უჩვეულო საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

სილამაზე და ჯანმრთელობა

2 იანვარი 14:00, 2016 წელი
76

ახალი წლის მოსვლა ყველა ქვეყანაში ერთნაირად უხარიათ, თითოეულ ერს კი საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული საახალწლო ტრადიცია აქვს. გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო საახალწლო ტრადიციებს.

იტალია
იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან - ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ძველ ავეჯს... სჯერათ, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

ინგლისი

ძველი ტრადიციის თანახმად, ინგლისელები, ზუსტად ღამის 12 საათზე, ჯერ სახლის უკანა კარს აღებენ, შემდეგ კი მთავარ შემოსასვლელს. მათ სჯერათ, რომ უკანა კარიდან სახლს ძველი წელი ტოვებს, ხოლო მთავარი შემოსასვლელიდან  სახლში სიმბოლურად ახალ წელს „უშვებენ“.

ავსტრია

ძველად ავსტრიაში ბედნიერების მომტანად მიიჩნევდნენ საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრას. ამ მიზნით ავსტრიელები ბავშვებს საახალწლო საჩუქრად სათამაშო ბუხრის მწმენდავებს დღესაც ჩუქნიან.

ესპანეთი
როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ძველი ტრადიციისამებრ, ესპანელები 12 ყურძნის მარცვალს მიირთმევენ. მათ სჯერათ, რომ მირთმეული თითოეული მარცვალი დამდეგი წლის თითო თვეს განასახიერებს და მათ ოჯახებს მთელი წლის განმავლობაში სიტკბოსა და ბედნიერებას მოუტანს.

შოტლანდია
შოტლანდიელები ახალი წლის ღამეს კუპრიან კასრებს ცეცხლს უკიდებენ და ქუჩებში აგორავებენ. ამით ისინი სიმბოლურად ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ადგილს ახალ წელს უთავისუფლებენ.

დანია
ძველი ტრადიციის თანახმად, დანიელები ახალი წლის ღამეს ნაცნობ-მეგობრებსა და მეზობლებს კართან დამტვრეულ ჭურჭელს უყრიან, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ დამდეგი წელი განსაკუთრებულ წარმატებას იმას მოუტანს, ვის კართანაც ყველაზე მეტი გატეხილი ჭურჭელი აღმოჩნდება.

არგენტინა
ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი წარმოუდგენელია.

ავსტრალია
ავსტრალიაში ახალი წელი წლის ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, ამიტომ ახალი წლის დღეს სიდნეის პლაჟებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის ბაბუები მრავლად დადიან. ასეთ ეგზოტიკური სანტა-კლაუსები მეტად უჩვეულო სანახავია.

ბულგარეთი
ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ.

საბერძნეთი
ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ მთელ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს.

დანია
დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, ის მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.

გერმანია
გერმანიაში არსებობს ერთი ასეთი საახალწლო ტრადიცია - „ტყვიის ჩამოსხმა“. ახალი წლის ღამეს გერმანელები ტყვიის პატარა ნაჭერს კოვზზე ადნობენ, შემდეგ დამდნარ ტყვიას წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ და იმის მიხედვით, რა ფორმას მიიღებს, თავიანთ ბედს „წინასწარმეტყველებენ“ - თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა, ეს ბედნიერ და წარმატებულ მომავალ წელს ნიშნავს, თუ ტყვიამ ღუზა გამოსახა, ეს ფინანსური კრიზისისა და უიღბლო წლის ნიშანია; ხოლო თუ ტყვიამ ჯვრის ფორმა მიიღო, ეს მომავალ წელში უბედურების მომასწავებელია.

კუბა
ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.

მიკრონეზია
მიკრონეზიის ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.

პერუ

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება.

იაპონია
ახალი წლის დადგომის მომენტში იაპონელები აუცილებლად იცინიან, რადგან სჯერათ, რომ სიცილი და მხიარულება მათ მთელი მომავალი წლის მანძილზე დაებედებათ.