ყველაზე თმიანი ავტომობილი
ეს რეკორდი 2014 წლის 15 მარტს დაფიქსირდა. იტალიელების მარია-ტერეზა მუნიოს და მისი ვაჟის, ვალენტინო სტასანოს Fiat 500 120 კილოგრამი ადამიანის ნატურალური თმით არის დაფარული. მუნიო ადამიანის თმის ნაკეთობებში სპეციალიზდება და ავტომობილი მისი სამუშაოს ბორბლებიანი რეკლამაა.
ყველაზე გრძელი ავტომობილი-ბანანი
რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი ბორბლებიანი ბანანია. ამიტომაც ამგვარი რეკორდის დამყარება არც ისე ძნელია. ავტომობილი 1993 წლის Ford F-150 პიკაპის ბაზაზეა აგებული. მისი მფლობელი მიჩიგანელი სტივ ბრეიტვეიტი The Big Banana Car-ს 2009-2011 წლებში აგებდა. ავტომობილში სულ ოთხი მგზავრი ეტევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 137 კმ/სთ-ა.
სათამაშო ავტომობილების ყველაზე გრძელი ჯაჭვი
რეკორდი 2014 წლის 5 მაისს დაფიქსირდა. სათამაშო ავტომობილების ჯაჭვმა 2 კილომეტრს მიაღწია (24 189 ავტომობილი). ის ბიულის (დიდი ბრიტანეთი) ეროვნული საავტომობილო მუზეუმის თანამშრომლებმა შექმნეს.
ორ ბორბალზე ყველაზე სწრაფი სიარული
რეკორდი 2016 წლის 31 აგვისტოს ფინელმა კასკადიორმა ვესა კივიმიაკიმ დაამყარა. დიზელის BMW 330 ორ ბორბალზე შეაყენა და 186,269 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. რეკორდის სპონსორი საბურავების კომპანია Nokian გახდა. ამგვარად ის თავის „რეზინას“ არეკლამებდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ყველაზე შორს BMW 316 E30-მა 2009 წლის 29 თებერვალს იმოგზაურა.
ქარმობილით გავლილი ყველაზე დიდი მანძილი
2011 წლის იანვარ/თებერვალში - 18 დღეში დირკ და სტეფან სიმერერებმა (გერმანია) ავსტრალიაში პერტიდან მელბურნამდე 5000 კილომეტრი 220-კილოიანი კაიტმობილ Wind Explorer-ით გაიარეს. ავტომობილს ორმაგი ამძრავი ჰქონდა: ქარის ტურბინა ელექტროენერგიით მცირე ზომის ელექტროძრავას კვებავდა, ხოლო ძლიერი ქარისას ფრანი ავტომობილის დამატებით წევას უზრუნველყოფდა.