„რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ცეკვის გამო მანქანას თუ მაჩუქებდნენ“

საჭესთან

25 მარტი 22:00, 2016 წელი
87

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-5 სეზონში მოგებული KIA SOUL-ით მოძრაობს. ეს მანქანა მეორე სახლიცაა, გარდერობიც და განუყრელი მეგობარიც. საკუთარ სახალისო თავგადასავლებს კი ჩვენთან ინტერვიუში გიამბობთ.

- 2009 წელს პირველად დავჯექი საჭესთან. მანქანის მართვა მეგობრების მანქანებზე ვისწავლე. ხან რომელ მეგობარს შევულამაზებდი მანქანას და ხან - რომელს (იღიმის), თან უარს არავინ მეუბნებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, უხერხული იყო მათი მანქანების ლეწვა და Mersedes ML ვიყიდე. 


საკუთარ მანქანაში თავს, ალბათ, უფრო კომფორტულად გრძნობდი...
- უფრო მეტად გავთამამდი და ნაკლებ შეცდომებსაც ვუშვებდი. საკმაოდ ყურადღებიანი და ფრთხილი მძღოლი ვარ. ჩემთან ერთად მგზავრობისას არავის გამოუთქვამს პრეტენზია. კანონმორჩილი მძღოლი ვარ. არც ალკოჰოლს ვსვამ და სისწრაფეზეც დიდად არ ვგიჟდები, მით უმეტეს, ქალაქში. თუ სწრაფად სიარულის ხასიათზე ვარ, ქალაქგარეთ გავდივარ ან გვიან, როცა მოძრაობა შედარებით განტვირთულია. ამ დროს ჩემებურ მანევრებს ვატარებ და ვერთობი.


- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-5 სეზონის ფინალისტი გახდი და შესანიშნავი პრიზი - KIA SOUL მიიღე, რა შეიცვალა პროექტის შემდეგ?
- ჩემი უმანქანობა ევროვიზიის პერიოდს დაემთხვა, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. მაშინ ჩემმა მეგობარმა გიორგი ჭიღლაძემ საკუთარი მერსედესი დამითმო, რითიც ძალიან დამეხმარა. 2014 წელს კი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მივიღე მონაწილეობა და ჩემი შრომის ფასად მოვიგე ეს ახალთახალი KIA SOUL. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, ოდესმე ცეკვის გამო მანქანას თუ მაჩუქებდნენ. ეს მანქანა ჩემი მეორე სახლიცაა, გარდერობიც და განუყრელი მეგობარიც. მოკლედ, ამისთვის ნამდვილად ღირდა ცეკვა.


- ქალაქშიც, ალბათ, ყველა ცნობდა შენს განსხვავებულ მანქანას?
- მაშინ იშვიათად თუ შეხვდებოდით ამ მარკის მანქანებს. შუქნიშანთან გაჩერებულს აქეთ-იქიდან ხელს მიქნევდნენ, ჟესტებით მანიშნებდნენ, ძალიან მაგარი მანქანააო, ზოგიც შეძახილებით მილოცავდა. მეც ყველას მადლობას ვუხდიდი, ბედნიერი ვიყავი და ხალხის თბილი დამოკიდებულება მსიამოვნებდა.


- მანქანის ტექნიკურ მხარეში თუ ერკვევი?
- ტექნიკური მხარის გაგებაში არ ვარ (იღიმის). მახსოვს, ერთხელ ბაკურიანში მივდიოდი და პანელზე ჩაიდანი რომ აინთო, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩემს მეგობარს, ლაშა თაბუკაშვილს დავურეკე, რომელიც მანქანებში კარგად ერკვევა. ლაშამ ბევრი იცინა, შემდეგ როცა მოსულიერდა, მითხრა, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ზეთი გაქვს შესაცვლელიო. ცოტა ხანში თვითონ გადმომირეკა და სერიოზული ხმით მკითხა: აბა, მინა ჩამოწიე, თავი გადაყავი და ნახე, გზაზე სიარულისას საბურავები თუ მოძრაობსო. მეც გადავიხედე და ვნახე, რომ საბურავები მოძრაობდა (იღიმის)... მოკლედ, ეს ამბავი კარგა ხანს ჩემი მეგობრების სიცილის თემა იყო. თუმცა, ყოველთვის მშვიდად ვარ, რადგან ისეთი მეგობრები მყავს, რომლებიც ჩემი მანქანის პრობლემებს მოაგვარებენ.


- ნოდიკო, გავიგეთ, რომ ალბომზე მუშაობ და ახალი სიმღერის ჩაწერაც დაასრულე...
- დიახ, ახლახან დავასრულე ახალ სიმღერაზე მუშაობა, რომელიც დავით ჩორგოშვილის Eye STUDIO-ში ჩავწერე. სიმღერის ავტორი გახლავთ ჯონი თითირაშვილი, ლექსის - ზაზა ჯოჯუა, მასტერინგი და ბალანსი დათო ჩანგოშვილს ეკუთვნის. სიმღერას სახელი ჯერ არ აქვს, თუმცა ძალიან განსხვავებულია. პრემიერა მალე გვექნება.