„ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება! “

სიყვარულის ისტორიები

12 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

პეტერბურგში ცხოვრებისა და ცნობილი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის დის, ალექსანდრას მიერ უარყოფილი სიყვარულის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ 1863 წელს საგურამოელი უმდიდრესი მემამულის ქალიშვილი ოლღა გურამიშვილი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა... 


დაპირებისამებრ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, მწერალ მურად მთვარელიძესთან ერთად, ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და სასიყვარულო ისტორიების თხრობას. 

ილიას უახლოესი მეგობარი, უკრაინული წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე ივანე პოლტორაცკი თავის მოგონებებში წერდა:
„უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი, მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა. თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის. მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა, მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა. თაყვანება და ერთგულება თავისი საყვარელი მეუღლისადმი ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია“. 
ასე დაიწყო ის დიდი ლეგენდა, რასაც ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარული ჰქვია.  


ოლღას 26 წლის ილია იმ პერიოდში შეხვდა, როცა დიდი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და  ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემისთვის ემზადებოდა. თავის ნაშრომში გურამ შარაძე წერს, რომ სრულიად ყმაწვილ ქალში ილიამ ნათლად შეიგრძნო თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამწევის ღირსებები და 1863 წლის 8 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ პირველსავე წერილში იმ დროისთვის ჯერ კიდევ გამოუსვლელ „საქართველოს მოამბის“ კრიტიკოსობა შესთავაზა. მამულიშვილური საქმეების კეთებისთვის შემართული ილიასთვის სიყვარული ერთგვარი სტიმული იყო. მით უმეტეს, რომ ეს უკვე აღარ იყო ცალმხრივი გრძნობა. თითქოს, განგებამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იმიტომ შეახვედრა, რომ არა მარტო პიროვნულად, არამედ, სამშობლოს სიყვარულითა და მის მიმართ გაწეული ღვაწლითაც დაეკავშირებინა.


თავის ერთ-ერთ წერილში ოლღა საქმროს სწერს:
„ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ, ეს შენი წიგნებიდანაა [წერილებიდან] და მინამ პირში სული მიდგას, ამით ვისიამოვნებ, რომ მეც ვიყავი ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია, რომ ვინმე ყოფილიყოს. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები“.   
ამბობენ, ოლღა მეუღლის წერილებს ყველგან თან დაატარებდა და 1907 წელს, საბედისწერო თავდასხმის დროსაც, ხელჩანთაში, ილიას ნაჩუქარ მინდვრის ყვავილებთან ერთად ეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ოლღას მამა, დიდი თავადი თადეოზ გურამიშვილი ამ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, ილიასა და ოლღას ურთიერთობა 1863 წლის 10 აპრილს  ჯვრისწერით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი ე.წ. საჯარო ბიბლიოთეკასთან მდებარე სამების ეკლესიაში დაიწერა.
ამ დღიდან გურამიშვილის ასულში, უდიდეს სიყვარულთან  ერთად, გაჩნდა საოცარი მოვალეობის გრძნობა, რომელიც სიკვდილამდე არ მოშორებია.  


ივანე პოლტორაცკი იგონებდა:
„...შეუყვარდათ ერთმანეთი გატაცებით და არავითარ მატერიალურ ანგარიშს ადგილი არ ჰქონია იმათ შორის და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიული გატაცების, რისი შედეგიც იყო ოლღას სახლიდან გაპარვა და ჩვენი ამხანაგების დახმარებით, იმათი საიდუმლო დაქორწინება“. 
მურად მთვარელიძე ილიას მეგობრისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ყიფშიძის მოგონებებსაც იხსენებს, სადაც ოლღას პიროვნული თვისებებია შემკული:
„ოლღა აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველმოქმედი. ყოვლის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრის და მაღმერთებელი მისი ნიჭისა“.
1873 წლის 23 მარტს დუშეთში მყოფი ილია წერილს უგზავნის იმხანად ბაქოში დასთან, ეკატერინე სტაროსელსკაიასთან სტუმრად მყოფ ოლღას (სტაროსელსკი, ანუ ილიას ქვისლი, შემდგომში ბაქოს გურბერნატორი გახდა):
„გული არაფერზედ მიმდის. კალამი ხელში ვერ ამიღია, რომ დავწერო რამე. ერთი ხეირიანი და რიგიანი აზრი არ მომდის. ნეტავი ან შენ იყო აქ და ან მე ვიყო მანდ, თქვენთან“.


მურად მთვარელიძე აღნიშნავს, რომ ოლღა ყველანაირად ეხმარებოდა მეუღლეს მუშაობაში. შეიძლება ადამიანი იყოს კარგი მეუღლე, მაგრამ ცხოვრების მეგზურის შემოქმედება და სულიერი სამყარო ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ოლღა კი, ფაქტობრივად, მეუღლის ერთგვარ ფარად იქცა მის შემოქმედებით მოღვაწეობაში. მათი ახლობელი ბარბარე მაყაშვილი თავის მოგონებებში წერდა:
„ერთხელ, ოლღამ შემიყვანა ილიას საწოლ ოთახში. საწოლთან იდგა მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი კარტოფილის სანთლებით. ოლღამ მითხრა, ყოველ ღამე ასე ვუმზადებ აქაც, ყვარელშიც და თბილისშიც.  ცოტას ჩაიძინებს, მალე გაიღვიძებს, აანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება, წერსო“.
მიუხედავად იმისა, რომ შინამოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ, ილიას ოთახს ოლღა ალაგებდა, თითქოს უცხო თვალისგან იცავდა. ოლღა მთელ დღეს მასზე ზრუნვაში ატარებდა. თვალებში შესცქეროდა და უთქმელად იცოდა ქმრის სურვილები. სანამ ილია მუშაობდა, ოლღა ვერ ისვენებდა, შფოთავდა, ვერ იძინებდა.
იმის დასტურად, რომ ოლღა გურამიშვილი მზრუნველი, მოსიყვარულე  და თავდადებული მეუღლე იყო, მკვლევარს ილია ჭავჭავაძის ოჯახთან დაახლოებული არაერთი პიროვნების მოგონება მოჰყავს.
ოჯახის ახლობელი არტემ ახნაზაროვი: 
„ილიას ხასიათს მისი მეუღლე ოლღა თადეოზის ასული ისე იყო მიჩვეული, რომ კაბინეტს, როცა ილია მუშაობდა, არ მიეკარებოდა და თუ შევიდოდა, ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით და ხმაამოუღებლად გამობრუნდებოდა“.
ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი:
„ოლღა ბედნიერად თვლიდა თავის თავს, რომ ბედმა არგუნა მეუღლედ ასეთი შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადამიანი და ამით სრულიად კმაყოფილი იყო, მეტს არაფერს ნატრულობდა. ილია მისთვის სათაყვანო კერპი იყო, რომლის წინ მუხლს იდრეკდა. ილიას აღმერთებდა და ამიტომ თვალ-წარბში შეჰყურებდა, თავს დასტრიალებდა, რომ არც თვითონ და არც სხვას არ ეწყენინებინა რა და არ განერისხებინა. ილიას მუშაობას უყურებდა როგორც მღვდელთმოქმედებას და ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს ფეხაკრებით დასტრიალებდა, ახლოს არავის მიაკარებდა. ყველას ნელის ხმით უნდა ელაპარაკა, რომ ილია არ შეეწუხებინა, მის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა“.


ილია და ოლღა თბილისში დამკვიდრდნენ, მაგრამ ამავე დროს საგურამოში ჰქონდათ ოლღას მამულები, სადაც მოგვიანებით სასახლე აიშენეს. ამ სახლს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ამის მეტი ცხოვრებაში არაფერი შემიქმნიაო, - ამბობდა საგურამოს სახლზე ილია.  
ქმრისადმი პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ნიშნად, ოლღამ საგურამოში სახალხო დღესასწაული ილიაობა დააწესა, სადაც უამრავ სტუმარს იწვევდნენ.  
შეიძლება, ვინმეს ქმარზე ასე მზრუნველი ქალი ჩაკეტილ პიროვნებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არ ითქმის ოლღაზე.
საქართველოზე შეყვარებული გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი მას ასე ახასიათებს:
„ილიას მეუღლე ოლღა დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადო საქმეში. ყოველ წელიწადს სახლში ამზადებდა ნივთებს ალეგრისათვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ იმართებოდა ხოლმე. ოლღა იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი და ყოველივე ამას შესანიშნავად უთავსებდა ერთმანეთს“. 

რასაკვირველია, არც ილია ტოვებდა ოლღას უყურადღებოდ. როგორი მოუცლელიც არ უნდა ყოფილიყო, მისი დაბადების დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდა და უდიდესი სიყვარულით აღნიშნავდა.
გიორგი ლასხიშვილის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ილიას ჩვეულებად ჰქონია წელიწადში რამდენჯერმე თავისი მეგობრების მოწვევა. ახალი წელს, ოლღას დაბადების დღესა და აღდგომის კვირის ერთ-ერთ დღეს წვეულებას აუცილებლად გამართავდა და ახლობლებს იწვევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ილიასა და ოლღას შვილი არ ჰყოლიათ, ამას ოდნავი ჩრდილიც კი არ მიუყენებია მათი ურთიერთობისთვის.
1906 წლის აპრილში ილიამ სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საარჩევნო ყრილობაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ის სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს.
რა თქმა უნდა, ამბავი ელვის სისწრაფით მოედო საქართველოს. ბედნიერმა ოლღამ პეტერბურგში მისალოცი დეპეშა აფრინა „გილოცავ გამარჯვებას. იცოცხლე ჩემდა გასახარად“.



თუმცა, სამწუხაროდ, ილიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა.
1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან გასროლილმა ტყვიამ სამუდამოდ შეაჩერა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გულის ფეთქვა.
საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი მარიამ ორბელიანი ილიას მკვლელობის წინა დღეებს ასე იგონებს:
„გამგზავრების წინა დღეს თითქოს რაღაცა წინათგრძნობის ძალით მივედი მათთან გამოსათხოვებლად. სასტუმრო ოთახში ოლღა თადეოზის ასული დამხვდა. ზეზე ადგა აჩქარებული, აკანკალებული ქაღალდსა შლიდა. შევედი, მომესალმა და განაგრძო თავისი საქმე. თან თვალცრემლიანმა მითხრა, რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამოდის. საშინელ ამბებს მიწინასწარმეტყველებს. ვეხვეწები ილიას, გადადოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებსო“. 
მურად მთვარელიძის თქმით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ილია ჭავჭავაძემ მეუღლის თხოვნა არ შეისმინა და ბედისწერასთან შესახვედრად, საგურამოსკენ გაემგზავრა.


ილიას გარდაცვალებიდან სამი წლის მერე ოლღა ასე იხსენებს ამ ამბავს:
„მცხეთის თავზე ერთი ადგილია, წიწამურს ეტყვიან. იქ რომ მივუახლოვდით, ყაჩაღები დაგვესხნენ თავს. მე მაშინვე ილიას მკერდით გადავეფარე და ვკიოდი, ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურჯულოებო. ეს ქვეყანას სჭირდება. თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთ-მეთქი, მაგრამ თოფის კონდახი ჩამარტყეს თავში და იქვე ღელეში გადამაგდეს“. 
2 სექტემბერს გაზეთი „ისარი“ წერდა:
„ნადირებს ეს მსხვერპლი არ უკმარიათ და თავიანთი საზიზღარი საქმის დასაგვირგვინებლად, უმწეო დედაკაცი უცემიათ. ილიას მეუღლეს გატეხილი აქვს მარცხენა ყბის ძვალი და თავზედაც მძიმე ჭრილობა აქვს. იგი იქვე უგრძნობლად დაცემულა“.
ტრაგედიის დროს, ილია 70 წლის იყო, ხოლო ოლღა 65 წლისა გახლდათ.
1908 წლის 29 დეკემბერს ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
დიდბუნებოვანი და სიკეთით სავსე ოლღა შეაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ და დაწერა წერილი, რომლითაც მკვლელების შენდობა ითხოვა:
„სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ძვირფასი ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს. სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი ძალღონე და ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის და კაცთა შორის სიყვარულის გამტკიცებას. მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზადაბნეულ ცხვრებად მიიჩნევდა. დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს სულიერ ცხოვრებაში იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება.
ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი. მოგმართავთ თქვენ გულწრფელი და მხურვალე თხოვნით, ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ. თვითვე მხოლოდ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს ჩემი ქმრის გვერდით და თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამ სოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა, შეუნდონ ამ უბედურ, გზადაბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია. ამჟამად თქვენზეა დამოკიდებული, მოიქეცით ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელიც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთის სოფელში“.


ოლღას ბარათმა მთელი იმდროინდელი რუსეთის იმპერია აალაპარაკა და აღაფრთოვანა იმდროინდელი რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, თვით ლევ ტოლსტოიც...
„რუსკიე ვედემოსტი“ წერდა:
„მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც იგი მხეცურად დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ახლა უნდა ვთქვათ, ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა“.


ჯანმრთელობაშერყეულმა ოლღამ ილიას სიკვდილის შემდეგ დარჩენილი სიცოცხლე მამადავითზე მდებარე მეუღლის საფლავთან გაატარა.
მურად მთვარელიძის თქმით, ხშირად ხედავდნენ, როგორ იღებდა ოლღა ჩანთიდან ილიას სურათს, დასტიროდა და ეფერებოდა.
საყვარელი მეუღლის საფლავთან რომ ახლოს ყოფილიყო, 1909 წლის აგვისტოში ოლღამ დატოვა თბილისის ბინა, სადაც ილიასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა და მთაწმინდის ოც ნომერში გადავიდა. „დღეს ჩემს სადგომში გადავალ მთაწმინდის ქუჩა ნომერ ოცში. სამი ოთახია და მეოთხე მოსამსახურისათვის ყველაფრით მოწყობილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლო ვარ მთაწმინდის ეკლესიასთან. როდესაც მინდა, ავალ. ისე ახლოა, რომ შემიძლია მარტოც ავიდე... იქ გული დამშვიდებული მაქვს, თითქოს იმასთან ვიმყოფები და ეს მალამოსავით მომეცხება ხოლმე. აი, ჩემი ყოფა და ცხოვრება“, - წერდა ოლღა. 


მალე ილიას ღირსეულმა მეუღლემ  თავისი საგურამოს მამულები ილიას მიერ დაარსებულ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა და საგურამოს სასახლეში სკოლა გახსნა.
ოლღა გურამიშვილი 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა და ქართველმა ხალხმა ის მთაწმინდის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალა. ოლღა გურამიშვილის ღვაწლის აღიარების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო.
ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ იოსებ იმედაშვილმა ოლღას დაკრძალვაზე ასეთი სიტყვა წარმოთქვა:
„ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა...“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?