მსოფლიოს 8 უძველესი და გაუპიარებელი ქალაქი

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 17:00
355

თუ ტურისტული „პაპსა“ უკვე მოგწყინდათ, მაშინ გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე რამდენიმე უძველეს ქალაქს, რომელიც ტურისტების ფართო მასებისთვის უცნობია.


  • გნებავთ ბევრი კარგად შემონახული და ლამაზი სიძველე - გაემგზავრეთ ინდოეთში.  დიახ, იქ ტაჯ-მაჰალის გარდა, კიდევ ბევრია სანახავი. კერძოდ, სოფელ ჩანდიში შემონახულია ადრებუდისტური არქიტექტურის მონასტრები, ტაძრები და სტუპები (ქვის ანდა მიწის ბორცვი, სადაც ბუდისტები სიწმინდეებს ინახავენ). აქ მთავარი ღირსშესანიშნაობა ისტორიაში პირველი დიდი სტუპაა, რომელიც იმპერატორ აშოკას დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ააგეს. სანჩი ბუდისტური ხელოვნების მთავარ ცენტრად XII საუკუნემდე რჩებოდა.

  • ინდოეთის მთელი სამხრეთი 1336 წლიდან XVII საუკუნის შუა ხანებამდე უძლეველ ვიჯაიანაგარის იმპერიას ეკავა. ვიჯაიანაგარის ყოფილი დედაქალაქის ადგილას, უძველესი ნანგრევების ზედ შუაგულში ახლა სოფელი ჰამპი მდებარეობს. ნაგებობები კარგადაა შემონახული, ხოლო ვირუპაშკის ტაძარი ახლაც მოქმედია.

  • ვისაც უფრო შორეულ კუთხეებში სურს გამგზავრება, მაშინ სამხრეთ ამერიკას, უფრო სწორად, პერუს ჩრდილოეთს შემოგთავაზებთ. ინდიელთა სახელმწიფო ჩიმორი, ჩიმუს კულტურის ცენტრი 1240-1470 წლებში, ახლანდელი ქალაქ ტრუჰილიოს რაიონში არსებობდა. ქალაქის კედლები, ორნამენტებიანი დარბაზები და ქანდაკებები საკმაოდ კარგად არის შემონახული. ახლა მას სპეციალური ფენით ფარავენ რათა  სამხრეთამერიკული კლიმატის ზემოქმედებისგან დაიცვან. ასე რომ, იჩქარეთ, სანამ კიდევ რაიმე დარჩა სანახავი.

  • ნუ იჩქარებთ პერუს დატოვებას. აქ კიდევ ერთი უძველესი კულტურის ცენტრია - ქალაქი კარალი (ანდა კარალ-სუპე) ბარანკას პროვინციაში. აქ მართლაც გაიგებთ, რას ნიშნავს სიტყვა „ნანგრევები“. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება ნორტე-ჩიკოს კულტურის მასშტაბების აღქმა. ეს კულტურა კოლუმბიამდელი ამერიკის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. კარალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600-2000 წლებში იყო დასახლებული. ქალაქის კომპლექსი 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. უშუალოდ კარალის კომპლექსს 607 ათასი კვადრატული მეტრი უჭირავს. არქიტექტურის მასშტაბებზე უძველესი პირამიდის  ნანგრევებიც მეტყველებს, რომლის საძირკველს ოთხი ფეხბურთის მოედნისხელა ადგილი უკავია. კარალში დღემდე აქტიური გათხრები მიმდინარეობს.

  • რახან უკვე სამხრეთ ამერიკაში ვართ, ბარემ კოლუმბიასაც ვესტუმროთ. აქ ქალაქ სიუდად-პერდიდაში ტაირონის კულტურის ნაშთებია შემორჩენილი. ეს კულტურა ჩვენს ერამდე დაახლოებით 800 წელს არსებობდა. საინტერესოა, რომ ის 1972 წელს ე.წ. „შავმა არქეოლოგებმა“ აღმოაჩინეს. მათ არქეოლოგიური ძეგლიდან ოქროს ქანდაკებებისა და კერამიკის გაყიდვა დაიწყეს. მხოლოდ ამის შემდეგ  დაფაცურდა ხელისუფლება და შედეგად უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს. ტურისტებს ქალაქამდე მისასვლელად  რამდენიმე მდინარისა და ხეობის გადალახვა მოუწევთ. არც 1200 საფეხურიანი კიბე უნდა დაივიწყოთ. ალბათ, სწორედ ამის გამო უწოდეს მას „მწვანე ჯოჯოხეთი“.

  • დროა, ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდეთ, უფრო სწორად კი ალჟირში. აქ ტურისტების გასახარად ძველი რომაული ქალაქის - ტიმგადას ნანგრევებია გადაშლილი. ის ჩვენი წელთაღრიცხვის 100 წელს იმპერატორმა ტრაიანემ დაარსა. აქ ყველაფერი ტრადიციულია: თეატრი, თერმები, ტრიუმფალური თაღი და რომაული ქალაქებისთვის დამახასიათებელი მართკუთხა დაგეგმარება. მიუხედავად ამისა, ქალაქს თავისებური კოლორიტი მაინც აქვს.

  • ალჟირის შემდეგ თურქეთს ვეწვიოთ, სადაც უძველესი ხეთების იმპერიის დედაქალაქ ხათუსას (ხატუშაშ) დათვალიერებას შემოგთავაზებთ. ეს ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IIIათასწლეულიდან არის ცნობილი. ნაქალაქარი თურქული სოფლის ბიღაზყალეს მახლობლად მდებარეობს. რაღა თქმა უნდა, ხათუსა დღეს ქვების გროვას წარმოადგენს, რომელსაც სასწაულად შემორჩენილი რამდენიმე ქანდაკება, გალავნის ნაწილი, სასახლის, წყალსადენის და სხვ ნაგებობების ნაშთები ამშვენებს. 

  • მოგწყინდათ სიცხე და მშრალი ქარი? მაშინ შოტლანდიის ზომიერ ოკეანის კლიმატს გთავაზობთ. აქ ნეოლითის ხანის დასახლება სკარა-ბრეი გელით, რომელიც ქვის რვა, მიწაში ჩაღრმავებული სახლისგან შედგება. ისინი ჩვენს ერამდე 3100-2500 წლებში იყო დასახლებული. საინტერესო ფაქტია, რომ სახლებში ავეჯის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, როგორიცაა ჭურჭლის კარადა, კომოდები და საწოლები. თვით სახლები კი კანალიზაციითაა აღჭურვილი. და კიდევ ერთი კურიოზი - სკარა-ბრეიში ადამიანის ტილის ევროპაში უძველესი ნაირსახეობა, Pulex irritans აღმოაჩინეს.