ზღვის მარილის აბაზანა
გაავსეთ აბაზანა 37 0C ტემპერატურაზე გამთბარი წყლით, გახსენით მასში 300-დან 400 გრ-მდე ზღვის მარილი და მიიღეთ აბაზანა 20-30 წუთის განმავლობაში.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, 7-10 დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ, აბაზანაში რომელიმე მცენარეული ეთერზეთიც დაუმატოთ (დაახლოებით, 10-15 წვეთი).
ზღვის მარილის აბაზანები ხსნის დაღლილობას, დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვებს, აახალგაზრდავებს კანს და ახდენს ორგანიზმის სრულ რელაქსაციას.
ანტიცელულიტური ზღვის მარილის აბაზანა
აბაზანის წინ კანი დაიზილეთ უხეში ღრუბლით ან პირსახოცით, შემდეგ მიიღეთ შხაპი და 20-30 წუთით ჩაწექით ზღვის მარილის აბაზანაში, რომელსაც ზემოაღნიშნული წესით მოამზადებთ. შეგიძლიათ აბაზანაში, ზღვის მარილთან ერთად, ერთი თხელი ნაჭერი ლიმონი ან ცოტაოდენი რძე დაუმატოთ. ასეთი აბაზანის რეგულარული მიღება სწრაფად ამცირებს სხეულზე არსებულ ცხიმგროვებს და ძალიან ეფექტურია ცელულიტის სამკურნალოდ.
ზღვის მარილის სქრაბი (სახისთვის)
წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი და ნატურალური მცენარეული (უკეთესია, ზეითუნის) ზეთი ½-ზე პროპორციით ერთმანეთში აურიეთ და ხელის მსუბუქი მოძრაობით წაისვით სახეზე.
გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და შეიმშრალეთ.
ასე მომზადებული სქრაბი განკუთვნილია ნორმალური ან მშრალი კანისთვის, მაგრამ თუ მასში 1 ჩ/კ ლიმონის წვენს ჩაამატებთ, შეგიძლიათ, ცხიმიანი კანისთვისაც გამოიყენოთ.
ზღვის მარილის სქრაბი (ტანისთვის)
1 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.
მიღებული მასა წაისვით მთელ ტანზე და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.
5-10 წუთის შემდეგ კი ტანი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, კვირაში 1-2-ჯერ ჩაიტაროთ, ეს თქვენს სხეულს უფრო რბილსა და ელასტიკურს გახდის.
გამწმენდი ლოსიონი (მშრალი სახის კანისთვის)
1 ჭიქა არყის ხის ელექსირში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი;
მიღებული მასა გაწურეთ მარლაში, შემდეგ ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სამედიცინო სპირტი და შეანჯღრიეთ.
მიღებული სითხით ბამბის ტამპონი დაასველეთ და სახე და ყელი ნაზად გაიწმინდეთ.
გამწმენდი ლოსიონი (ცხიმიანი სახის კანისთვის)
½ ჭიქა არაყი, ½ ჭიქა გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული სითხით დაასველეთ ბამბის ტამპონი და სახე და ყელი ნაზად გაიწმინდეთ.
გამწმენდი ლოსიონი (ნორმალური და კომბინირებული სახის კანისთვის)
ქრისტესისხლას 1 ჩაის კოვზ, ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ.
შემდეგ გაწურეთ მარლაში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 1 ჩაის კოვზი სამედიცინო სპირტი და კარგად შეანჯღრიეთ.
მიღებული სითხით დაასველეთ ბამბის ტამპონი და სახე კარგად გაიწმინდეთ.
ზღვის მარილის დამარბილებელი ნიღაბი
30 გრ არაჟანი, 10 გრ წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი, 5 გრ ნუშის ზეთი, 3 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ათქვიფეთ კრემისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე.
წაისვით ნიღაბი სახეზე და 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი შესანიშნავად არბილებს კანს, სძენს მას ელასტიკურობას და ეფექტურად ებრძვის წვრილ ნაოჭებს.
ზღვის მარილის აბაზანა (ფრჩხილებისთვის)
400 მლ წყალი, 30 გრ ზღვის მარილი, 15 წვეთი იოდი, 4 წვეთი ზეითუნის ზეთი.
ჩასხით ჯამში ცხელი წყალი, ჩაამატეთ იოდი და ზღვის მარილი, ზეითუნის ზეთი და ჩაყავით ხელები 30 წუთის განმავლობაში.
ასეთი აბაზანა ხელს უწყობს ფრჩხილების სწრაფ ზრდას, აღადგენს მათ სტრუქტურას და არბილებს ხელის კანს.