1.
როკი აბალსამოს ცოლი ჯულია 1993 წელს გარდაიცვალა. მისი დამწუხრებული ქვრივი 20 წლის განმავლობაში, ყოველ დილას სასაფლაოზე მიდიოდა და წვიმის, თოვლის თუ ქარის მიუხედავად, ცოლის საფლავთან გვიან ღამემდე რჩებოდა. სასაფლაოზე ყოფნის დროს როკი გარდაცვლილ მეუღლეს ესაუბრებოდა და მონატრებას ასე იკლავდა. ბუნებრივია, ცხოვრების ასეთი წესის გამო მოხუცს ჯანმრთელობა შეერყა. როკი აბალსამო 2013 წლის 22 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სტოუჰენჯის კლინიკაში გარდაიცვალა. მამაკაცი ცოლის გვერდით დაკრძალეს.
2.
2009 წელს ვიეტნამელ ლე ვანის შესახებ ყველა ადგილობრივი გაზეთი წერდა. ეს ადამიანი ხუთი წლის მანძილზე გარდაცვლილ ცოლთან ერთად ცხოვრობდა და ყოველ ღამე მის გვერდით იძინებდა. ლე ვანმა გაზეთ „Nguoi Lao Dong“-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გარდაცვლილი ცოლი თაბაშირისგან დამზადებულ ფორმაშია მოთავსებული და მასთან ცხოვრება დისკომფორტს არ უქმნის. 57 წლის ვიეტნამელი დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილ ცოლთან ცხოვრებით მათი საიქიოში ერთად ყოფნის შანსები გაიზრდება.
3.
არგენტინელი ადრიანა ვილარეალი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როცა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ გარდაცვლილ ქმართან ცხოვრობს. ადრიანას ქმარმა 28 წლის სერხიო ეიდემ 2010 წელს თავი მოიკლა. ფულით, რომელსაც გარდაცვლილი სახლის შესაძენად აგროვებდა, ადრიანამ ქმარს მავზოლეუმი აუშენა და თავადაც იქ გადასახლდა.
ადრიანა ვილარეალის უჩვეულო ცხოვრებით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ქალაქ დოს დე მაიოს პოლიციაში რამდენიმე ოჯახის საჩივარი შევიდა. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ღამის საათებში სასაფლაოდან ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. კომისარმა გუსტავო ბრაგანსმა და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ენახათ, რა ხდებოდა სან-ლაზაროს სასაფლაოზე. როცა სერხიო ეიდეს მავზოლეუმის კარზე დააკაკუნეს, პიჟამოებში გამოწყობილი ადრიანა შეეგებათ. ადგილის დათვალიერების შემდეგ პოლიციამ მავზოლეუმში ლოგინი, რადიო, ინტერნეტზე შეერთებული კომპიუტერი და პატარა ელექტროღუმელიც კი აღმოაჩინა. არ მინდა, რომ სერხიომ უჩემოდ მოიწყინოს, - ასე ახსნა ადრიანამ თავისი გადაწყვეტილება.
4. ბელგიის ქალაქ ლიეჟში მცხოვრებმა 79 წლის მარსელმა გარდაცვლილ ქმართან ერთი წელი გაატარა, სანამ ამ ფაქტის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეიტყო. ქალბატონის ქმარი 2012 წელს ასთმური შეტევით გარდაიცვალა. მწუხარებით განადგურებულმა ქვრივმა ქმართან განშორება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, მისი გარდაცვალების ფაქტი დაემალა. იმ ბინის მეპატრონემ, სადაც მარსელი ცხოვრობდა, პოლიციას საჩივრით მიმართა, რომ ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ქირის გადახდას თავს არიდებდა. სწორედ ბინაში მისვლის დროს აღმოაჩინეს პოლიციელებმა მამაკაცის ცხედარი.