რატომ დარჩა უცოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი?!

სიყვარულის ისტორიები

23 აპრილი 14:00, 2016 წელი

მკვლევარები დღემდე კამათობენ იმაზე, ვინ უყვარდა მწერალს, ვინ იყო ძიძიას პროტოტიპი, რატომ ჩაიშალა მისი ქორწილი გრაფის ასულთან და რატომ ვერ აიწყო პირადი ცხოვრება გარეგნობითა და ოჯახიშვილობით გამორჩეულმა სასურველმა სასიძომ და ნიჭიერმა ადამიანმა.


ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეტაპისგან შედგება: მეფისწულივით ფუფუნებაში გატარებული ბავშვობა, როცა მასზე ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა, სიყვარულის ძიებასა თუ მისგან გაქცევაში გატარებული ახალგაზრდობა, მეცხვარეობის პერიოდი და დასასრული, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადგა. 
ზოგიერთი მკვლევარი მწერლის ცხოვრებისეულ პრობლემებს მის პირდაპირობას და ალალ ბუნებას უკავშირებს, სხვები კი მწერლის ტრაგედიას ბედისწერის უკუღმართობას მიაწერენ. 

მე მთიელი ვარ, არ ვიცი / თქმა და უკუთქმა სიტყვისა/ სალსა კლდეს ფიქრი არა აქვს / არც წვიმის, არცა სეტყვისა/ ბევრჯელაც ზეცა დასჭექებსდა ბევრჯელ მეხი დაჰკრავსო/ მაგრამ მთას გუდა-ნაბადი / თავისი ზედვე აკრავსო/
ვინც მიყვარს, მიყვარს ნამდვილად/ მისკენ მაქვს ფიქრი, გონება/ ცხადათა, ძილში, სიზმარში / გული მას დაეკონება“.

ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წელს სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში დაიბადა. მამა მიხეილ ჩოფიკაშვილი ერთადერთ შვილს უზომოდ ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. მწერლის ნათესავი ელისაბედ ყაზბეგი იგონებდა: ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი და ამას მხოლოდ იმით ამტკიცებდა, რომ ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება, ისე იცხოვროს“.
სხვაგვარად ფიქრობდა მწერლის დედა ელისაბედ თარხნიშვილი. ის ცდილობდა, შვილისთვის საუკეთესო განათლება მიეცა. 


11-12 წლის ასაკში ყაზბეგი უკვე ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მამისგან უზომოდ განებივრებული ბავშვისთვის არ არსებობდა აუხდენელი ოცნება, თუმცა გადაჭარბებული ფუფუნება აწუხებდა და პროტესტს სახლიდან გაქცევითა და სოფლის ბიჭებთან თამაშით  გამოხატავდა. ამას აკაკი წერეთლის ჩანაწერიც ადასტურებს: „მდაბალი ხალხი იმ თავითვე, ბავშვობიდანვე, უყვარდასული ბიჭებში მიუდიოდა და ვგონებ, მიზეზიც იგივე იყორომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…“


მომავალი მწერლის მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესზე დიდი გავლენა მოუხდენია საყვარელ გამზრდელს ნინო ფიცხელაურს. გამზრდელის მოყოლილი ზღაპრები უბრალო ადამიანებს აყვარებდა. „შემიძლიან, სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რაიმე რიგიანი, ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, რომლისთვისაც გმადლობ წარმოუთქმელად“, - წერდა ყაზბეგი გამზრდელისთვის გაგზავნილ ბარათში.


1866 წლის 18 ივლისს მწერლის მამა მიხეილ ყაზბეგი გარდაიცვალა. 
მამის გარდაცვალების შემდეგ, რამაც, დიდი მწუხარების გარდა, ოჯახს მატერიალური სიდუხჭირეც მოუტანა, ალექსანდრეს დედამ შვილის სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტა. ბიძის ოჯახში ალექსანდრეს საცოლედ შერჩეული ქალი გააცნეს და დაჟინებით მოსთხოვეს მისი ცოლად შერთვა. მეორე დილით კი აღმოაჩინეს, რომ „სასიძო“ სახლში აღარ იყო - ბავშვობიდან პროტესტის უცნაურად გამოხატვას მიჩვეულმა ყაზბეგმა დედის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა და, მხლებელ ბიჭთან ერთად, მასპინძლის ოჯახიდან გაიპარა.
დედიჩემის სურვილი იყო, რადგანაც იმას უნდოდა, რომ უეჭველად ცოლი შემერთო. როგორც თქვენ მოგეხსენებათ, მამაჩემს დიდი სიმდიდრისა ხმა ჰქონდა დავარდნილი და ამის გამოისობით მდიდარ სანატრელს საცოლედ მიყურებდნენ ქართლში, სადაც მე მივედი ჩქარა ბიძაჩემის დაპატიჟების შემდეგ“, - წერდა ყაზბეგი.


მწერლის ბიოგრაფთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ნათესავ ქალზე (სავარაუდოდ, დიმიტრი ყაზბეგის დაზე) იყო შეყვარებული და ელისაბედ თარხნიშვილს შვილის სასწრაფოდ დაქორწინების გადაწყვეტილება ამან მიაღებინა. მკვლევარების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ალექსანდრე კი არა, მისი ნათესავი ქალი იყო ყმაწვილზე შეყვარებული და მწერალმა უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთხრა.

მეორე ვერსიით, ყაზბეგს, რომელსაც უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა ხიბლავდა, სადღაც მშვენიერი გლეხის ქალი გაუცნია და თავდავიწყებით შეჰყვარებია. ქალსაც გულში ჩავარდნია წარმოსადეგი ყმაწვილი, თუმცა მისი წარმომავლობა დაუძლეველ წინააღმდეგობად ქცეულა. არათუ დაქორწინება,  ოჯახმა ალექსანდრეს ძიძიასთან ურთიერთობაც კი აუკრძალა. შეყვარებულ ქალს დარდისთვის ვერ გაუძლია, ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილა. ამბობენ, რომ მწერალმა ძიძიას ხატება თავის „ხევისბერ გოჩაში“ გააცოცხლა, თუმცა ამ ვერსიებიდან რომელია ყველაზე სარწმუნო, არავინ იცის.

დიდმა იმედგაცრუებამ და ტკივილმა 18 წლის ყმაწვილს საბოლოოდ გადააწყვეტინა რუსეთში წასვლა, თუმცა ზოგჯერ გენიოსებს ბედისწერა დასცინის - მწერალს, რომელიც საქართველოდან ტკივილებს გაექცა, რუსეთში უფრო დიდი ტკივილი ელოდა.
ყაზბეგი მოსკოვში სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. მატერიალურ სიდუხჭირეს მიუჩვეველი ახალგაზრდისთვის უფულობასთან შეჩვევა ძნელი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ბოჰემური ცხოვრება დიდ ფულს ითხოვდა.


„მოსკოვში განთქმულს „ტვერსკოი“ ბულვარზედ ჩვეულებისამებრ ურიცხვი ხალხი დასეირნობდა...
გული დაუცხრომელი ტოლს ეძებდა, სული შფოთავდა და მიიბრძოლებოდა პატრონისაგან გაუგებარს საგნისკენ... ყველა ყმაწვილი კაცი დაეძებდა ტოლად ქალსა, ყველა მიდიოდა ლამაზმუშა
ქალებთან, მდაბლად, კოხტად. სიამოვნების ღიმილით ეუბნებოდა: „საღამო მშვიდობისა, ნებას მომცემთ თქვენთან ვიარო?“ და პასუხად ესმოდა: „დიდის სიამოვნებით!“ და ცოტა ტიტინის შემდეგ, ქალი, კაცითგან მიპატიჟებული, ხელგაყრილი კავალერის მკლავში, ჩაის დასალევად მიდიოდა. ჩაის მოსდევდა შტოფი არაყი და სელიოტკა, სიმღერა და შემდეგ... შემდეგ დამეგობრება,
რომელშიაც ილეოდა ყმაწვილობის მილტოლვილება!..“ - ასე აღწერდა თავის მოსკოვურ ცხოვრებას ალექსანდრე ყაზბეგი.


მოსკოვში ყოფნის პერიოდში მწერალმა დები შახიტინების ოჯახში გრაფის მშვენიერი ასული ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვა გაიცნო. ძალიან მალე ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, რასაც გრაფის ოჯახიც სიხარულით შეხვდა. დედისთვის გაგზავნილ წერილში ყაზბეგი მოსკოვში გაცნობილ ქალიშვილზე საუბრობს და დედას მომავალი ქორწინების შესახებ ესაუბრება. შვილის გადაწყვეტილებამ ელისაბედი გაახარა და სასწრაფოდ ქორწილისთვის ძვირფასეულობა და ფული გაუგზავნა. ეს ქორწინება რომ მართლაც შემდგარიყო, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მწერლის ცხოვრება, თუმცა სასიმამროს ოჯახში სუფრასთან მომხდარმა ინციდენტმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
ახალგაზრდა ყაზბეგი სასიმამროს მეგობარი გენერლის შოვინისტურმა და დამპყრობლურმა იდეებმა იმდენად გააღიზიანა, რომ საცოლის ოჯახი დატოვა და, თხოვნისა და მობოდიშების წერილების მიუხედავად, იქ აღარასოდეს დაბრუნებულა.
მწერლის არსებაში პირად გრძნობაზე ძლიერი სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა, ამიტომ დიდი ტკივილის მიუხედავად, ჩერნიშევ-კრუგლოვასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ნინას დაკარგვა ყაზბეგისთვის ტრაგედიად იქცა.

რუსეთში მყოფი ვერაფრით ახერხებდა ქალიშვილის დავიწყებას, ამიტომ 1870 წლის ნოემბერში სასოწარკვეთილი და განადგურებული სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე ყაზბეგის დაბრუნებას ასე აღწერდა: თლად მოშლილი, ჩაფუშული სახით, მოშვებული ტანით, მოღებული ჯანით, ჩამქრალი თვალებით. ასე რომ, დაბრუნებული თავის ქვეყანაში, ის ჩრდილიც არ იყო იმ მშვენიერი, ცოცხალი და მალხაზი ყაზბეგისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით წინათ


ამ დღიდან ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უკიდურესი გაჭირვების წლებმა შეცვალა. მწერალს ერთი პუბლიცისტური ბარათი აქვს ამის შესახებ: „საკვირველს ბედზედ ვარ გაჩენილი“.
სტეფანწმინდაში დაბრუნებულმა მიწა და ქონების ნაწილი გლეხებს დაურიგა, რაც ფული ჰქონდა, ბანქოში დახარჯა და ბოლოს მწყემსად წავიდა.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მატერიალური სიდუხჭირე არაფერ შუაშია და ცხვარში წასვლა ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვას დაკარგვამ გადააწყვეტინა.
აქვე აღნიშნავენ, როგორ გაურბის მიუწვდომელ სიყვარულს ცხვარში წასვლით „ხევისბერი გოჩას“ მთავარი გმირი. ამასთანავე, ონისეს ისეთივე ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ამშვენებს, როგორსაც ყაზბეგი ბავშვობაში ატარებდა და ძიძიას გარეგნობაც ზედმიწევნით ემთხვევა მოსკოველი გრაფის ასულის გარეგნობას. შესაძლოა, ძიძიას სახეშია გაერთიანებული ყველა ის სასიყვარულო განცდა და გრძნობა, რომელიც მწერალმა ახალგაზრდობაში განიცადა. ბედისწერამ მასაც თავისი მოთხრობის გმირების მსგავსი ტრაგიკული ბედი არგუნა.


თავის „ნამწყემსარის მოგონებებში“ მწერალი ცხვარში წასვლის სხვა მიზეზებს ასახელებს: „გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს“.
სხვათა შორის, ნაწარმოებში ყაზბეგი ირონიით აღწერს ეპიზოდს, რომელიც მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებსა და მას  შორის მოხდა. უბრალო მწყემსი უცხოელებს უნაკლო ფრანგულით გამოელაპარაკა, რამაც მათი გაოცება გამოიწვია. მწერალი კი უწყინარი ხუმრობით არწმუნებდა, მთაში ყველა მწყემსი ჩემზე უკეთ ფლობს ფრანგულს ენასო.


მწყემსობის შემდეგ თბილისში დასახლებული მწერალი თავს ხან სასტუმროს, ხან რომელიმე ორგანიზაციის მიერ სამადლოდ გამოყოფილ ოთახს აფარებდა. ერთხანს სასტუმროს ნომერში გამოკეტილი ყაზბეგი აკაკი წერეთელმა გარეთ გამოიტყუა და ქართული თეატრის სცენაზე აიყვანა, მაგრამ შემდეგ თეატრსაც ცუდად წაუვიდა საქმე და ყაზბეგისთვის არავის ეცალა.
იმდროინდელი ქართული თეატრის ვარსკვლავი, მაკა საფაროვა-აბაშიძე ასე აღწერდა მსახიობობამწყურებულ „მოხევეს“: 


„გარეგნული შეხედულება ისეთი ჰქონდა, რომ სილამაზით იმასთან ჩვენს დასში 
ვერავინ მოვიდოდა, ტანადი, დიდრონი, მომცინარე, ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩ-კბილი, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას თავის დღეში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი თვით წარმოდგენის დროსაც. ამასთანავე, წრეს გადასული ზრდილობიანი იყო“.


მალე დასასრულის დასაწყისიც დადგა...
თავისი ხევისბერის მსგავსად, 1886 წელს ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქიკის რღვევა დაეწყო. პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და იქვე გარდაიცვალა.
1893 წლის 22 დეკემბერს მწერლის ნეშტი სტეფანწმინდის მიწას მიაბარეს. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.


ალექსანდრე ყაზბეგის ტრაგიკულ ცხოვრებაზე,  უიღბლო სიყვარულსა და აღსასრულზე საუბარი მწერალ და ლიტერატორ გია არგანაშვილს ვთხოვეთ, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„რასაც თქვენ ამბობთ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ასე იყო. თუმცა არსებობს „მეორე“ ყაზბეგი, რომელსაც მისი მხატვრული ტექსტებიდან ვეცნობით - ნამდვილი ტრფიალი, ერთგული მიჯნური, მამაცი ვაჟკაცი, სიმართლის მცველი, ყოველი სიკეთით შემკული და ღირსეული ადამიანი. რომელი მათგანი უფრო ნამდვილია, ის, რომელსაც მისი თანამედროვენი გვიხატავენ, თუ ის, რომელიც დღესაც ცოცხალია მის ტექსტებში?! 
ჩემი აზრით, მკითხველმა უნდა შეძლოს შემოქმედის დანახვა. უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი მწერლის  წარმოსახვითი ცხოვრება უფრო რეალურია, ვიდრე მისი მიწიერი არსებობა. იმ თვისებების მატარებელი ადამიანი, რაც თქვენ ჩამომითვალეთ (რაც ყაზბეგს მიეწერება), ათასობით დადის ჩვენ გვერდით. შესაძლოა, ერთი შეხედვით ისინი მართლაც ძალზე ჰგვანან მწერალს, მაგრამ ნამდვილი ყაზბეგი მხოლოდ მის ტექსტებშია საძებნი. თუ მკითხველს ამის უნარი არ გააჩნია, მაშინ ტყუილად კარგავს დროს კითხვაში. 
მკითხველს შეუძლია დანარჩენ კითხვებზე პასუხი მოიძიოს სულ ახლახან გამომცემლობა „ნოტა-ბენეს“ მიერ დაბეჭდილ წიგნში „ქართველი მწერლები“, სადაც ჩემი ახალი ტექსტი - „ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებითი ბიოგრაფია“ დაიბეჭდა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?