სიყვარული „რკინის ფარდის“ მიღმა - მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი

სიყვარულის ისტორიები

1 ივნისი 22:00, 2016 წელი

მათი სიყვარული ბრძოლის ველს ჰგავდა: იბრძოდნენ ერთად ყოფნისთვის და ხშირი შეხვედრებისთვის, ებრძოდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს და თავად ვისოცკის დამღუპველ ჩვევებს, რომლებმაც უფსკრულის პირას მიიყვანა. დიახ, ეს 12-წლიანი ურთიერთობა ფრონტის წინა ხაზს ჰგავდა, თუმცა მარტო დარჩენილი მარინას მოგონებებში სირთულეებს სიყვარული სჭარბობს.

შეხვედრა ტაგანკაზე
ტაგანკაზე მდებარე თეატრში სპექტაკლი „პუგაჩოვი“ მიმდინარეობდა. გენიალური მსახიობი და „იატაკქვეშა პოეტი“ ვლადიმერ ვისოცკი ერთ-ერთ საუკეთესო გარდასახვას ასრულებდა და თავისი ხრინწიანი ხმით დარბაზის ყურადღებას იპყრობდა. პარტერში, მაყურებლებს შორის იჯდა რუსული წარმოშობის  ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი. მას ვისოცკის შესახებ იმდენი საინტერესო რამ ჰქონდა გაგონილი, რომ 1967 წელს, რუსეთში ჩამოსვლისას, სპექტაკლზე მის სანახავად საგანგებოდ მივიდა. მარინა, რომელსაც ყოველთვის მოსწონდა ქარიზმატული მამაკაცები, ვლადიმერის თამაშმა ერთიანად შეძრა. მარინა, სულ რაღაც, 17 წლის იყო, როდესაც ალექსანდრე კუპრინის ნოველის „ოლესიას“ მოტივებზე შექმნილ ფილმ „ჯადოქარში“ ითამაშა და ყველა მამაკაცისთვის სასურველ ქალად იქცა, თუმცა პირველი სერიოზული რომანი მანამდე ჰქონდა. ფილმის „შავი ბუმბულები“ გადასაღებ მოედანზე, 15 წლის მარინა ვლადის 27 წლის მარჩელო მასტროიანიმ თვალი მოჰკრა და  სიგიჟემდე შეუყვარდა. 


ამ დროს მარინას მარლონ ბრანდო უყვარდა, რომელიც, დანარჩენებისგან განსხვავებით, ქერათმიანი ლამაზმანის მიმართ გულგრილი დარჩა.
ქერათმიანი მზეთუნახავი თაყვანისმცემელთა სიმცირეს არასოდეს უჩიოდა.
მარინას თითქმის ერთდროულად სთხოვეს ხელი რეჟისორებმა ორსონ უელსმა, ჟან-ლუკ გოდარმა და 28 წლის მსახიობმა რობერ ოსეინმა, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ანჟელიკას ქმრის ჟოფრეი დე პეირაკის როლით იცნობს. ვლადიმ ეს უკანასკნელი აირჩია. ამბობენ, რომ ანჟელიკას როლი მიშელ მერსიემდე მარინა ვლადის შესთავაზეს, მაგრამ ამ დროისთვის მარინასა და რობერს შორის უკვე გამუდმებული კონფლიქტები და დაძაბულობა იყო და ქალმა როლზე უარი განაცხადა. ყველა, ვინც მსახიობს იცნობდა, აღნიშნავდა, რომ მარინა ვლადი გარეგნულადაც და შინაგანი წყობითაც საოცრად ჰგავდა ანჟელიკას: საოცრად ქალური იყო, თავგანწირულად იბრძოდა საკუთარი ბედნიერებისთვის და სიძნელეებს არ უშინდებოდა, თუმცა ანჟელიკასგან განსხვავებით, ვლადის რობერთან ერთიერთობა მალე დასრულდა. მათ ორი შესანიშნავი ვაჟი - იგორი და პეტრე შეეძინათ. მსახიობის მეორე ქმარი მფრინავი ჟან-კლოდ ბრუიე გახდა. ამ ქორწინებიდან მარინას კიდევ ერთი ვაჟი - ვლადიმერი დარჩა.


ვლადიმერ ვისოცკი სწორედ მაშინ გაიცნო, როდესაც მამაკაცებისგან და რომანებისგან დასვენება გადაწყვიტა. ვლადის შესთავაზეს მონაწილეობა ფილმში „მე მივფრინავ მოსკოვში“. ის რუსეთში დედისა და სამი ვაჟის თანხლებით ჩავიდა და გაიცნო ვისოცკი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მეორე მეუღლე ჰყავდა…
ტაგანკაზე ვისოცკის სპექტაკლის ნახვის შემდეგ მარინა ვლადი რესტორანში მიიწვიეს. აღფრთოვანებული პუბლიკის გარემოცვაში მყოფმა მსახიობმა მის მაგიდასთან მისულ უცნობ მამაკაცში უცბად ვერ შეიცნო ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ სცენაზე ბრწყინავდა. სცენის მიღმა ვისოცკი ვლადიზე დაბალი და დაუდევრად ჩაცმული ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც დაღლილი სახე ჰქონდა, თუმცა მისი თვალები მამაკაცის ძლიერ შესაძლებლობებზე მეტყველებდა. ვისოცკის მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია მარინასთვის. უთხრა, რომ მისმა „ჯადოქარმა“, მრავალი მამაკაცის მსგავსად, ისიც მოხიბლა. შემდეგ მარინას ხელი ხელში აიღო და სიყვარულში გამოუტყდა.


ბედნიერი დღეები
ვისოცკი იშვიათ ნიჭს ფლობდა - მას ნებისმიერი ქალის მოხიბვლა შეეძლო და დარწმუნებული იყო, რომ არც ვლადის დასაკუთრება გაუჭირდებოდა. ამ ფენომენის ახსნა მის ბობოქარ ხასიათში იმალებოდა, თუმცა მსახიობის თავდაჯერებით გაოგნებული მარინა „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა. 30 წლის მსახიობმა არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ უცნაურ ადამიანთან. მოსკოვიდან პარიზში დაბრუნებულმა ქალმა საოცარი სევდა იგრძნო. თავადაც ვერ ხვდებოდა, ვინ ან რა ენატრებოდა, სანამ ტელეფონმა არ დარეკა. ნაცნობი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე, მარინა მიხვდა, რომ წააგო - ის შეყვარებული გახლდათ..


რამდენიმე თვის შემდეგ, მსახიობმა ისევ მოახერხა რუსეთში ჩასვლა, თუმცა ამ დროს ვისოცკი ციმბირშია და „ტაიგის მბრძანებელში“ იღებენ.
მალე მარინასაც გადაღებები ეწყება, რომლის დასრულების შემდეგ შეყვარებულებმა შეხვედრა მოახერხეს.
მოგვიანებით, თავის წიგნში „ვლადიმერი, ანუ შეწყვეტილი ფრენა“, ვლადი დაწერს: „შემოდგომის ერთ საღამოს მე ვთხოვ მარტო დაგვტოვონ რომელიღაც შენი მეგობრის სახლში. მეგობრები ჩუმად გვემშვიდობებიან, სახლის პატრონი მეზობლებთან მიდის. როგორც კი ზურგს უკან კარი დაიხურა, მე მოვბრუნდი და შემოგხედე. შენ კანკალებ და ჩურჩულებ სიტყვებს, რომლებიც არ მესმის. მე გიწვდი შენ ხელს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის „ჩემი ცოლი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე“.
მალე ვისოცკი მეორე ცოლს ლიუდმილას გაშორდა. შვილებს აუხსნა, რომ ისინი ძველებურად უყვარს და მათზე იზრუნებს, მაგრამ ახლა სხვა ცოლი ჰყავს.
1970 წლის დეკემბერში ვლადიმერმა და მარინამ ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილი ოჯახური ცხოვრება მაინც არ შედგა. „რკინის ფარდა“ ვისოცკის საზღვრის იქით არ უშვებდა და მარინას უწევდა სხვადასხვა გზით მოეპოვებინა ქმართან შეხვედრის უფლება. ის ჩამოდიოდა, როგორც ტურისტი, მოწვეული სტუმარი, დროებითი მცხოვრები, მეუღლე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია და ა.შ. რუსეთში სამუდამოდ დარჩენა არ შეეძლო, რადგან საფრანგეთში შვილები და თავისუფლება ელოდა. ვიზების დაუსრულებელი თხოვნა, მოლოდინი და მონატრება ორივეს სტანჯავდა. ვლადი საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრიც კი გახდა, რათა პარტიის ლიდერებს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასთან ეშუამდგომლათ მისი ქვეყნიდან გაშვების შესახებ.
საქორწინო მოგზაურობაში თბომავლით გაემგზავრნენ. კაპიტანმა, რომელიც ვისოცკის ნიჭის თაყვანისმცემელი იყო, ახალდაქორწინებულებს საუკეთესო კაიუტა გამოუყო. სახელგანთქმულ მსახიობებთან ყოველდღიურად ზღვის დელიკატესები და საუკეთესო ქართული ღვინო მიჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის შემდეგ მსოფლიოს გარშემოც იმოგზაურეს, წყვილისთვის თაფლობის თვე 12-წლიანი რომანის ყველაზე ბედნიერ მოგონებად დარჩა. მაშინ თავად ბრეჟნევმა გასცა ვისოცკისთვის ვიზა.
წყვილი ერთმანეთს იმდენად იშვიათად ხვდებოდა, რომ ერთად გატარებული ყოველი დღე მათთვის დღესასწაული იყო. მარინას რუსეთში ჩამოსვლისას, წყვილი ვისოცკის დედის ბინაში ჩერდებოდა, სადაც ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჩვეულებრივი, საბჭოთა ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა. მარინა ვლადის ცხოვრებისეულ ღირებულებებში კინო უკანასკნელ ადგილზე გადავიდა - კარიერის მწვერვალზე მყოფი, უარს ამბობდა მომგებიან წინადადებებზე და გადაღებიდან ქმართან გარბოდა. შესაბამისად, რეჟისორებიც სულ უფრო იშვიათად იწვევდნენ...


უფსკრულის პირას
საბჭოთა დროს ჩამოფარებული „რკინის ფარდის“ გარდა, წყვილს სხვა სერიოზული პრობლემაც ჰქონდა გადასალახი - ისინი ერთად ებრძოდნენ ვისოცკის სერიოზულ დამოკიდებულებას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე… ნარკოტიკებით ვისოცკი  საკუთარ ეჭვებსა და არაღიარებული პოეტის სტატუსს ებრძოდა, რომლის ლექსებსაც ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნება არ ეწერა. ის სვამდა იმისთვის, რომ ეცოცხლა და ყოველ ჯერზე კვდებოდა. თავიდან მარინა აიძულებდა ექიმებს, რომ მისი ყოველი ამოსუნთქვისთვის ებრძოლათ, როცა ისინი მკურნალობაზე უარს ამბობდნენ. მოგვიანებით კი მიხვდა, რომ ეს წაგებული ომი იყო და მომღერალი თავად ითხრიდა სამარეს. მარინა, რომელიც ქმარს ღალატსაც კი პატიობდა, საკუთარი თავის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვეღარ უძლებდა. მისი საფრანგეთში ვიზიტები სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხდებოდა… ერთხელ ვლადიმერმა მეგობარს უთხრა: „შენ იცი, როგორ მიყვარს მარინა, მაგრამ მისი სიყვარული ძალიან ფრანგულია, რაციონალური… მე ასე არ შემიძლია“. 


ივლისის სამი კვირის მანძილზე, რომელიც ვლადიმერმა ცოლთან ერთად პარიზში გაატარა, წყვილი თავგამოდებით ცდილობდა დაავადებასთან გამკლავებას. ვლადიმერი ცოლს დაჰპირდა, რომ სასმელსა და ნარკოტიკებს აღარასოდეს გაეკარებოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო...
„25 ივლისს, დილის 4 საათზე, ოფლში გახვითქულმა გავიღვიძე. შუქი ავანთე და ლოგინში წამოვჯექი. ბალიშზე სისხლის კვალია - უზარმაზარი კოღო გავსრისე. ამ ლაქამ თითქოს მომაჯადოვა და თვალს ვერ ვაცილებ. ამ დროს ტელეფონი რეკავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შენს ხმას ვერ გავიგებ. უცნობი ხმა და ორი სიტყვა „ვალოდია მოკვდა“ - ეს იყო და ეს...“ 
იმ დღეს ვისოცკი სცენაზე ჰამლეტის სათამაშოდ არ გამოსულა. ბილეთების სალაროებთან  მოკლე განცხადება გამოაკრეს „გარდაიცვალა მსახიობი ვლადიმერ ვისოცკი“, თუმცა არც ერთ მაყურებელს ბილეთი უკან არ დაუბრუნებია. ვისოცკის თაყვანისმცემლებმა ტაგანკაზე მდებარე თეატრს ალყა შემოარტყეს. ხალხი შენობის სახურავზეც კი ავიდა და ისე ჩანდა, თითქოს მთელი მოსკოვი ვისოცკისთან გამოსათხოვებლად მოვიდა. საფრანგეთიდან ჩამოსულმა მარინამ უკანასკნელი ღამე გაატარა მეუღლესთან და სანამ მის კუბოს ბოლო ლურსმანი არ დაარტყეს, გვერდიდან არ მოშორებია.
„მიყვარხარ ახლა… მოსაყოლად მტრედი ავუშვი… / შენს სიყვარულში, როგორც მზეში, ისე ჩავიწვი… / მიყვარხარ ახლა, დღეს მიყვარხარ… ზუსტად ამ წუთში… / წარსულის არ მწამს… მომავალში კიდევ რა ვიცი…“ - ეს ვლადიმერ ვისოცკის მიერ მარინა ვლადისთვის მიძღვნილი უკანასკნელი ლექსია...

ქმრის  სიკვდილის შემდეგ მარინა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. 3 წლის განმავლობაში, შვილების გარდა, არავისთან ურთიერთობდა და  ერთხელ თვითმკვლელობის მცდელობაც კი ჰქონდა. მსახიობის დეპრესიიდან გამოყვანა მხოლოდ მისმა მეოთხე ქმარმა და საკუთარმა ფსიქოთერაპევტმა შეძლო. მარინა დამშვიდდა და ქმარზე მოგონებების წერას შეუდგა.
რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა 78 წლის მსახიობის მეოთხე ქმარი ლეონი. ამბობენ, რომ ამის შემდეგ მარინამ, რომელიც ადრე საერთოდ არ ეკარებოდა სპირტიან სასმელებს, ყოფილი ქმრის მსგავსად, სმას მიჰყო ხელი...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?