ვინ იყო ცარსკოე სელოს „შავტუხა სარძლო“ და პუშკინის მუზა?!

სიყვარულის ისტორიები

20 თებერვალი 14:00, 2016 წელი

 „ფრანგებისგან მან მემკვიდრეობით მიიღო სისხარტე და ყველაფრის ათვისების უნარი, ლორერებისგან - დახვეწილი მანერები, წესრიგის სიყვარული და მუსიკალური გემოვნება, ქართველებისგან კი - სიზარმაცე, ფანტაზიის ნიჭი, რელიგიურობა, სამხრეთული სილამაზე და სითამამე...“

თუკი თავისუფლების მოედნიდან გალაკტიონის ქუჩას გაუყვებით,  N20 სახლის კედელზე შენიშნავთ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ორ აბრას: „საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“. აქვეა მემორიალური დაფა რუსული წარწერით, რომელიც იუწყება, რომ ამ სახლში უცხოვრია სმირნოვების სამ თაობას. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში მდებარე სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისელმა სომეხმა იაგორ თამამშევმა ააშენა და თავის ქალიშვილს მზითვად მისცა. ქალიშვილი კი ცოლად გაჰყვა პეტერბურგიდან ჩამოსახლებულ მიხეილ სმირნოვს, რუსეთში კარგად ცნობილი ალექსანდრა როსეტი-სმირნოვას შვილს. მიხეილ სმირნოვმა პეტერბურგიდან თბილისში თავისი ცნობილი დედის ლიტერატურული სალონის ავეჯი, ხელოვნების საგნები და ბიბლიოთეკა ჩამოიტანა.
ვინ იყო ალექსანდრა როსეტი-სმირნოვა, რა აკავშირებდა მას ალექსანდრე პუშკინთან და საქართველოსთან?
ამაზე თავის ლიტერატურულ წერილში ხატოვნად გვიამბობს ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბიძე:
„აქ არ ყოფილა სიყვარული. იყო მხოლოდ აღტაცება, გონებამახვილობით გამოწვეული ხიბლი, დიდი რიდი, ხუმრობაც, ირონიაც, შემდეგ მეგობრობაც და ეს ყოველივე არ გამორიცხავდა სიყვარულს - თავისებურ სიყვარულს“.
ეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიძლება მივუსადაგოთ თითოეულ თაყვანისმცემელს, რომელიც გარს ეხვია მე-19 საუკუნეში ყველასთვის ცნობილ ქალბატონს ალექსანდრა როსეტი-სმირნოვას, მაგრამ ყველაზე მეტად ალექსანდრე პუშკინს. 


თუ დანარჩენთა დამოკიდებულებაში ალექსანდრე სმირნოვას მიმართ ზემოჩამოთვლილი ერთი რომელიმე მომენტი სჭარბობდა, როსეტისა და პუშკინის ურთიერთობამ ეს ყოველივე შეითვისა.
პუშკინმა მას „შავთვალება როსეტი“ შეარქვა.
ვინ იყო შავთვალება როსეტი?
ამ კითხვას რუსმა პოეტმა იაკობ პოლონსკიმ შესანიშნავი პასუხი გასცა: „მის შესახებ რუსეთში არ იციან მხოლოდ გაუნათლებლებმა ან კიდევ ლიტერატურისა და რუსული საზოგადოების ისტორიისადმი სრულიად გულგრილებმა“.


ალექსანდრა მე-19 საუკუნის მრავალი გამოჩენილი ადამიანის პოეტის, მწერლის, მხატვრისა და მუსიკოსის მუზად იქცა. ის იყო მეგობარი პუშკინის, ჟუკოვსკის, კრილოვის, გოგოლის, ტურგენევის, ალ. ტოლსტოის, შჩეპკინის, გლინკას, ბრიულოვის, მიცკევიჩის, ლისტის და ა.შ.
ვის არ ნახავდით მის ლიტერატურულ სალონში, რომელიც თავდაპირველად ზამთრის სასახლის მეოთხე სართულზე, ერთ პატარა ოთახში მდებარეობდა.
დიასახლისთან მიჰქონდათ ლიტერატურული ნაწარმოებები, კითხულობდნენ, ისმენდნენ რჩევებსა და შენიშვნებს. ყველამ კარგად უწყოდა ალექსანდრას წიგნიერებისა და დახვეწილი გემოვნების შესახებ. თუ ცენზურასთან პრობლემები გაჩნდებოდა, როსეტი მათ ეხმარებოდა. სულ ერთია, ეს მისი დეკაბრისტი ბიძა იყო, უფულო გოგოლი თუ გოგოლის ნეკროლოგის გამო დევნილი ტურგენევი.


მისდამი ინტერესი მხოლოდ სილამაზით არ განისაზღვრებოდა.
როსეტი იყო განათლებული და ჭკვიანი, თანაც ცოტა გესლიანიც.
უჩვეულო და პარადოქსული ჭკუის გამო „მადამ დე სევინის“ ეძახდნენ, მოუსვენრობისთვის - „სამხრეთის მერცხალს“, ენამახვილობის გამო - „დონნა სოლს“, უნიკალური შერწყმისა თუ, პირიქით, შეუხამებლობისთვის - „ღვთიურ ეშმაკუნას“. მისი გესლიანი ჭკუა საშუალებას აძლევდა ინტელექტუალებს, მასთან თანასწორ კამათში შესულიყვნენ ლიტერატურისა თუ პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე.
რა თქმა უნდა, მშვენიერ ახალგაზრდა ქალბატონში კომპეტენტური მოსაუბრისა და მსმენელის აღმოჩენა პუშკინისთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნო იქნებოდა. რაც შეეხება მის სილამაზეს, პუშკინს ოლენინას უწყინარი გამოხედვა უფრო ერჩივნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატალია გონჩაროვას ღვთაებრივ მშვენიერებაზე.
ლიტერატურათმცოდნეები ხშირად ერთმანეთს ადარებენ ინტელექტუალ ალექსანდრა როსეტი-სმირნოვასა და ლიტერატურისადმი სრულიად გულგრილ ნატალია პუშკინას, რომელიც თითქოს ამბობდა: „ეჰ, პუშკინ, როგორ მომაბეზრე თავი შენი ლექსებით!“


მიუხედავად როსეტის ინტელექტუალობისა, პუშკინი საკმაოდ გაბედულად შეეწინააღმდეგა ვიაზემსკის აღტაცებას „სამხრეთელი ვარსკვლავების თვალებით“. თუ პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როსეტის შემკობაში, პუშკინი თავის ლექსებში ირონიასაც ოსტატურად აქსოვდა:
Черноокая Россети/ В самовластной красоте/ Все сердца пленила эти,/ Те, те, те и те, те, те.


პუშკინის მეგობარი, პოეტი ვასილი ტუმანსკიც ჩაება არაოფიციალურ „პოეტურ ტურნირში“ და შექმნა თავისი ერთ-ერთი დღემდე დაუვიწყარი ლექსი:
Любил я очи голубые, / Теперь влюбился в черные. / Те были нежные такие, / А эти непокорные. / Глядеть, бывало, не устанут / Те долго, выразительно; / А эти не глядят; а взглянут / Так словно Царь властительный. 


ამ პერსონალური ანთოლოგიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ მოგვიანებით, 1840 წელს ლერმონტოვის მიერ დაწერილ ლექსზე, სადაც ყველაზე უკეთ წარმოჩნდება პოეტის ინდივიდუალური დამოკიდებულება ლექსის გმირისადმი. ეს არის აღტაცება, მორიდება და თავისებური წუხილი-განცდა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია, დავარქვათ სიყვარული:
Без вас хочу сказать вам много, / При вас я слушать вас хочу; / Но молча вы глядите строго, / И я в смущении молчу. / Что ж делать?../ Речью неискусной / Занять ваш ум мне не дано... / Всё это было бы смешно, / Когда бы не было так грустно...“ 


თამარ შარაბიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ალექსანდრას ძარღვებში ფრანგულისა და გერმანულის გარდა, ქართული სისხლიც ჩქეფდა. ალექსანდრას მამა ოსიპ როსეტი წარმოშობით ფრანგი იყო. საზღვაო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან რუსულ ჯარში დაიწყო სამსახური. ოდესაში დასახლდა და შემდეგ პორტის კომენდანტი გახდა. როსეტმა ცოლად შეირთო 16 წლის ნადეჟდა ლორერი, რომლის მამას გერმანული წარმოშობა ჰქონდა, დედა კი ქართველი ჰყავდა - ციციშვილის ქალი.  
„როგორც ალექსანდრა ოსიპოვნას ერთ-ერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, ფრანგებისგან მან მემკვიდრეობით მიიღო სისხარტე და ყველაფრის ათვისების უნარი, ლორერებისგან - დახვეწილი მანერები, წესრიგის სიყვარული და მუსიკალური გემოვნება, ქართველებისგან კი - სიზარმაცე, ფანტაზიის ნიჭი, რელიგიურობა, სამხრეთული სილამაზე და სითამამე“.


ნაცვლად უზრუნველი ცხოვრებისა, რასაც ალექსანდრას თავისი წარმომავლობა ჰპირდებოდა, ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მას სულ სხვა ცხოვრება ხვდა წილად.
მამა ადრე გარდაეცვალა, დედა სხვაზე გათხოვდა, ხოლო პატარა საშენკა ბებიას - ეკატერინე ციციშვილს მიაბარა აღსაზრდელად. ბებია გრამაკლეაში ცხოვრობდა, ნიკოლაევას მახლობლად, სადაც მას პატარა მამული ჰქონდა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ნახევრად ფრანგი და ნახევრად ქართველი როსეტი რუს ქალიშვილად. ბებიასთან მან რამდენიმე წელი გაატარა, შემდეგ კი დედამ პეტერბურგში გადაიყვანა, სადაც როსეტი ეკატერინეს ინსტიტუტში შევიდა. აქ მას ისევ გაუმართლა; რუსულ ენას ასწავლიდა პეტრე პლეტნიოვი, რომელმაც ალექსანდრა პუშკინს გააცნო. პლეტნიოვთან მეგობრული ურთიერთობა როსეტმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.


1826 წელს უკვე დედითაც დაობლებულმა ალექსანდრა როსეტმა ინსტიტუტი დაამთავრა და იმპერატორის ფრეილინა გახდა. მან ორი იმპერატორი გამოიცვალა. ყოველთვის ახდენდა მათზე გავლენას თავისი არაჩვეულებრივი მეტყველებითა და ჭკუით.
ამ დროს მისი ბიძა ნიკოლაი ლორერი დაიჭირეს და, სხვა დეკაბრისტებთან ერთად, კავკასიაში გადაასახლეს. არსებობს ცნობები, რომ ახალგაზრდა როსეტი არ შეუშინდა იმპერატორს და ბიძისთვის სასჯელის შემსუბუქება სთხოვა. სამეფო კარზე მსახურების წლები მძიმე იყო როსეტისთვის, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გროშიც კი არ გააჩნდა; სასახლეში ცხოვრებით კი თავის ოთხ ძმას არჩენდა და ახლო ნათესავებს ეხმარებოდა.


მართალია, სმირნოვამ პუშკინი ეკატერინეს ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო, მაგრამ მათ შორის მეგობრობა შედარებით გვიან დაიწყო, როდესაც პუშკინი, თავის ახალგაზრდა ცოლთან ერთად, ცარსკოე სელოში დასახლდა, სადაც ზაფხულს ატარებდა ხოლმე სასახლის კარი. რასაკვირველია, აქვე იყვნენ ფრეილინებიც.


1831 წელს ჟუკოვსკი სწერს ტურგენევს:
„მე და პუშკინი ცარსკოეში ვცხოვრობთ და საღამოებს ცარსკოე სელოს შავტუხა სარძლოსთან ვატარებთ“.

მართლაც, ალექსანდრა როსეტი ამ დროს უკვე დანიშნული იყო. მისი საქმრო, მოგვიანებით კი ქმარი ნიკოლაი სმირნოვი პუშკინის ახლობელი გახლდათ. მან მოგონებებიც კი დაწერა პოეტზე „რუსეთის ყველაზე არაჩვეულებრივ ადამიანზე“. მათი ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა. მაშინ, 1831 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ალექსანდრა თავის საქმროს წერილობით ერთგულებას ეფიცებოდა, მაგრამ სჯეროდა თუ არა ამ ერთგულების თავად, ეს ძნელი სათქმელია. გათხოვება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდხანს მოუწევდა სასახლის მსახურება და კარის ყოველდღიურ ინტრიგებში მონაწილეობა.


ნიკოლაი სმირნოვი იყო მდიდარი, ჰქონდა კამერ-იუნკერის წოდება და მსახურობდა დიპლომატიურ სამსახურში. 1850-1860 წლებში სმირნოვი კალუგის გუბერნატორად დანიშნეს, შემდეგ კი - პეტერბურგის. ცოლ-ქმარმა ერთად დიდხანს იცხოვრა, თუმცა ალექსანდრა როსეტს ნიკოლაი სმირნოვი საბოლოოდ ვერ შეეწყო და ისინი ერთმანეთს სიბერეში დაშორდნენ.


მას შემდეგ, რაც როსეტი სმირნოვა გახდა, პუშკინი ხშირად მსჯელობდა მის ჯანმრთელობაზე ცოლისადმი მიწერილ წერილებსა და თავის დღიურში. საკმაოდ მძიმედ ჩაიარა ალექსანდრას პირველმა მშობიარობამ - მას დაეღუპა ახალშობილი, ხოლო მეორედ ტყუპი დაიბადა. პუშკინი ამის თაობაზე თუმცა კი ოხუნჯობდა ცოლთან მიწერილ წერილში, მაგრამ სერიოზულად ნერვიულობდა „შავთვალება როსეტზე“.


1832 წლის მარტში პუშკინი ალექსანდრასთან გამოცხადდა და, დაბადების დღის აღსანიშნავად, ნევის პროსპექტზე ნაყიდი ალბომი მიართვა.
პირველ ფურცელზე პუშკინის ხელით ეწერა „ისტორიული ჩანაწერები ა.ო.ს.“, ამას მოჰყვებოდა იუბილარისადმი მიძღვნილი ლექსი. პოეტი ყოველთვის უბიძგებდა მეგობრებს, გაეკეთებინათ ჩანაწერები თავიანთი ცხოვრების შესახებ. შემთხვევით არ მიუტანა მან ალბომი ალექსანდრა როსეტსაც. ჯერ ერთი, იცოდა, რომ მას ბევრი ჰქონდა მოსაყოლი თავის ბავშვობაზე, ციციშვილების უძველეს გვარზე, სასახლეში გატარებულ წლებზე, თავის ლიტერატურულ სალონზე, მეორეც - ამბის არაჩვეულებრივი გადმოცემა იცოდა და საუცხოოდ ფლობდა რუსულ ლიტერატურულ ენას. საბოლოოდ, ალექსანდრა როსეტმა გაამართლა პუშკინის იმედი და დაგვიტოვა საინტერესო ჩანაწერები, რომელთა შორისაც მრავალი მოგონება სწორედ პუშკინს ეძღვნება.


1837 წელს პუშკინის დაღუპვის შესახებ ალექსანდრამ პარიზში შეიტყო. ანდრეი კარამზინი სტუმრობდა სმირნოვებს, როცა მათ ეს ამბავი წერილიდან გაიგეს. კარამზინთან, გოგოლთან, სობოლევსკისთან და სხვა რუს მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც მაშინ პარიზში ცხოვრობდნენ, სმირნოვებმა გულით დაიტირეს პოეტი. ვიაზემსკიმ ალექსანდრას მისწერა: „სიკვდილის წინ პუშკინმა მიკარნახა, ვისთვის რა მართებდა. თქვენ იქ ნახსენები ხართ. ეს მისი ერთადერთი განკარგულებაა..“
ალექსანდრამ უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, უფრო დაწვრილებით მიეწერა ამ უაღრესად მტკივნეული მოვლენის შესახებ. საზღვარგარეთ ის ისეთივე შეურაცხყოფილი იყო საზოგადოების უსამართლობით, როგორც ვიაზემსკი - რუსეთში, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობდა. დუმდა იმათთან, ვინც მას ვერ გაუგებდა. პუშკინზე თავადაც ბევრი რამის თქმა სურდა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, რადგან წერილობითი შეტყობინებების ეშინოდა.
მას შემდეგ ალექსანდრა როსეტმა კიდევ დიდხანს იცოცხლა და გარდაიცვალა პარიზში 1882 წელს.


ალექსანდრას ვაჟი მიხეილი ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კავკასიაში ჩამოვიდა და თბილისში დასახლდა. მან ცოლად შეირთო თბილისელი სომეხი დიდვაჭრის შვილი ელიზავეტა თამამშევა, რომელსაც მზითვში ერგო დღევანდელი სახლ-მუზეუმის შენობა, სადაც შემდეგ სმირნოვების სამი თაობის ცხოვრებამ ჩაიარა. ოჯახი აგრძელებდა ალექსანდრა როსეტის მიერ ჩამოყალიბებული სალონის ტრადიციებს. აქ იყო რუსი და ქართველი მწერლების, მეცნიერების, მსახიობებისა და მუსიკოსების თავშეყრის ადგილი. სტუმრებს შორის ყოფილან ილია ჭავჭავაძე, პეტრე მელიქიშვილი, მიხეილ ზიჩი, პეტრე ჩაიკოვსკი, დავით სარაჯიშვილი და მრავალი სხვა.
ილია ჭავჭავაძემ 1899 წელს სწორედ ამ სახლში აღნიშნა პუშკინის დაბადების 100 წლისთავი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?