აკაკი წერეთელი და ტასო მაჩაბელი - იდუმალებით მოცული სიყვარულის ისტორია

სიყვარულის ისტორიები

3 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

აკაკი ნატალიასთვის მხოლოდ ქმარი იყო, რაც პოეტისთვის ტრაგედიას წარმოადგენდა. მას არ ჰქონდა ბედნიერება, ჰყოლოდა ილიასავით თანგანწირული და მოსიყვარულე მეუღლე. აი, ეს აკლდა ყოველთვის... 

აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმართ ყოველთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. პოეტის მეუღლე, ნატალია ბაზილევსკაია ოქროს მადნების რუსი მაგნატის ქალიშვილი იყო. პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში აღზრდილმა ქალმა სოფლად ცხოვრება ვერ შეძლო, აკაკი სხვიტორში მიატოვა და ერთადერთ ვაჟთან, ალექსისთან ერთად პეტერბურგში დაბრუნდა.
ამბობენ, რომ ცოლი აკაკისგან გამუდმებით ფულს ითხოვდა და ისიც იძულებული იყო, უკანასკნელ კაპიკამდე, ყველაფერი უცხოეთში მცხოვრები ცოლ-შვილისთვის გაეგზავნა. უიღბლო ოჯახური ცხოვრების მიუხედავად, უგვირგვინო მეფედ შერაცხული პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. ცოლ-შვილის გარეშე, მარტოდმარტო მცხოვრები მგოსნის ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ივანე მაჩაბლის ოჯახმა დაიკავა. მაჩაბლის მეუღლესთან აკაკის მეგობრობა, ტასოსადმი მიძღვნილი სატრფიალო ლექსები და მაჩაბლის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაში ათასგვარი ჭორისა და მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. ამ საკითხზე აკაკი და ტასო დაკითხეს კიდეც, თუმცა თემაზე კამათი დღემდე გრძელდება.
როგორ განვითარდა ტასო მაჩაბელთან აკაკის სასიყვარულო ურთიერთობა და იყო თუ არა პოეტი ვანო მაჩაბლის ტრაგედიაში დამნაშავე?
თემაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვესაუბრა:


- აკაკი წერეთლის პირველი სიყვარული ნიკო ნიკოლაძის და, ანიჩკა ნიკოლაძე გახლდათ, მაგრამ ეს სიყვარული უზადო მეგობრობაში გადაიზარდა. სხვათა შორის, ანიჩკას, გარდაცვალების შემდეგ, თავთან უპოვეს აკაკის ნაჩუქარი საათი, რომელსაც არასოდეს იშორებდა. პოეტის ქორწინება ნატალია ბაზილევსკაიასთან სრულიად შემთხვევით მოხდა. როცა აკაკიმ ნატალია გაიცნო, ის არასრულწლოვანი იყო. ოჯახს მისთვის საქმრო უკვე შერჩეული ჰყავდა და როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა, ცოლად უნდა გაეყოლებინათ. ნატალიამ აკაკის შესჩივლა, საქმრო არ მიყვარს და თავი უნდა მოვიკლაო. როგორც აკაკი ჰყვება, გოგონა იმდენად შეეცოდა, რომ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. აკაკი მაშინ, დაახლოებით, 21-22 წლისა იქნებოდა.


- ამ ქორწინებასთან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს... თუნდაც ანგარება...
- დიახ, იყო ჭორები, რომ აკაკიმ ოქროს მადნების მაგნატის ქალიშვილი ანგარებით შეირთო. ამ ჭორებს თავად ბაზილევსკაიამ გასცა პასუხი, როცა თქვა, რომ აკაკიმ მშვენივრად იცოდა, რომ ნატალიას მამის ქონებიდან არაფერი დარჩენია და ყველაფერს მისი მამინაცვალი დაეპატრონა. ნატალია ბაზილევსკაია და აკაკი „დაუსწრებელი“ ცოლ-ქმარი იყვნენ. ნატალია შვილთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. მათ შვილს ალექსის საკუთარი საოპერო ორკესტრი და დასი ჰყავდა, რომელიც გასტროლებზე დაჰყავდა და დედაც თან დაჰყვებოდა. აკაკი პერიოდულად ჩადიოდა  ცოლ-შვილთან და ისინიც ჩამოდიოდნენ, მაგრამ ეს არ იყო ტრადიციული გაგებით ცოლქმრობა. არის მოსაზრება, რომ აკაკის ცოლი არ უყვარდა, მაგრამ ბარათებიდან, რომლებსაც ცოლს უგზავნიდა, საპირისპირო ჩანს. აკაკი ნატალიას სიყვარულს ეფიცება. ერთ-ერთ წერილში სწერს: სახლში მისულს შენი საწოლი ცარიელი რომ დამხვდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე და არ ვიცი, ამას სიგიჟე დავარქვა თუ რაო. შესაძლოა, ნატალიასაც უყვარდა, მაგრამ მან კატეგორიულად არ იცოდა აკაკის ფასი. აკაკი მისთვის მხოლოდ ქმარი იყო და მეტი არაფერი, რაც აკაკისთვის ტრაგედიას წარმოადგენდა. მას არ ჰქონდა ბედნიერება, ჰყოლოდა ილიასავით თანგანწირული და მოსიყვარულე მეუღლე. აი, ეს აკლდა ყოველთვის... ერთგან წერს: რაც უფრო ასაკში შევედი, მით უფრო მეტად მინდა, რომ ჩემი ოჯახი ჩემთან ცხოვრობდესო...


- ამბობენ, რომ ტასო მაჩაბელი აკაკის ცხოვრებაში უიღბლო და აუწყობელი პირადი ცხოვრების გამო გამოჩნდა...
- ტასო ბეჟან წერეთლის ქალიშვილი გახლდათ. ბეჟან წერეთელმა 1884 წელს ცოლად შეირთო ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის უფროსი ქალიშვილი ნიცა. მათი ოჯახის სახით საჩხერეში დიდი ლიტერატურული და შემოქმედებითი კერა გაჩნდა. ბეჟან წერეთლის ოჯახი აკაკისთვის ნამდვილ სულიერ სავანედ იქცა, სადაც 1884 წელს გაიცნო ბეჟანის ცოლისდა. ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი ამ დროს 15 წლის იყო, აკაკი კი - 44 წლის, ანუ 29 წლით უფროსი. რასაკვირველია, იმ პერიოდში რაიმე გრძნობებზე საუბარიც ზედმეტია. ტასო და აკაკი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და 1889 წელს 49 წლის აკაკიმ 20 წლის ტასოს პირველი ლექსი უძღვნა.  


- ლექსი სასიყვარულოა?
- ეს არის უფროსი და ძალიან ახლობელი ადამიანის მეგობრული სურვილი ადამიანის მიმართ, რომელიც ახლა გამოდის ასპარეზზე. ლექსში აკაკი მოიხსენიებს სამ ბანოვანს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში და უსურვებს ტასოს, რომ ისიც ნინოს, თამარისა და ქეთევანის კვალს გაჰყვეს. 1891 წელს 22 წლის ტასო ცოლად გაჰყვა ქართველ მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე მაჩაბელს. ქორწილის შემდეგ აკაკი პეტერბურგში, ცოლ-შვილთან წავიდა. შემონახულია წერილები, რომლებსაც აკაკი მაჩაბლებს რუსეთიდან სწერდა და ცოლ-ქმრის მიმართ უდიდეს პატივისცემას, კეთილგანწყობასა და მეგობრობას გამოხატავდა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბანკის თემაზე ილია ჭავჭავაძესა და ვანო მაჩაბლის დაპირისპირების დროს აკაკიმ ვანოს მხარე დაიჭირა. ამ პერიოდში ჟურნალ „კვალში“ გამოქვეყნდა მამხილებელი წერილი, რომელშიც ივანე მაჩაბელს შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგები ფულის მოპარვას აბრალებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ივანეს წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის დროს აკაკი მაჩაბლების ოჯახის მეგობრად და თანამოაზრედ რჩებოდა.
1898 წელს აკაკი ავად გახდა და მკურნალობის კურსი ქუთაისში, სამსონ თოფურიას კლინიკაში ჩაიტარა. საავადმყოფოდან აპრილის ბოლოს გამოეწერა. მაისის ბოლო და ივნისის პირველი ნახევარი მშობლიურ სხვიტორში გაატარა და ივნისში თბილისში ჩავიდა. სწორედ ამ პერიოდში, ღამით, სრულიად გაუგებარ ვითარებაში იკარგება ვანო მაჩაბელი. ოჯახმა დილას გაიღვიძა და ვანო ვეღარ ნახა. ძებნა უშედეგოდ დასრულდა... ვანო მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ აკაკი ასეთი შინაარსის წერილს წერს: „თვალსა და ხელს შუა დაგვეკარგა... ვფიქრობთ და ვერ წარმოგვიდგენია მიზეზი და ერთმანეთს ვეკითხებით, რამ აიძულა ეს კაცი... კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგრამ ეს კი ვიცით, რომ
თავდაპირველი მიზეზი იძულებისა და თესლი უბედურებისა, მისი საზოგადო მოღვაწეობა იყო. იმას ემსხვერპლა“.


- იმდროინდელი საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ მაჩაბელი აკაკისა და ტასოს სასიყვარულო ურთიერთობას შეესწრო და თავი მოიკლა. მეორე ვერსიით, შეყვარებულმა წყვილმა ის თავიდან მოიშორა.. იყო სხვა ვერსიებიც...
- დიახ, იყო ვერსია, თითქოს ვანომ აკაკისა და ტასოს სასიყვარულო ურთიერთობას შეუსწრო და მოკლეს. იყო ვერსიები, რომ ვანო მტკვარში გადავარდა ან „დუხობორებს“ უცხოეთში გაჰყვა და ა.შ. თუმცა შემდგომმა დაკვირვებებმა აკაკი „ეჭვმიტანილთა სიიდან“ მთლიანად გამორიცხა. ვფიქრობ, ტასოს მიმართ აკაკის გრძნობების გამომჟღავნება 1902 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს წერს აკაკი თავის ლექსს „სიმღერა“: „...ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში მცველ-ანგელოზად მელანდებოდი, და ვით ხატის წინ წმინდა სანთელი, უბიწო მსხვერპლად შენ წინ ვდნებოდი“.
მართალია, ლექსი სასიყვარულოა, მაგრამ ჩანს, რომ აკაკის ტასოს მიმართ ამაღლებული და წმინდა დამოკიდებულება ჰქონდა. ერთ ლექსში ის კიდეც ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ უანგარო მეგობრობა და უბიწო სიყვარული.


- იქიდან გამომდინარე, რომ აკაკის მოარშიყე კაცის სახელი ჰქონდა, ხალხმა ამ სიყვარულის უბიწობის არც მაშინ დაიჯერა და არც მერე...
- მოდით, ვნახოთ, ვინ იყო ეს ხალხი. არსებობს აკაკის მსახურების რამდენიმე მოგონება, რომლებიც მას თბილისში ახლდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს აკაკისა და ტასოს ჰქონდათ სამიჯნურო განწყობილება. შესაძლოა, აკაკის ასეთი განწყობა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ტასომ ეს არ მიიღო. მისთვის აკაკი იყო მეგობარი და მზრუნველი ადამიანი, მაგრამ არა - სიყვარულის ობიექტი. 1904 წლის 25 იანვარს აკაკი წერს ლექსს „ტასო მაჩაბლისას“, რომელშიც აღარ მალავს თავის დამოკიდებულებას ქალის მიმართ: „მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვაა და ვაება. ამირანის ჯაჭვებით დაბმული უკვდავება! ბედმა დამწვა, დამდაგა, გადამასხა მდუღარე, მაგრამ გავუძლებ ტანჯვას, შენ თუ მისხვივცისკარე“. ამ ლექსის წერის დროს აკაკი 64-65 წლის, ავადმყოფი კაცია. რა უნდა უნდოდეს ამ ასაკსა და მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ქალისგან? დარწმუნებული ვარ, რომ ტასოს სახით ცხოვრებისა და პოეზიის იდეალი სჭირდებოდა, რომელსაც უფალთან, სანთელთან, სიწმინდესთან და ხატთან დააყენებდა.


- თუმცა, წმინდა და ამაღლებული გრძნობაც ძნელი გასაგებია, როცა საქმე მეგობრის ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება...
- სწორედ ამიტომ არ გამოუმჟღავნებია აკაკის თავისი გრძნობა მაჩაბლის სიცოცხლეში. სხვათა შორის, აკაკის თბილისში ბინა არ ჰქონდა და მეუღლე წერილებს ტასოს მისამართზე უგზავნიდა. შემონახულია აკაკის მიმოწერა ცოლ-შვილთან და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთ წერილში არ იგრძნობა, რომ ბაზილევსკაიას აკაკისა და ტასოს ურთიერთობაში ეჭვი შეეტანოს. პოეტის გარდაცვალების შემდეგ დარჩა საიდუმლო ფონდი, ანუ დალუქული ნაწერები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიხსნა. ყველა ელოდა, რომ ეს ნაწერები ვანო მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, აკაკის აღსარებას ინახავდა. სინამდვილეში ფონდში აღმოჩნდა ტასოსადმი მიძღვნილი წერილები:
„20 წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი ისეთის აღტაცებითა და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლოა მხოლოდ რჩეულისათვის. გეტრფოდი სრულის არსებით. უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა. დიდხანს ვინახავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას. ეს წერილიც ჩემი სულის და ხორცის გაყრაა. თურმე, ჩემი არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად, თქვენი მხრიდან გულგრილობა გამომიწვევია. მაპატივეთ. ნათქვამია, ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო. მაპატივეთ დღეიდან მკვდარს და თვით მკვდარად მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით, სამარადჟამოდ“.
წერილიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აკაკი ტასოს თავის გრძნობებში გამოუტყდა. ტასო გაბრაზდა და მასთან კავშირი გაწყვიტა, თუმცა დროებით... მერე მიხვდა, რომ ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც აკაკი წერეთელია, ბევრი რამ ეპატიება და ისევ შემოტრიალდა. აკრძალული ფონდის მასალები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ყველა კითხვა მოსპო, რაც აკაკისა და ვანო მაჩაბლის ურთიერთობის ბუნდოვან მხარეზე მიანიშნებდა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა აკაკის რძლის მარიამ ციციშვილის მოგონება: „ჩემი აზრით, აკაკის სამი რამე უყვარდა ქვეყანაზე. ეს იყო მისი პირველი სიყვარული ანიჩკა ნიკოლაძე, ნიცა წერეთელი და ტასო მაჩაბელი, მაგრამ მისი უპირველესი სატრფო სამშობლო იყო“.  
მნიშვნელოვანია, რომ 1905 წელს, როცა ივანე მაჩაბელი ბანკთან დაკავშირებულ საკითხებში გამართლდა, ტასომ აკაკის მისწერა: ვანო გამართლდა და მე წელში გავიმართე; დღეს ყველა ამბობს, რა კაცი დავკარგეთ და რა ადამიანი შეიწირა ბანკის საკითხებმაო.
ტასო მაჩაბელი მარჯორი უოდროპისთვის გაგზავნილ წერილშიც წერს, რომ  ვანო თვითმკვლელობამდე საზოგადოებამ მიიყვანა.


- ივანე მაჩაბელის გაქრობის შემდეგ ტასოს ცხოვრება როგორ განვითარდა?
- ტასომ მეუღლესთან 1891-დან 1898 წლამდე, ანუ შვიდი წელი იცხოვრა და ორი შვილი დარჩა. მეუღლის დაკარგვის შემდეგ აღარ გათხოვილა და მთლიანად საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაეშვა. ტასო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ძალიან აქტიური ადამიანი იყო. აკაკისთან მისი დამოკიდებულება ბოლომდე წმინდა და მეგობრული დარჩა.

P.S. წერილის ბოლოს კი დავძენთ, რომ ივანე მაჩაბელის ტრაგედიის შესახებ არსებობს კიდევ ერთი ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, მაჩაბელი მეზობლად მცხოვრები მაკო საფაროვას სიყვარულს შეეწირა, რომელსაც ილია ზურაბიშვილი ეტრფოდა, თუმცა ეს სულ სხვა სამკუთხედი და სხვა სიყვარულის ისტორიაა...


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!


ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი
და ვით ხარის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.


უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.


მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი, სამსალა!


შენც შეგარყიეს... უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.


მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?