ურჩხულზე შეყვარებული მზეთუნახავი - ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობის უნიკალური ვიდეოკადრები

სიყვარულის ისტორიები

29 მარტი 18:00, 2016 წელი

„მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ახლოს ყოფნა შემიძლია“, - ამბობდა ქალი, როცა მას ბუნკერიდან სასეირნოდ გამოსვლას სთავაზობდნენ. ჰიტლერს გადაწყვეტილი ჰქონდა თავის ბუნაგში ბოლომდე დარჩენა, ევა კი მის დატოვებას წუთითაც არ აპირებდა... რა იპოვა მზეთუნახავმა ურჩხულში, რომელსაც სამყაროსთვის, უბედურების გარდა, არაფერი მოუტანია?..

Kinder, Küche, Kirche (ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია)

თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რა დროს და როგორი ადამიანების გვერდით უწევდა ცხოვრება, ევა ბრაუნის ბიოგრაფია უბრალო და სტანდარტულია. მამა ფრიდრიხი ბუნებით ტირანი იყო. ჰყავდა მკერავი დედა ფრანცისკა და ორი და. ოჯახი საშუალო შეძლების გახლდათ - ავტომობილითა და მოსამსახურით. ევა ბრაუნი 1912 წელს მიუნხენში დაიბადა. გოგონა მიაბარეს სკოლაში, სადაც მას ბავშვების, სამზარეულოსა და ეკლესიის სიყვარულს ასწავლიდნენ. ევა თავისუფალ დროს სპორტს უთმობდა, მაგრამ ზომიერად, ფანატიზმის გარეშე. ზოგადად, ევა ყველაფერს ზომიერად უყურებდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრება მოსაწყენია მშვენიერი პრინცის გარეშე.


სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მიუნხენის ლიცეუმში გააგრძელა. ევა დანარჩენი გოგონებისგან არაფრით  გამოირჩეოდა - ზომიერად შრომისმოყვარე და მონდომებული, ზომიერად მხიარული და კომუნიკაბელური იყო. დადიოდა კინოში, კითხულობდა სასიყვარულო რომანებს და ჟურნალებს ვარსკვლავების ცხოვრებაზე. უყვარდა მსჯელობა იმაზე, რომ ნამდვილი ბედნიერება კეთილ, მოყვარულ მამაკაცთან უზარმაზარ სახლში ცხოვრებაა, სადაც ბევრ შვილს გაზრდი და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებ, თუმცა არაფერს აკეთებდა, რომ მის ცხოვრებაში ასეთი მამაკაცი გამოჩენილიყო.


ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მშობლებმა ევა კლასიკური ბრიტანული განათლების მისაღებად ინგლისელი ქალიშვილების ინსტიტუტში გაგზავნეს. ინსტიტუტის კურსდამთავრებულებზე, როგორც მდივნებსა და საცოლეებზე, დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ბევრი მეგობრისგან განსხვავებით, ევას არც ერთი მიმართულებით არ უაქტიურია და სწავლის დასრულების შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნდა.


ბატონი ვოლფი
1929 წელს, მამის დახმარებით, ევა ფოტოატელიეში მოეწყო სამუშაოდ. ფოტოატელიეს მფლობელ ჰენრიხ ჰოფმანს ენერგიული, მიმზიდველი, კომუნიკაბელური და ენების მცოდნე გოგონა მოეწონა და ასისტენტად აიყვანა. ფოტოატელიეში მუშაობა ევასთვისაც საინტერესო იყო - იქ ყოველთვის ბევრი უცოლო მამაკაცი ტრიალებდა. 17 წლის გოგონას კი ოჯახის შექმნაზე უნდა ეფიქრა...
სწორედ ჰოფმანის  ფოტოატელიეში მოხდა ის, რამაც ევას დარჩენილი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
უფროსი დისთვის გაგზავნილ წერილში ევა ჰყვება, როგორ შეამჩნია სტუდიის კუთხეში დივანზე მჯდარი უცნობი, რომელსაც ჰოფმანი  ესაუბრებოდა, უცნობი კი თვალს არ აშორებდა ევას ფეხებს. უცნობი ჰოფმანმა ევას ბატონ ვოლფად გააცნო. წერილში გოგონა დას არწმუნებდა, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური პოლიტიკოსი ვერ იცნო.


ისტორიკოსებს დაუჯერებლად ეჩვენებათ, რომ ევამ ვერ იცნო ადამიანი, რომლის სახეს ჰოფმანის მიერ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის სხდომებზე გადაღებულ მრავალრიცხოვან ფოტოებზე ხედავდა. ბატონი ვოლფი ადოლფ ჰიტლერის პარტიული მეტსახელი გახლდათ. ის ამ დროს 40 წლის იყო. აქტუალური სოციალური საკითხების მიმართ ევას სრულმა ინდიფერენტულობამ შეიძლება ახსნას, რატომ გადაწყვიტა, რომ მის წინ, უბრალოდ, 40 წლის მამაკაცი იდგა სასაცილო ულვაშებით და უზარმაზარი ფეტრის ქუდით. როგორც შემდეგ ჰოფმანი იხსენებდა: „ევა იყო მიმზიდველი ბავშვი, რომელმაც სულელური გამომეტყველების მიუხედავად ან შესაძლოა, სწორედ ასეთი გამომეტყველების წყალობით, იპოვა ის აღმაფრენა, რომელსაც ეძებდა. მაგრამ ის ღრმა ინტერესი, რომელსაც მამაკაცის მიმართ განიცდიდა, არაფრით გამოუვლენია.


 


 


ჭკვიანი მამაკაცი და სულელი ქალი
გარშემომყოფთა  აზრით, ჰიტლერისა და ევას დამოკიდებულებაში ვნება ცალმხრივი იყო. ევას გულწრფელი და ბრმა ქალური სიყვარულით შეუყვარდა, თუმცა უყვარდა თუ არა ის ჰიტლერს? ალბათ, ამ სიტყვის ზოგადსაკაცობრიო გაგებით, არა, მაგრამ კომპლექსებით სავსე (მათ შორის სექსუალური) 40 წლის მამაკაცისთვის 17 წლის ფერიას ფლობა ერთგვარი სიამოვნების მომგვრელი იყო. ჭკვიანმა კაცმა ყოველთვის პრიმიტიულად მოაზროვნე და სულელი ქალი უნდა აირჩიოს, - ამბობდა ფიურერი. გაუგებარია, რით მოხიბლა ჰიტლერმა ევა. შესაძლოა, გოგონას ესიამოვნა, რომ ცნობილმა პიროვნებამ ყურადღება მიაქცია. ან  შეიძლება, ფიურერი მართლაც ფლობდა ცხოველური მიზიდულობის ძალას. ამბობდნენ, რომ მისი საჯარო გამოსვლებს დროს ქალბატონები ორგაზმსაც კი განიცდიდნენ.


თუმცა, ევასთან ურთიერთობაში ყველაფერი ასე ბობოქრად არ განვითარებულა. ჰიტლერმა ის ჯერ კინოში მიიწვია, შემდეგ პარკში გაასეირნა, მაგრამ მაშინ არავითარ ფიზიკურ სიახლოვეზე საუბარი არ ყოფილა. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ეჭვობს, რომ ადოლფსა და ევას შორის ტრადიციული გაგებით, სექსუალური კავშირი არასოდეს ყოფილა. დიახ, ფიურერს სიამოვნებდა ლამაზ საცვლებში გამოწყობილი ქალიშვილის ყურება, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის იქით საქმე აღარ მიდიოდა.

მეტოქის გარეშე
ამბობენ, რომ ევა ძალიან განიცდიდა მეტოქეების არსებობას, მაგრამ დისთვის გაგზავნილი წერილების მიხედვით, ევა იმაზე კი არ დარდობდა, რომ ადოლფს სხვა უყვარდა, არამედ იმაზე, რომ მასზე არ იყო შეყვარებული. თუმცა ფიურერმა ხელქვეითებს ევას გენეალოგიის შესწავლა სთხოვა, რაც მის სერიოზულ ზრახვებზე მიანიშნებდა. 


ჰიტლერი ევას მიმართ უცნაურად იყო განწყობილი: შეეძლო, თბილი და ალერსიანი ყოფილიყო და ერთმანეთის მიყოლებით, ყველა საღამო მასთან გაეტარებინა; შეეძლო, თვეობით არ ენახა და უკიდურესად ცივად მოპყრობოდა. ევა ჰიტლერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. ევას ოჯახი მშვენივრად ხვდებოდა, ვის გადაეყარა მათი შვილი, თუმცა 30-იანი წლებიდან ჰიტლერისთვის შეწინააღმდეგება უგუნურება იქნებოდა. 40-იანების დასაწყისში ბრაუნების ოჯახი საცხოვრებლად ჰიტლერის რეზიდენციაში გადავიდა, სადაც ომის ბოლომდე დარჩა. ევას მშობლები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლებად მოხვედროდნენ თვალში ფიურერს.


„მე შენი სიყვარულისთვის ვცოცხლობ“

ევა ბრაუნი სიყვარულს მოწყურებული ქალი იყო. მას არ აბრკოლებდა არც ჰიტლერის ასაკი, არც მისი უხასიათობა და არც საეჭვო სექსუალური ხუშტურები და საპასუხოდ მხოლოდ მცირეოდენი გრძნობების გამოვლენას ითხოვდა. ჰიტლერისთვის კი ის ძველებურად მხოლოდ ლამაზი თოჯინა იყო. 


„რატომ უნდა ვიტანდე ამ ყველაფერს? უკეთესი იქნება, თუ არასოდეს ვნახავ. საშინლად უბედური ვარ. წავალ, საძილე აბებს ვიყიდი და გავითიშები“, - წერდა 1935 წელს თავის დღიურში ევა ადოლფის მორიგი საქმიანი მივლინების დროს. ქალს ორჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა - 1932 და 1935 წლებში, თუმცა ეს მცდელობები საკმაოდ დემონსტრაციულად გამოიყურებოდა. მამის პისტოლეტიდან ყელის არეში გასროლა და დიდი ოდენობით საძილე აბების მიღება მისთვის გამოგონილი, ავანტიურული რომანის ნაწილი იყო. 1935 წელს ევა წერდა: „ამინდი ისეთი მშვენიერია. მე კი, გერმანიის ყველაზე დიდი ადამიანის საყვარელი, სახლში ვზივარ და მზეს მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებ“. ადოლფმა ევას სახლი აჩუქა, რომელიც ქალმა თავისი გემოვნებით მოაწყო, თუმცა ნაცნობები ამბობდნენ, რომ ევას გემოვნება არაფრად უვარგოდა. ქალი აღმერთებდა საზეიმო ტანსაცმელს. მისი კარადები სავსე იყო იმდროინდელი მოდის საუკეთესო კოლექციებით. ამასთანავე, ადგენდა კატალოგს და წერდა, სად და რამდენად შეიძინა ესა თუ ის ნივთი, რადგან ყველა მათგანი ადოლფის თავს ახსენებდა. მალე ევამ დაიწყო ნაცისტების ყრილობებზე სიარული, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი იდეებით დაინტერესდა. მას, უბრალოდ, ადოლფის გვერდით მეტი დროის გატარება სურდა. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად იღებდა სამოყვარულო ფილმებს, სადაც მთავარ როლს თამაშობდა. სხვათა შორის, ევას მიერ გადაღებული ფოტოები ნაცისტი ლიდერების ომამდელი ცხოვრების უნიკალურო ქრონიკაა.


ფიურერმა ევა თავის პირად მდივნად დანიშნა, რითიც აიხსნება ოფიციალურ მიღებებზე მისი ყოფნა, თუმცა ხალხის თვალში უკიდურესად ცივად ექცეოდა. ზოგჯერ თავს უფლებას აძლევდა, საჯაროდ ესაუბრა მათი ქორწინების შეუძლებლობაზე. ევა ტიროდა, თუმცა საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ასეა საჭირო და ესაა მისი ქალური ხვედრი.


1938 წელს ჰიტლერმა დაწერა ანდერძი, რომელშიც მთავარ მემკვიდრედ ევა ბრაუნი დაასახელა, თუმცა ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ევას უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ჰიტლერის სახლში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს, თუმცა იმდენად არ აინტერესებდა პოლიტიკა, რომ ამას არც აპროტესტებდა. ნაცისტები ხოცავდნენ ებრაელებს და ბოშებს, წვავდნენ წიგნებს და ანგრევდნენ შენობებს, მაგრამ ეს ყველაფერი ევას მხოლოდ თავისი საყვარლის უსაფრთხოების დონეზე აინტერესებდა: მას რომ რამე დაემართოს, მოვკვდები, - ამბობდა ქალი.


1944 წლის ივლისში ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ევა ადოლფს სწერდა: „ჩემს ჭკუაზე აღარ ვარ. შიშით ვკვდები და სიგიჟესთან ახლოს ვარ. აქ ისეთი მშვენიერი ამინდია და ყველაფერი ისე მშვიდობიანად გამოიყურება, რომ მრცხვენია. შენ იცი და მითქვამს კიდეც, რომ რამე თუ მოგივა, მეც მოვკვდები. ჩვენი პირველი შეხვედრისას დავიფიცე, რომ სიკვდილამდე არ მოგშორდებოდი. მე მხოლოდ შენი სიყვარულისთვის ვცოცხლობ“.
ამ დროს რიგითმა გერმანელებმა ევას შესახებ არაფერი იცოდნენ. უცხოელმა ჯაშუშებმა ამ ქალის არსებობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეიტყვეს, თუმცა ევასთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო. ის თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ნებისმიერ სიტუაციაში ჰიტლერის ერთგული დარჩენილიყო.


ახალდაქორწინებულთა ბუნკერი
1944 წლის ბოლოს, როცა ცხადი გახდა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ევამ შეადგინა ანდერძი და საკუთარი ქონება ნათესავებსა და მეგობრებს გადაუნაწილა. 1945 წლის თებერვალში ის საცხოვრებლად ფიურერის უკანასკნელ ნავსაყუდელში - ბუნკერში გადავიდა. გრძნობდა თუ არა ბრაუნი დასასრულის მოახლოებას? ისტორიკოსების ნაწილის აზრით, ადოლფის მიმართ ევას ერთგულებას არანორმალური სიყვარული განაპირობებდა, ზოგიერთები კი მიიჩნევენ, რომ ქალი იმდენად მოწყვეტილი იყო რეალობას, ამ ადამიანისგან მომდინარე საფრთხეს ვერ აცნობიერებდა.
ასე იყო თუ ისე, ევა ხვდებოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჰიტლერს დასჭირდა, რომ ის გახდა ფიურერის უკანასკნელი დასაყრდენი და ცხოვრების თანამგზავრი. „მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მასთან ახლოს ყოფნა“, - ამბობდა ქალი, როცა მას ბუნკერიდან სასეირნოდ გამოსვლას სთავაზობდნენ. ჰიტლერს გადაწყვეტილი ჰქონდა თავის ბუნაგში ბოლომდე დარჩენა, ევა კი მის დატოვებას წუთითაც არ აპირებდა.


1945 წლის 28 აპრილს ევა ბრაუნს თექვსმეტწლიანი ოცნება აუსრულდა - ის ადოლფ ჰიტლერის ცოლი გახდა. ქალი სრულიად ვერ აცნობიერებდა სიტუაციის ტრაგიზმს და გულწრფელად იღებდა მილოცვებს, როგორც ბედნიერ პატარძალს შეეფერება. დილას ჰიტლერმა შეადგინა უკანასკნელი ანდერძი, რომელშიც მიუთითა, რომ ევა, როგორც ნამდვილი ცოლი, საკუთარი სურვილით მიდის მასთან ერთად სიკვდილზე. ფიურერმა უკანასკნელ მსხვერპლად მიიღო ქალი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აღმერთებდა. თქვეს რა უარი ბუნკერიდან გაქცევაზე, მეუღლეებმა 30 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მათი გვამები ბერლინის რაიხსკანცელარიის ეზოში დაწვეს.


ევა ბრაუნის მიერ შეთხზული ცხოვრების ლამაზი რომანი საბედისწეროდ დასრულდა. ოდესღაც ჰიტლერმა თავის მეგობარს ასეთი რამ უთხრა: მამაკაცის ხასიათზე ორი რამის მიხედვით მსჯელობენ - ქალის, რომელზეც დაქორწინდა, და სიკვდილის, რომელიც წილად ხვდაო.


დასასრული
ჰიტლერისა და ევა ბრაუნის სიკვდილიდან წლების შემდეგ გამოქვეყნდა საინტერესო მონაცემები, რომელთა თანახმად, ევა ბრაუნის გვამი სრულიად სხვა ქალს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ევა ბრაუნი ჰიტლერთან ერთად მოკვდა, ეჭვქვეშ დადგა, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში და რა ვითარებაში აღესრულა ურჩხულზე შეყვარებული მზეთუნახავი, დღემდე უცნობია.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?