პირველი ობიექტი „კაფე ლაბორატორია დიღომში“ 2014 წელს გაიხსნა.
ბრენდი განსხვავებული კონცეფციის კაფეებს აერთიანებს და ეკუთვნის „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის გასტრონომიულ ქსელს.
3 ოქტომბერს ახალი კაფეს პრეზენტაციაზე მხატვარ გიორგი კუხალაშვილის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საღამო „გალერეა შარდენის“ მიერ იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო ჰოლანდიაში, რუსეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და აშშ-ში. გიორგის ნამუშევარი „ბოსხის ღიმილი“ ამა წლის სექტემბერში ცნობილმა ჰოლანდიელმა არტ დილერმა კრისტიან კონდაიკმა 50 000 დოლარად შეიძინა. მის პირად კოლექციაში გადასვლამდე კი ნახატი 12 ქვეყანაში გამოიფინება.
„დღეს აქ წარმოდგენილია სწორედ იმ ნახატის პრინტი ორიგინალური ზომით, რომელიც ჰოლანდიაში სოლიდურ თანხად გაიყიდა, - აღნიშნა მხატვარმა ჩვენთან საუბარში, - ამჟამად ვმუშაობ სერიაზე „რეტრო“, რომელშიც ძველი თბილისის ფოტოებს ფერწერაში ვაცოცხლებ. საბოლოოდ, ფოტოს იმპროვიზაციას ვახდენ, სადაც კომპოზიცია იცვლება, განწყობა კი იგივე რჩება. ამ ყველაფერს ქართველი დამთვალიერებელი ძალიან მალე იხილავს“.