1. გლიცერინს მტვრის „არეკვლის“ თვისება აქვს. ამ თვისების წყალობით, გლიცერინიანი ნაჭრით გაწმენდილ ავეჯსა და სარკეს მტვერი დიდხანს არ ეკარება.
2. გლიცერინს ტყავის აღდგენის ფუნქცია აქვს. წაუსვით გლიცერინი ტყავის ქურთუკის, ხელჩანთის ან ხელთათმანების გაცვეთილ ადგილებზე და დეფექტი თითქმის შეუმჩნეველი გახდება.
3. გლიცერინს ძველი და რთულად ამოსაყვანი ლაქების მოცილება შეუძლია. ამისთვის დალაქავებული ადგილი გლიცერინში ერთი საათით უნდა გააჩეროთ და შემდეგ ოდნავ მარილიან წყალში გაავლოთ.
4. გლიცერინი ყავისა და ჩაის ახალ ლაქებსაც აცილებს. ამისთვის დალაქავებულ ადგილზე გლიცერინისა და მსხვილი მარილის ნაზავი უნდა წაუსვათ. როგორც კი ლაქა გაუფერულდება, ქსოვილს გლიცერინიანი ნაზავი მოაცილეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
5. გლიცერინი თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ყოველი დაბანის წინ ამ ჯადოსნური სითხის რამდენიმე წვეთი შამპუნში გაურიეთ და თმა გაცილებით მბზინავი და დამყოლი გახდება.
6. გლიცერინი თქვენს იატაკს სარკესავით კრიალას გახდის. შეურიეთ ცოტაოდენი გლიცერინი თბილ წყალში და პარკეტი ან ლამინატი მორეცხეთ. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.
7. გლიცერინიანი ხელის მალამოები კოსმეტიკის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ის ზამთარში ხელებს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი პრობლემურ კანს ამშვიდებს და სიწითლესა და ქავილს აცხრობს. გაითვალისწინეთ, რომ გლიცერინიან მალამოზე ნაკლებად ეფექტური არც თბილი აბაზანებია. თბილ წყალში რამდენიმე წვეთი გლიცერინი ჩააწვეთეთ და ხელები რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
8. გლიცერინი დიდი ხანია კოსმეტიკურ წარმოებაში გამოიყენება. კოსმეტიკური კომპონენტების ევოლუციის მიუხედავად, ის მწარმოებლებში ჯერ კიდევ პოპულარულია. საქმე ის გახლავთ, რომ გლიცერინს უნიკალური თვისება აქვს - ის სწრაფად შეიწოვს სისველეს და ხანგრძლივად ინახავს მას. სახეზე თუ წაისვამთ, ის კანზე უხილავი, დამცავი ფენის სახით, დიდხანს დარჩება. სწორედ ეს ფენა ახერხებს ჰაერიდან წყლის მიკროსკოპული მოლეკულების მიზიდვას და ამგვარად, კანის დატენიანებას.