რატომ უთხრა უარი სიყვარულზე პეტრე ჩაიკოვსკის დამ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს?

სიყვარულის ისტორიები

5 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

შესაძლოა, ალექსანდრა ვერ მოხიბლა უბრალო სტუდენტზე გათხოვების პერსპექტივამ, ამიტომ მოიმიზეზა, რომ სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების წარმომადგენლები იყვნენ და ერთმანეთს არ შეეფერებოდნენ...

ილიას ფენომენიდან გამომდინარე, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი იყო, ამიტომ ჩვენი მკითხველისთვის არც ილიას ყმაწვილკაცობის დროინდელი სასიყვარულო ისტორიები უნდა იყოს ინტერესმოკლებული.


ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 27 ოქტომბერს ყვარელში დაიბადა და ბავშვობაც აქვე გაატარა.
ყვარელს უკავშირდება ილიას პირველი გატაცება - სოლომონ ჭავჭავაძის ქალიშვილი ელისაბედი (ლიზა), რომელსაც ახალგაზრდა პოეტმა მშვენიერი ლექსი „გახსოვს ტურფავ“ უძღვნა: 
„გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში / მე და შენ რომ ერთად ვრბოდით? / ნეტა იმ დროს!... სიყვარულის / მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით! /  შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი, / გადმომიგდე საყვარელსა / და მითხარი: „ჩემო გიჟო! / ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!“ / ან შენ მაშინ რა იცოდი, / ან შენ გიჟმა რა იცოდა, / რომ იმ ვარდზე ადრე შენი / სიყვარული დასჭკნებოდა!..“

როგორც ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე აღნიშნავს: გადმოცემით, სწორედ ელისაბედ ჭავჭავაძეს ეძღვნება1860 წლის 5 ნოემბერს, 23 წლის ილიას მიერ პეტერბურგში დაწერილი ცნობილი ლექსი „გახსოვს ტურფავ“, თუმცა ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია ეს საკითხი, რადგან აქ ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგში არ უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძეზე გამოქვეყნებული ყველაზე დიდი კვლევის ავტორი გურამ შარაძე წერს: „ამბობენ, თითქოს ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი, იგივე ლიზა იყო, რომელიც შემდეგ ყვარელში მომსახურე ოფიცრის - ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე და კოტე მარჯანიშვილის დედა გახდა. თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი „გახსოვს ტურფავ“. ჩანს, რომ გურამ შარაძეც საეჭვოდ მიიჩნევს ლექსის ადრესატად ლიზა ჭავჭავაძის დასახელებას, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. აღსანიშნავია, რომ დამანა მდივნიშვილის მიერ შეკრებილი ულამაზესი ქართველი ქალბატონების ალბომში „მშვენიერთა სავანე“, ელისაბედ ჭავჭავაძე-მარჯანიშვილისას გამორჩეული ადგილი უკავია.


არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ილიასა და ლიზას ურთიერთობა, რომ არა ახალგაზრდა პოეტის მტკიცე გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გამგზავრებულიყო.
1858 წელს ილია, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე (ფინანსური და ადმინისტრაციული დარგები) ჩაირიცხა. იმ დროისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი ირიცხებოდა. 
ილიას სტუდენტობის პერიოდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ინახავს მისი უახლოესი მეგობრის კოხტა აფხაზის მოგონებები. 
კოხტა აფხაზი გიმნაზიაშიც და უნივერსიტეტშიც ილიასთან ერთად სწავლობდა და მის გარშემო განვითარებული ყველა მოვლენის თვითმხილველი და მონაწილე გახლდათ. 
კოხტას მოგონებებიდან ვიგებთ, რომ პეტერბურგში ილიამ ცნობილი რუსი გენერლის ილია ჩაიკოვსკის ასული და დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის და, ალექსანდრა, იგივე საშა ჩაიკოვსკაია გაიცნო და შეუყვარდა.
ილია ჩაიკოვსკი პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო და შვიდი შვილი ჰყავდა - ზინაიდა (პირველი ცოლისგან), ნიკოლოზი, პეტრე, ალექსანდრა, იპოლიტი, მოდესტი და ანატოლი.  
ილია ჩაიკოვსკის სტუმართმოყვარე ოჯახი ახალგაზრდების საყვარელი თავშეყრის ადგილი ყოფილა. 
კოხტა აფხაზი იგონებს: „პეტერბურგში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ ჩაიკოვსკის ქალით. ამ ოჯახში ხშირად დავიარებოდით და კარგადაც გვიღებდნენ და გვექცეოდნენ. მახსოვს, როდესაც პირველად მოვემზადეთ ამათთან სადარბაზოდ წასასვლელად, დიდ გაჭირვებაში ვიყავით. ერთი მუნდირი გვქონდა და მარტოკა არც მე მინდოდა წასვლა და არც ილიას. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ - დავიჭიროთ კარეტა, ერთად წავიდეთ და სახლთან რომ მივალთ, ჯერ ერთი შევიდეს მუნდირით და მეორემ კარეტაში მოუცადოს. როდესაც პირველი დაბრუნდება კარეტაში, გადასცემს მუნდირს ამხანაგს. ახლა ეს ჩაიცვამს და წავა სადარბაზოდ. ამგვარად დავაღწიეთ თავი უხერხულ მდგომარეობას.“



1858 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თავის დას ნინოს საინტერესო და მრავლისმეტყველი წერილი გაუგზავნა: „ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი, ისე ვარ მიღებული, ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე, ნინო, სააღდგომოთ გამომიგზავნე. ვიცი, რომ გიყვარვარ..."


ამ ბარათიდანაც ჩანს, რომ ილია საშა ჩაიკოვსკაიას მიმართ გულგრილი არ გახლავთ, თუმცა მანამდე ილიას ალექსანდრასთვის უკვე ჰქონდა მიძღვნილი ლექსი, სადაც თავისი ყმაწვილური სურვილი ასე გადმოსცა:
„მაშინ დავსტკბები სულის სამოთხით, / როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, / და ქალწულობის კრთომით, მორცხვობით / მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე, / მე დაგყურებდე ტრფიალებითა, / შენს ჩემს გულზედა თავი გესვენოს, / მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა / მე შენთვის კოცნა ვერ გამებედოს. / ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა / ვით ლოცვით ბგერას, ლმობით ვისმენდე / და ცოდვილთ ფიქრთა
ზედ-მოსევასა/ შენის სიწმინდით ვიგერიებდე“.


საშასთვის მიძღვნილ ლექსებს ილია ადრესატის ინიციალებით აღნიშნავდა, ამიტომ კარგა ხანს ლექსების მუზად სოფიო ჩაიკოვსკაია (ალექსანდრას ბიძაშვილი) მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით პროფესორმა გურამ შარაძემ დაადგინა, რომ ილიას ლექსების მუზა არა სოფიო, არამედ საშა, ანუ ალექსანდრა ჩაიკოვსკაიაა, რომელიც ხალისით მასპინძლობდა ქართველ თაყვანისმცემელს, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულზე უარი უთხრა და 1860 წლის ზაფხულში ცოლად გაჰყვა ლევ დავიდოვს.
1860 წლის 21 ივლისს ილია წერს ლექსს „ს. ჩ-სას“:
„სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი / გამიტაცებს სუბუქ ფრთითა, / ვითომც მე შენ მოგხვევივარ / სავსეს ეშხის სიამითა. / დასტკბი, გიჟო-მეუბნები, / აჰა ჩემი წრფელი გული! / ბაგე ბაგეს ჩავაკონოთ / და ჩავართათ სულთან სული! / თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია, მითაც სტკბება გული კრული... / თუ არ სიზმრით, მაშ რით დასტკბეს / უიმედო სიყვარული!“


ამ ლექსიდან აშკარად ჩანს, რომ ილიას საშა უყვარს, მაგრამ ეს სიყვარული ცალმხრივია და უიმედო.
22 ივლისს  „ჩ…სას“ ინიციალებით მეორე ლექსი იწერება:
„ერთხელ მითხრა: „ცხოველ ქვეყნის ივერიის შობილი ხარ, / მაღალ მთების ქარიშხალით, ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ. / „მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი, ზამთრის სუსხით დაჩაგრული, / შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს პასუხს ჩემი ცივი გული?! / ტურფამ ეგრე განირიდა ჩემი წმინდა სიყვარული / ჩანს ოდითვე დანიშნულა სამარტოოდ ჩემი გული“




თავის კვლევაში გურამ შარაძე მიუთითებს, რომ, რადგან ლექსებს თარიღად 1860 წლის 21 ივლისი და 22 ივლისი აწერია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ 1860 წლის ზაფხულში გაუმჟღავნა საშა ჩაიკოვსკაიამ მასზე უიმედოდ შეყვარებულ ჭაბუკ პოეტს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება დავიდოვზე გათხოვების შესახებ და ეს ლექსები ამ ამბისგან გამოწვეული ღრმა სულიერი განცდების შედეგია.


მურად მთვარელიძის თქმით, პეტერბურგის ცნობილი და ელიტური ოჯახის შვილმა არ მიიღო უბრალო სტუდენტის სიყვარული და კარგადაც მოიქცა, რადგან ჩაიკოვსკაიაზე დაქორწინების შემთხვევაში, შესაძლოა, ილიასაც იგივე მოსვლოდა, რაც ნატალია ბაზილევსკაიაზე დაქორწინებულ აკაკის მოუვიდა:
- ჩვენ ვიცით, როგორ დაინგრა აკაკი წერეთლის სულიერი სამყარო ნატალია ბაზილევსკაიასთან ქორწინების შემდეგ. მიხეილ ქვლივიძემ აკაკისადმი მიძღვნილ ლექსში არაჩვეულებრივად გამოხატა, რომ აკაკი იმყოფებოდა მდგომარეობაში, როცა „ოჯახში არ გაქვს სამშობლო და სამშობლოში არ გაქვს ოჯახი“.
არ არის გამორიცხული, რომ ილიასთანაც იგივე განმეორებულიყო და მადლობა ღმერთს, რომ ილიას შეხვდა ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ილია ყოველთვის ილია იქნებოდა, მაგრამ ოლღა გურამიშვილს მაინც უდიდესი წვლილი მიუძღვის მის ცხოვრებაში.

საშა ჩაიკოვსკაიასთან დაშორების შემდეგ, 1860 წლის აგვისტოში ილია წერს კიდევ ერთ სევდიან ლექსს: „ჩემო მკვლელო! ვიცი, ვიცი, / არ ხარ ისე მშვენიერი / რომე შენის ერთის ნახვით / განცაცვიფრდეს უქმი ერი, / მაგრამ შენში რაღაცაა, / ის ათრთოლებს ნატვრით გულსა... / ეხლა კი მწამს, რომ ჰქონია / თვისტომობა სულთან სულსა“.
ცოტა სადავოა, ეძღვნება თუ არა ეს ლექსი ალექსანდრა ჩაიკოვსკაიას, მაგრამ აშკარად იმავე განწყობილებებითაა შექმნილი.


1861 წლის აპრილში ილია საქართველოში ბრუნდება, გაიცნობს ოლღა გურამიშვილს და იწყება მათი ამაღლებული და ლამაზი ურთიერთობა...
მაგრამ ეს უკვე ვრცლად სასაუბრო თემაა და შემდეგი წერილისთვის გადავდოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?