რატომ დასდევს სვანურად „აფეთქებული“ ონისე ონიანი ქალ მძღოლებს?

საჭესთან

9 ოქტომბერი 22:00, 2015 წელი
72

ხელოსანმა მკითხა, რამდენი აქვს შენს მანქანას „მატორიო“. ავხადე „კაპოტი“ და ვუპასუხე: როცა ვიყიდე, ერთი „მატორი“ მოჰყვა და მეტი არ ვიცი-მეთქი“, - სიცილით გვიყვება თავის ისტორიებს პოზიტიური, ენერგიული და ენაწყლიანი მსახიობი ონისე ონიანი.


- მანქანის მართვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის ჩემი სამყარო, კუთვნილი ადგილი, რომელშიც არავინ მეცილება (იცინის). თუმცა, რომ გითხრათ, მაგარი მძღოლი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, კულტურული მძღოლი ვარ, ვცდილობ, წესები არ დავარღვიო. 


- სიმართლე გითხრა, შენს მანქანას უცნაური ლოგო აქვს. იქნებ მითხრა, რა მანქანაა?
- არ გამკვირვებია, რომ ჩემი მანქანის ლოგომ დაგაბნიათ. ბევრი მეკითხება, ეს რას ნიშნავსო. მოკლედ, ჩემი მანქანაა „ოპელ ვექტრა“, ინგლისური, გათვლილია დიპლომატიური კორპუსისთვის და აქვს ლოგო, რომელზეც გამოსახულია ფრთიანი ლომი. ცოტა მაკლია დიპლომატობას, მაგრამ... (იცინის). თითქმის ერთი წელია, რაც ეს მანქანა შევიძინე და რიგით მეხუთეა. პირველი მყავდა „ფორდ ექსპორტი“. ხელოსანთან რომ მივიყვანე და მკითხა, რამდენი აქვს „მატორიო“, ვუპასუხე, ერთი-მეთქი. ისევ გაიმეორა, არა, კაცო, „მატორი“ რამდენი აქვსო. ისევ იგივე ვუთხარი. დაიბნა კაცი და ისევ რომ მკითხა, ავხადე „კაპოტი“ და ვუპასუხე: არ ვიცი, ბატონი, როცა ვიყიდე, ერთი „მატორი“ მოჰყვა და მეტი არ ვიცი-მეთქი. გონზე არ ვიყავი, მანქანის ნაწილებში. ახლა ცოტა გავერკვიე. თან ის პირველი მანქანა, ორკარიანი იყო, რაც სულ მავიწყდებოდა - მესამე კაცი რომ მომადგებოდა, არ გადმოვდიოდი, ვეუბნებოდი, რას დგახარ, გააღე კარი და დაჯექი-მეთქი (იცინის). დღეს მანქანა ჩემთვის დროის დიდი ეკონომიაა.


- და, ამიტომ გადაწყვიტე საჭესთან დაჯდომა?
- სულ გადარბენები მაქვს, ყველგან მეჩქარება და როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდი, ყოველთვის მაგვიანდებოდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდი გაჩერებაზე და ისე დააგვიანდა, ლამის ტირილამდე მივედი, აი, მაშინ ვთქვი, ხვალ მანქანას ვიყიდი-მეთქი. არც მართვის მოწმობა მქონდა და არც ტარება ვიცოდი. მოკლედ, მეორე დღესვე მივედი მასწავლებელთან, ვისწავლე, ავიღე მართვის მოწმობა და ვიყიდე კიდეც. არ დამავიწყდება, პირველად მარტო რომ მივუჯექი საჭეს, ასე მეგონა, ასტრალში გავედი (იცინის). ისეთი დაძაბული ვიყავი, რომ გავაჩერებდი და მერე ვიცოდი, ისევ საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი, ნერვიულობა თავიდან მეწყებოდა. ვბუტბუტებდი: ნეტავ არ დამხვდეს, მოპარული იყოს-მეთქი. იმდენი ვიძახე, კი ამიხდა...


- ანუ მანქანა მოგპარეს?
- ღამის სამ საათზე მოვრჩი რეპეტიციას და თეატრიდან რომ გამოვედი, აღარ დამხვდა. ჩემი სიტყვები: ნეტავ არ დამხვდეს-მეთქი, ზურა გაგლოშვილს მოუსმენია, ჩუმად აუღია გასაღები და სხვა ადგილას გადაუყენებია. გამოვედი და მანქანა რომ ვერ დავინახე, გამიხარდა, - უფ, რა კარგია, მოუპარავთ-მეთქი (იცინის).



- მითხარი, მოწესრიგებული მძღოლი ვარო. თუმცა, შენს მანქანას ერთ ადგილას საღებავი აქვს ამძვრალი...
- ეს ჩემი ბრალი არ არის! ქუჩაში გავაჩერე და რომ მივბრუნდი, ასე დამხვდა. დამიჯერეთ, არასდროს ვქმნი საავარიო სიტუაციას და არც აგრესიული მძღოლი ვარ. სხვათა შორის, ადრე მანქანაში ხატი მქონდა, მაგრამ ახლა აღარ ვატარებ.


- რატომ?
- იმიტომ, რომ მანქანაში ვჭორაობთ, ვეწევით, ვიგინებით...


- ანუ, თუ საჭესთან წყობიდან გამოხვედი ეს სვანი კაცი, „სართულებიანს“ იგინები?
- გინებაზე უარესს ვაკეთებ (იცინის). მოკლედ, ყოველთვის ვხვდები, ქალი რომ მართავს მანქანას. სასწაულებს აკეთებენ. ამას წინათ ჩემ წინ მანქანა მიღოღავს, არადა, მეჩქარება - ვუსიგნალე, რეპლიკები ვესროლე, ვუყვირე... არაფერმა გაჭრა. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და გამოვეკიდე ფეხით. კარგა ხანს რომ ვდიე, მერე მოვიხედე უკან და ჩემი მანქანიდან ლამის კილომეტრ-ნახევრით შორს ვიყავი. ავფეთქდი, მარა რა ავფეთქდი, აი, მაშინ ნამდვილად გავსვანდი.
ხალხო, ყველა ქალაქს აქვს თავისი რიტმი. ჩვენთან კი თავის გემოზე და რიტმზე დადის ყველა. ჰოდა, შენც გამოდიხარ წყობიდან და გადადიხარ უხეშობაზე. აი, მერე რატომ სწყინთ, აღარ მესმის?
ყველას ვურჩევ, ქალსაც, კაცსაც და პატრულსაც, ნუ დაარღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს და ქალაქის რიტმში იარეთ.