„ჩემი თვალები ისევ მოგელის...“ - ტერენტი გრანელის საბედისწერო გატაცება

სიყვარულის ისტორიები

30 იანვარი 14:00, 2016 წელი

ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა წარმოუდგენელი იყო... თუმცა არის ერთი ამბავი, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში უცნაური კვალი დატოვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო...

„ოციანი წლების თბილისს კარგად ახსოვს ერთი შთამაგონებელი და სევდიანი ნაწილი მისი ბოჰემური ისტორიისა. კარგად ახსოვს სამგლოვიარო პროცესიების ხშირი გამცილებელი ახალგაზრდა კაცი. არცთუ სათუთად და საკმაოდ ღარიბულად ჩაცმული, თეთრი ტილოს ტანსაცმელში გამოწყობილი, თავდახრილი და მიცვალებულის ჭირისუფალივით შეწუხებული, შორიახლოს რომ მიაცილებდა სასაფლაოსკენ მისთვის სრულიად უცნობს... ან კიდევ ეკლესიის ეზოებში, საფლავებს შორის ლანდივით მოსიარულე, ჩუმად მობუტბუტე, ეპიტაფიებთან ჩამუხლული, უეცარ შემხვედრს საოცარ ლურჯ თვალებს რომ შეანათებდა, რომელთაგან მუდამ სევდა და ტკივილი მოჩანდა...“ - ასე იწყება ლიტერატურული წერილი თამარ პაიჭაძისა და თამარ შარაბიძის წიგნიდან „რომანული ეპიზოდები“, რომელიც ტერენტი გრანელის ცხოვრებას ეხება.


ტერენტი სამსონის ძე გრანელი (კვირკველია)1897 წლის 25 ნოემბერს, ღარიბი წალენჯიხელი გლეხის ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ ტერენტისა და მის ორ დას სათნო და მორწმუნე დედინაცვალი დარია მებონია უვლიდა. მომავალი პოეტი, რომელიც წიგნიერებისკენ მიდრეკილებებს ადრეული ასაკიდან ამჟღავნებდა, მშობლებმა წალენჯიხის სასწავლებელში მიაბარეს. ტერენტი მეექვსე კლასში იყო, როცა კვირკველიების სახლი დაიწვა და იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. ცხოვრების მკაცრმა პირობებმა მომავალი პოეტი სევდიანი და გულჩათხრობილი გახადა, მაგრამ სწავლის სურვილი არ დაუკარგავს.  
1918 წელს ტერენტი უფროს დასთან, მაშოსთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა.


გულჩათხრობილი და მარტოსული პოეტი, რომელიც არასოდეს საუბრობდა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ორ რამეს ეთაყვანებოდა - პოეზიასა და თბილისს.  
„მისთვის სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა, არასოდეს ყოფილა გამთბარი, მაძღარი, არც
საკუთარი ჭერი ღირსებია, არც სამსახური ჰქონია და არც ჰონორარებით ყოფილა განებივრებული. მის სევდიან  და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი გამონათება თუ მოხდა და ისიც თავის საყვარელ ქალაქში მისივე წიგნის გამოცემასთან, ლიტერატურულ საღამოსთან ან მკითხველთა აღიარებასთან იყო დაკავშირებული“.  (ნაწყვეტი „რომანული ეპიზოდებიდან“)


თბილისში ცხოვრების პერიოდში ტერენტიმ მუშაობა ჯერ რკინიგზის სადგურზე დაიწყო, შემდეგ კი გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში. პოეტი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცა სიამაყე უფლებას არ აძლევდა, თავის გასაჭირზე სხვებთან ესაუბრა.
„უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი - სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ, ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია, პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავოს. ამ დროს ის დაუნდობელია და პირში მთქმელი“, - ასე ახასიათებდნენ ტერენტის მეგობრები.


ტერენტის გამოჩენისას ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა, რასაც ვერც ახალგაზრდა პოეტი ასცდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა 1919 წელს ლიტერატურულ ფსევდონიმად გრანელი აირჩია.
მალე, სიმონ ყაუხჩიშვილის დახმარებით, ტერენტის პირველი ლექსი დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა სევდითა და მისტიციზმით სავსე კრებულები „პანაშვიდები“ და „სამგლოვიარო ხაზები“.
1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის ლექსების კრებული „სულიდან საფლავები“, რომელსაც რეცენზიები მიუძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ.
ტერენტის პოეტური ნიჭი შეიცნო და დააფასა პოეზიის მეფედ აღიარებულმა გალაკტიონმა. თავის მხრივ, ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე:

„ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, / ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. / გალაკტიონში არის დემონი / და ჩემში უფრო ანგელოზია. / ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, / ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია / გალაკტიონში მიწა ანათებს / და ჩემში უფრო ზეცის სხივია. / შორს ქარი კივის, ახლო მტერია, / ახლა ღამდება, შვიდია სრული. / გალაკტიონში ლურჯი ფერია / და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული“. (ლექსიდან „მე და გალაკტიონი“)

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია, როცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“ გამოსცა. ამ პერიოდში ხშირად იმართებოდა პოეტის ლიტერატურული საღამოები. ტერენტის აღტაცებით ხვდებოდნენ ყველგან, თუმცა აღიარებას მისთვის სულიერი სიმშვიდე არ მოუტანია.
„რომანული ეპიზოდების“ ერთ-ერთი ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორი თამარ პაიჭაძე მიიჩნევს, რომ ტერენტი გრანელი უცნაური ადამიანი იყო და ეს მისი მძიმე ცხოვრებიდან მომდინარეობდა.
„პოეტი თბილისის ძველ უბანში, იტალიური ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა. ფიროსმანივით, ადამიანების სითბოს და სიყვარულს დანატრებული, მასავით დაუფასებელი, სადა და უბრალო, როგორც ყოველივე დიდი, მართალი და ნამდვილი. ცივ და პატარა ოთახში ტახტის, მაგიდის, სკამის, პატარა ნავთქურის გარდა, არა გააჩნდა რა. თუ არ ჩავთვლით იმ მშვენიერ ლექსებს, პატარა მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებზე რომ იქმნებოდ და განუყრელ უბის წიგნაკს, რომელსაც მუდამ თან ატარებდა და ხშირად ქუჩაში ხეტიალისას აკეთებდა მასში ჩანაწერებს...“


თბილისში ისე ჩამოვიდა, რომ არ იცოდა, სად, როგორ ან ვისთან უნდა ეცხოვრა. წალენჯიხიდან იაკობ შარტავას მიერ ცნობილ ლიტერატორებთან, ზაქარია ჭიჭინაძესა და იოსებ იმედაშვილთან გამოგზავნილი სარეკომედაციო წერილები ჩამოიტანა. ამ ადამიანებმა დაინახეს რაღაც შემოქმედებითი, რაციონალური მარცვალი ტერენტის შემოქმედებაში, მაგრამ ცხოვრების სტილი და სურვილი, რომ ცისფერყანწელების მსგავსად, ბოჰემურად ეცხოვრა, მას ყველაფერში ხელს უშლიდა. ტერენტის წარმოსახვაში პოეტს აუცილებლად მოქეიფე ცხოვრებით უნდა ეცხოვრა და თავადაც, როგორც კი ჰონორარს აიღებდა, ქეიფში ხარჯავდა. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ტერენტის არ ჰქონდა სახლი, ტანსაცმელი და ყოველდღიური საჭიროების ნივთები. მეგობრები ურჩევდნენ, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. დაეხმარნენ, რომ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაწერილიყო და სტამბაში ამკინძავად დაეწყო მუშაობა. ლიტერატურულ საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია ტერენტის შემოქმედებითი  ნიჭი, საოცარი ხედვა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულება.


მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გრანელის პოეზია განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებს შორის სარგებლობდა. სტუდენტი გოგონები მიიჩნევდნენ, რომ ტერენტი მისტიკოსი პოეტი და მათი გულის მესაიდუმლე იყო. ამ დამოკიდებულებას ისინი პოეტს არა მარტო ლიტერატურულ შეხვედრებზე, არამედ ქუჩაში და პირად წერილებშიც უზიარებდნენ. ტერენტი მათ თავდახრილი და ბედნიერი უსმენდა და საპასუხოდ წერილებსაც ჩუქნიდა, მაგრამ  ცდილობდა, თავისი პერსონით ზედმეტად არავინ მოეხიბლა. ის თითქოს გაურბოდა ქალებთან ურთიერთობას...
და აი, ამ დროს ტერენტის პოეზიის თაყვანისმცემელთა ტალღაში გამოჩნდა ქალბატონი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლენად იქცა პოეტის ბიოგრაფიაში.


ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა და შეყვარებული კაცის როლის მორგება წარმოუდგენელი იყო.
პოეტს პირადი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ალბათ, ამიტომაა, რომ სატრფიალო ლექსები ძალზე მცირე აქვს. თუმცა, იყო ერთი ისტორია, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში უცნაური კვალი დატოვა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო:
„მე ვარ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემელი. თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ მექცა. ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი ლექსი. მე თქვენ თბილისში გხვდებოდით და საიდუმლოდ, ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც... ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან, ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი ლექსები“.

ეს ქალბატონი იყო სამხედრო მოსამსახურის ცოლი თამარ ჯაფარიძე, რომელიც მეუღლეს უკრაინაში გაჰყვა, თუმცა ტერენტი გრანელის პოეზიით გატაცება არ განელებია.
ამ წერილმა ძალიან ააფორიაქა და ააღელვა პოეტი. მან ქალს საპასუხო წერილი მიწერა და მალე მათ შორის ეპისტოლარული მეგობრობა გაიბა. 


ტერენტი გრანელის მეგობარი გენო ქელბაქიანი იხსენებს, რომ იმ პერიოდში ტერენტი ძალიან შეიცვალა, 

თვალებში სხივი ჩაუდგა და აღტაცებული სახით მომავლის გეგმებზე დაიწყო საუბარი.
მალე თამარმა პოეტს თავისი ფოტოსურათი გამოუგზავნა, რომელზეც გამოსახული იყო მშვენიერი ქალი.
„შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია... მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე... რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს...“ - წერს ტერენტი გრანელი თავის „უცნაურ“ სიყვარულს თამარ ჯაფარიძეს.

შეყვარებულმა ქალმა ლოდინს და მონატრებას დიდხანს ვეღარ გაუძლო და ტერენტის მოსწერა - გადავწყვიტე, მეუღლე დავტოვო და შენთან ჩამოვიდეო. 


დათქვეს დრო, როცა თამარი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
იმ პერიოდში ტერენტი კიდევ უფრო შეიცვალა. ფაქტობრივად, ადგილს ვეღარ პოულობდა. ამ დროს დაიწერა  მისი ცნობილი ლექსი „შენს მოლოდინში“:
„მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, / ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. / ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! / ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! / ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, / ახლა ქარები არხევენ ტირიფს. / მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას / და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. / ისე გაივლის წამება, ოხვრა, / შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. / მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? / მოხვალ და ვიცი, მომეფერები! / თუმცა იქნება ღამე წვალების, / ღამე სასტიკი და ულმობელი. / და ეს თვალები, ლურჯი თვალები, / ჩემი თვალები ისევ მოგელის...“


დადგა თამარ ჯაფარიძის ჩამოსვლის დღეც.
ტერენტი მღელვარებამ და მოლოდინმა აიტანა და სადგურზე წასვლისას თან მეგობარი გენო ქელბაქიანი იახლა. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ სწორედ მეგობარი გახდა მომსწრე იმ უცნაური ტრანსფორმაციისა, რომელიც ტერენტი გრანელმა თამარ ჯაფარიძის დანახვისას განიცადა.


ტერენტი და გენო სადგურზე ადრე მივიდნენ. თავის მოგონებებში გენო ქელბაქიანი წერს, რომ სადგურში ბევრი ხალხი ირეოდა. ბოლოს ბაქანი ნელ-ნელა დაიცალა და გამოჩნდა მარტო მდგარი ქალი, შემცბარი ღიმილით და დიდი ჩემოდნით. ამ წუთამდე „ციურ ლაჟვარდთა მხილავი“ ტერენტი უცებ დაუბრუნდა მიწას. ის გამშრალი და გაფითრებული უყურებდა ქალს, რომელიც არაფრით შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ოცნების ასული. ეს იყო „უზარმაზარი ჩემოდნით მდედრობითი სქესის მოქალაქე“. ქალმა ღიმილით გაუწოდა ხელი და მიესალმა. ტერენტიმ გულგრილად ჩამოართვა ხელი. მერე გენო ქელბაქიანს უთხრა, წავედით ჩქარა, ჩვენ გველოდებიანო და გაიქცა.
როგორც გენო იხსენებს, მისი უსაქციელობისგან იმდენად დაიბნა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა:
„მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი“.
დაბნეულმა და შეწუხებულმა ქელბაქიანმა ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა და ტერენტის დაუწყო ძებნა. მოგვიანებით პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა: „ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი?!“
არავინ იცის, რა მოხდა ტერენტის არსებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერენტისთვის ეს ქალი და მისი დიდი ჩემოდანი ერთად მიუღებელი და შეუსაბამო იყო.

თამარ ჯაფარიძე კიევში აღარ დაბრუნებულა. ის საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი მის დანახვაზე ყოველთვის კრთებოდა და ოდესღაც წარმოსახვით სიყვარულს ელდანაკრავივით გაურბოდა.
ამასთან დაკავშირებით არსებობს ტერენტი გრანელის კიდევ ერთი მეგობრის დარია ახვლედიანის მოგონება. ეს ქალბატონი კუკიის სასაფლაოს სიახლოვეს ცხოვრობდა და ხშირად, სასაფლაოზე მოსეირნე ტერენტის, რომელსაც თბილი კერაც აკლდა და ცხელი სადილიც, თავისთან ეპატიჟებოდა.
„ერთხელაც გავძახე და მოვიდა. სასადილოდ ვემზადებოდით, რომ ფანჯრაში გაიხედა, ელდანაცემი წამოხტა, მეორე ფანჯრიდან გადახტა და სასაფლაოსკენ გაიქცა“, - წერს დარია ახვლედიანი. 


აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონთან სტუმრად თამარ ჯაფარიძე მოდიოდა და პოეტმა შემთხვევით დაინახა.
ტერენტი გრანელმა თავისი სიყვარული ამ სტრიქონებით გამოიტირა:
„და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ / დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე / არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე / არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე“.


დიდი იმედგაცრუების შემდეგ გრანელის ცხოვრებაში სასიყვარულო გატაცება აღარ ყოფილა. 
ის კიდევ უფრო გაუცხოვდა და გაერიდა ადამიანებს. მისი პოპულარობაც ნელ-ნელა მიინავლა...
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.
1928 წლიდან კი პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. 
როცა ტერენტის მდგომარეობა დამძიმდა, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინათ. ეს იყო 1930 წელს. ისევ გენო ქელბაქიანი წერს, რომ ერთხელ მეგობრები მის სანახავად სურამში ჩავიდნენ და ნახეს, რომ პოეტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ შეხვდნენ ადგილობრივი რაიონული აღმასკომის თავმჯდომარეს და სთხოვეს, ტერენტის უფრო სათუთად მოპყრობოდნენ და მეტი თავისუფლება მიეცათ. ამან შედეგი გამოიღო და პოეტს ბაღში სეირნობის უფლება მისცეს. არავინ იცის, როგორ მოახერხა ტერენტიმ საავადმყოფოდან გამოპარვა და თბილისში ჩამოსვლა. არც ისაა ცნობილი, სად ცხოვრობდა ამის შემდეგ, მაგრამ ვიცით, რომ ეს უკვე იყო სრულიად შეურაცხადი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ვინაობაც არ ახსოვდა. ნინო ლაპიაშვილი თავის მოგონებებში წერს, რომ ტერენტის შემთხვევით ბელინსკის ქუჩაზე შეხვდა. პოეტი საშინლად ჭუჭყიანი იყო, ფეხები დახეულ ფეხსაცმელებში ჰქონდა წადგმული და ტანზე დაგლეჯილი საბანი ჰქონდა მოხვეულიო. გადავუდექი წინ და ვუთხარი: ტერენტი, ნინო ვარ, მიცანიო? მივხვდი, რომ ვერ მიცნო, მაგრამ მითხრა, თუ ნინო ხარ, წადი და ფარდულში რომ „პერაშკები“ იყიდება, ის მომიტანეო. ნინომ თხოვნა შეუსრულა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უკვე იყო ჩვეულებრივი ქუჩის მათხოვარი, როგორიც ბევრი ცხოვრობდა თბილისში.  


ტერენტი გრანელის ცხოვრების ბოლო წლები, ფაქტობრივად, აღარ იყო ადამიანური ცხოვრება. 
პოეტი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა და როგორც უპატრონო მკვდარი, ასე მიიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოს მორგში, თუმცა ერთმა პრაქტიკანტმა მასში პოეტი ტერენტი გრანელი ამოიცნო. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის იყო ვალერიან გაფრინდაშვილი. პოეტი საავადმყოფოს გადაღმა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, 1987 წელს კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
მისმა დებმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყეს, რომ ტერენტი ცოცხალი აღარ იყო...


„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, / ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი / სული საზღვრებს გადასცდება ფრენით / ახლაც მახსოვს მისამართი შენი. / ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე / რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. / წინ მეშლება სხვა ოცნების მთვარე, / გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?