნული პლომბი.
- ანტიფრიზი არსებობს სხვადასხვა ფერის, თუმცა, ფერების სხვაობა ხარისხის სხვაობაზე არ მიუთითებს. ეს, უბრალოდ, მწარმოებლის მიერ მიცემული ფერებია. - ხარისხიანმა ანტიფრიზმა ექსპლუატაციის პერიოდში ფერი მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ოდნავ გამუქდეს, მაგალითად, ვარდისფერი გაწითლდეს, ცისფერი გალურჯდეს და ა.შ.
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ფერის ანტიფრიზის ერთმანეთში შერევა. ასევე, დაუშვებელია ერთი ფერის, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებლის ანტიფრიზის შერევა.