ალი და ნინო - რეალური სიყვარულის ისტორია თუ იდუმალებით მოცული მწერლის ფანტაზიის ნაყოფი?

სიყვარულის ისტორიები

29 აგვისტო 14:00, 2015 წელი

ებრაული წარმოშობის, აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის გახმაურებული რომანის „ალი და ნინოს“ შექმნის შესახებ უამრავი განსხვავებული ვერსია და ვარაუდი არსებობს. 1937 წელს გამოცემული რომანი მაშინვე შეფასდა, როგორც კავკასიურ თემატიკაზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები.

სიყვარულის ისტორიას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება, კავკასიური „რომეო და ჯულიეტაც“ კი უწოდეს, თუმცა იდუმალებით მოცული ავტორის ვინაობამ ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველი გააჩინა. მკვლევართა და ლიტერატორთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ რომანის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნებოდა, ხოლო აზერბაიჯანელი არისტოკრატული წარმომავლობის ჭაბუკი ალი ხან შირვანშირი და ქართველი თავადის ასული ნინო ყიფიანი რეალური ადამიანები იყვნენ.
კვლევებისა და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყურბან საიდი ფსევდონიმია და რომანის ავტორი 1905 წელს ბაქოში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაბადებული ლევ ნასიმბაუმი გახლავთ. მწერლის ბიოგრაფიის გაცნობისას თვალშისაცემია ავტორისა და მისი რომანის გმირების ისტორიათა მსგავსება.
დედით ობოლი ლეოს მამა თბილისში დაბადებული ებრაელი ბიზნესმენი იყო.
ალისა და ნინოს ოჯახების მსგავსად, ნასიმბაუმების ოჯახიც ბაქოში ცხოვრობდა და ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ თავი თურქეთს შეაფარა.
მომავალმა მწერალმა სტამბულში ისლამი მიიღო და სახელად „ესაი ბეი“, ანუ „უდაბნოს კაცი“ დაირქვა.
მოგვიანებით,
ნასიმბაუმების ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც ლეომ ბერლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს გაიცნო მან რუსი ლამაზმანი ჟენია ვორონოვა, რომელიც შემდგომში ქართველი ნინოს პროტოტიპი გახდა. არსებობს ქართველ ქალთან დაკავშირებული ვერსიებიც...
სწავლის დასრულების შემდეგ „უდაბნოს კაცმა“ სამწერლო და ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი. 1929 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „სისხლი და ნავთობი აღმოსავლეთში“. სემიტური წარმოშობის მწერალს მშვიდი ცხოვრება არც ნაცისტურ გერმანიაში ეწერა. მისი წარმომავლობის გამჟღავნების შემდეგ მწერალი იძულებული გახდა, გერმანიიდან საცხოვრებლად ჯერ ავსტრიაში, შემდეგ კი იტალიაში გადასულიყო. ავსტრიაში საცხოვრებლად გადასვლისთანავე დასრულდა მწერლის ხანმოკლე ქორწინება ამერიკელ პოეტ ქალთან.
სიცოცხლის ბოლო წლები ყურბან საიდმა მარტოსულობასა და სიდუხჭირეში გაატარა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,
1939 წელს ფეხის თითების ამპუტაციის შედეგად სისხლის მოწამვლა დაემართა და1942 წელს ქალაქ პოსიტანოში გარდაიცვალა.
მეორე ვერსიით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით მწერალმა თავად მიიყენა ფეხში დაზიანება, რაც განგრენით და მწერლის გარდაცვალებით დასრულდა.


სამი სახელისა და გვარის მქონე მწერლის იდუმალებით მოცული ცხოვრებით ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 1937 წელს გამოცემული „ალი და ნინო“ მსოფლიო ბესტსელერი გახდა, თუმცა მწერლის ცხოვრების ბევრი დეტალი დღემდე უცნობია.
დღემდე საკამათო თემაა „ალისა და ნინოს“ ავტორის ვინაობაც.
ცნობილია, რომ ნაწარმოების ავტორობაზე პრეტენზიას  წიგნის საავტორო უფლებების მფლობელი ერთ-ერთი ავსტრიელი ბარონესა აცხადებდა.
აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ „ალი და ნინო“ აზერბაიჯანელი მწერლის იუსიფ ვეზიროვის კალამს ეკუთვნის, ხოლო საქართველოში ყურბან საიდის რომანის გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგთან“ მსგავსებაზე საუბრობენ. ლიტერატურის მკვლევარებისთვის ამ ორ ნაწარმოებს შორის მსგავსება იმდენად თვალშისაცემია, რომ გაჩნდა ახალი ვერსია, გრიგოლ რობაქიძის მიერ ფსევდონიმად ყურბან საიდის სახელის გამოყენების შესახებ. ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ არსებობს ცნობები, რომ ყურბან საიდი რეალურად არსებობდა და მას გრიგოლ რობაქიძეც იცნობდა.
ისინი ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ევროპაში და დაკავშირებულები იყვნენ იმდროინდელ ლიტერატურულ წრეებთან.
ყურბან საიდი ლექციებს კითხულობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ყურბან საიდმა თოთხმეტზე მეტი წიგნი და უამრავი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, თუმცა სამწერლო აღიარება და პოპულარობა სწორედ „ალი და ნინომ“ მოუტანა.


ნაწარმოების მთავარი გმირი ალი ხან შირვანშირი უძველესი აზერბაიჯანული არისტოკრატული ოჯახიდანაა.
მისი რჩეული ნინო ყიფიანი კი ქართველი თავადიშვილი გახლავთ.
ქრისტიანი ნინოსთვის, რომელიც თავისი მსოფლმხედველობით ევროპელია, აზიური ცხოვრების წესები მიუღებელია.
ალი კი თავს ნამდვილ აზიელად მიიჩნევს და ევროპაში ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა შორს არის ყოველგვარი ფანატიზმისგან.
განსხვავებული მსოფლმხედველობის, კულტურისა და ტრადიციების  ახალგაზრდებს უძლიერესი გრძნობა აკავშირეთ, რომელიც მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება.
ალი საყვარელ ქალს უფლებას აძლევს, რომ უჩადროდ იაროს და თვალს ხუჭავს მის კაპრიზებზე, მაგრამ როცა ნინოსა და სამშობლოს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე რჩება.
ალი უარს ამბობს მეუღლესა და შვილთან ერთად ევროპაში გაქცევაზე და უცილობელ სიკვდილს, სახელოვანი წინაპრების მსგავსად, გმირულად ეგებება.


თავის დროზე, ყურბან საიდისა და გრიგოლ რობაქიძის ურთიერთობის საკითხებს ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძე იკვლევდა, ამიტომ ჩვენთვის საინტერესო კითხვებით სწორედ მას დავუკავშირდით:
- ჩემთვის უცნობია, „ალის და ნინოს“ რეალური ისტორია უდევს თუ არა საფუძვლად. ამაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოითქვას, მაგრამ რამის მტკიცება არ შემიძლია. ის, რომ ალი დღიურს აწარმოებდა და რომანი ამ დღიურის საფუძველზე დაიწერა, არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ცნობილი მხატვრული ხერხია. სხვათა შორის, ყურბან საიდი ნამყოფი იყო საქართველოში. მისი მშობლები საქართველოში დაქორწინდნენ და საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდნენ. ბაქოში ბოლშევიკების შესვლის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდნენ და აქედან წავიდნენ საზღვარგარეთ.
ცნობილია, რომ ხშირად ყურბან საიდი საკუთარ თავს ქართველ თავადად მოიხსენიებდა, თუმცა თბილისის სინაგოგაში ინახება მისი მშობლების ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის ეროვნებით ებრაელი გახლდათ.
საერთოდ, ყურბან საიდი თავად უწყობდა ხელს თავისი პიროვნების მისტიფიკაციას. მისტიფიცირებული იყო მისი სიკვდილიც. ერთ-ერთი ვერსიით, ფრონტზე რომ არ წაეყვანათ, თვითდაზიანება მიიყენა. მერე განგრენა დაემართა და გარდაიცვალა, მაგრამ მართალია თუ არა ეს ამბავი, არავინ იცის.


- „ალი და ნინოში“ მწერალი ისეთი აღფრთოვანებით საუბრობს ქართველი ქალების სილამაზეზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიღაც მათგანი ყურბან საიდის ტრფობის ობიექტი გახლდათ?
- არ ვიცი. ისე კი ყურბან საიდი ქართველ ქალზე და მის სილამაზეზე თავის სხვა ნაწარმოებებშიც წერს.
ზოგადად, კავკასიასა და საქართველოზე ბევრი ნაწარმოები აქვს და ზოგიერთში გრიგოლ რობაქიძის მონათხრობს იყენებს.
მე ვმუშაობდი ყურბან საიდისა და რობაქიძის ურთიერთობის საკითხებზე  და შემიძლია ვთქვა, რომ თავად გრიგოლ რობაქიძე მის მიმართ ძალიან დადებითად იყო განწყობილი.
ყურბან საიდის სიკვდილის შემდეგაც კი, როცა ქართველები მის ნაწარმოებებს აკრიტიკებდნენ, ძალიან ბრაზდებოდა.
რა თქმა უნდა, გრიგოლ რობაქიძეს „ალი და ნინო“ წაკითხული ჰქონდა, მაგრამ პლაგიატად არ მიიჩნევდა. თუმცა ცნობილია, რომ ყურბან საიდმა სხვა ნაწარმოებებშიც ბევრი რამ გადმოწერა რობაქიძისგან. ზოგჯერ ავტორს უთითებდა და ზოგჯერ - არა. ისეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ რომანის ავტორი ყურბან საიდი კი არა, აზერბაიჯანელი მწერალია, რომელიც 1937 წელს გადაასახლეს და მალე დაიღუპა კიდეც. ბევრნაირი ვერსია არსებობს...


- „ალი და ნინოს“ მხატვრული ღირებულების შესახებ რას იტყვით?
- მე არ მივიჩნევ ამ ნაწარმოებს ლიტერატურულ შედევრად, მაგრამ ინტერესით იკითხება და მასობრივი მკითხველისთვის ბესტსელერია.
საინტერესოა „სასიყვარულო სამკუთხედიც“, რომლის მსგავსი „სამკუთხედები“ ყურბან საიდს სხვა ნაწარმოებებშიც აქვს.


დაბოლოს: „ალი და ნინო“ უკვე 33 ენაზე ითარგმნა და, დაახლოებით, 100-ჯერ გამოიცა. სანამ ლიტერატორები და მკვლევარები ყურბან საიდისა და მისი რომანის შესახებ ბჭობენ, კინემატოგრაფისტები ფილმის გადაღებისთვის ემზადებიან.
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად წოდებული ალისა და ნინოს სიყვარულზე ჰოლივუდი მხატვრულ ფილმს გადაიღებს. გადაღებები ესპანეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოშია დაგეგმილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?