„პიგმალიონის ეფექტი“ იტალიურად - როგორ დაიწყო სოფი ლორენის ცხოვრების ზღაპარი?!

სიყვარულის ისტორიები

15 ივნისი 22:00, 2016 წელი

 „ძალიან საინტერესო სახე გაქვთ“, - ამ სიტყვებით მიმართა 16 წლის პროვინციელ გოგონას 38 წლის მილანელმა პროდიუსერმა, რომლებმაც ერთმანეთი სილამაზის კონკურსზე გაიცნეს. თავიდან ეს ურთიერთობა საკურორტო რომანს უფრო ჰგავდა... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაშინ იწყებოდა ზღაპარი, რომელიც 50 წელი გაგრძელდა და კინემატოგრაფიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მყარ ქორწინებად მიიჩნევა.


სოფია შიკოლონე 1934 წლის 20 სექტემბერს, რომში დაიბადა.
გოგონამ ბავშვობა ნეაპოლთან ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა სოფელში გაატარა. სიმაღლის, სიგამხდრისა და გრძელი ცხვირის გამო, თანატოლები სხვადასხვა მეტსახელებით მიმართავდნენ. სოფია სკოლაში პოპულარული არ ყოფილა, თუმცა სამხრეთული ბუნება უფლებას არ აძლევდა, რომ წარუმატებლობას შეგუებოდა.
14 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში, სადაც პირველი ადგილი ვერა, მაგრამ „მის ელეგანტურობის“ პრიზი დაიმსახურა.
16 წლის იყო, როცა სილამაზის კონკურსზე პრიზი „მის გრაციოზულობა“ მოიპოვა და პირველად შეხვდა მომავალ მეუღლეს - 22 წლით უფროს  მილანელ პროდიუსერს კარლო პონტის.


ახალგაზრდა სოფიმ პონტის წინაშე ხასიათის სიმტკიცე ურთიერთობის დასაწყისშივე გამოავლინა. როცა პონტიმ სერიოზული როლების მისაღებად წონაში დაკლება და ცხვირის ოპერაციის გაკეთება ურჩია, სოფიმ გარეგნობის შეცვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა: არა! არ არსებობს მსახიობი, რომელსაც ცხვირი კარიერაში ხელს შეუშლიდა.
დამწყებ მსახიობს საკუთარი პრინციპულობა განრისხებული პროდიუსერის კართან რამდენიმეთვიან ლოდინად დაუჯდა. პონტიმ ჩათვალა, რომ ლამაზ დებიუტანტს საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდა და როლებს აღარ აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა,  მრისხანება მოწყალებით შეიცვალა და სოფი სასინჯ გადაღებებზე მიიწვიეს.
სწორედ ამ სინჯებზე დარწმუნდა პონტი, რომ მის წინ მომავალი ვარსკვლავი იდგა.


პროდიუსერსა და მსახიობს შორის გრძნობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაჩნდა, როცა სოფი 19 წლის იყო.
ამ სამი წლის მანძილზე კი კარლო პონტი ულამაზესი თვალების მქონე პროვინციელი გოგონასგან დახვეწილ ქალიშვილს ქმნიდა: დაუქირავა სტილისტი და კარგი მანერების პედაგოგი; აიძულებდა, ესწავლა უცხო ენები და ეკითხა ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოები. ლორენის სიარულის მანერაც კი პონტის დამსახურებაა: ის დავალებას აძლევდა გოგონას, ევლო მაგიდების ახლო მწკრივებს შორის და თეძოების რხევით დაეხურა მაგიდებზე მდგარი ღია კოლოფები.


პროდიუსერის მცდელობის შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ იტალიელ პიგმალიონს თავდავიწყებით შეუყვარდა საკუთარი ქმნილება. სოფი კი უკვე დიდი ხანია, ხვდებოდა, რომ მისი მიჯაჭვულობა დესპოტ, მაგრამ სიმპათიურ კინემატოგრაფისტთან მეგობრული სიმპათიების საზღვრებს გასცდა. პონტი მისთვის არა მხოლოდ საყვარელი მამაკაცი, არამედ პროფესიის მასწავლებელი და მეგობარიც იყო.  
მოგვიანებით, პონტიმ სოფის ფსევდონიმად ლორენი შეურჩია, რადგან შიკოლონე მეტისმეტად პროვინციულად ჟღერდა.  
ამომავალ ვარსკვლავს კინოში პირველი როლებიც შეყვარებულმა პროდიუსერმა მოუძებნა, როცა ვიტორიო დე სიკასთან მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა. ლორენისა და დე სიკას  წარმატებული შემოქმედებითი კავშირის შედეგად, რომელიც პონტიმ წინასწარ განსაზღვრა, ეკრანზე გამოვიდა ფილმები „ნეაპოლის ოქრო“,  „გუშინ, დღეს, ხვალ“, „ჩოჩარა“, „ქორწინება იტალიურად“ და სხვ.


1950-იან წლებში სოფი ლორენი უკვე იტალიური კინოს აღიარებული ვარსკვლავი და სექსსიმბოლოა.


ერთი შეხედვით, ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ შეყვარებულებს ურთიერთობის გაგრძელებაში სერიოზული პრობლემა უშლიდათ ხელს: პროდიუსერი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა, 50-იანი წლების კათოლიკურ იტალიაში კი განქორწინება ძნელი საქმე  გახლდათ. ვატიკანიდან ქორწინებაზე თანხმობის იმედი რომ დაკარგეს, 1957 წლის 7 სექტემბერს, შეყვარებულებმა მექსიკაში იქორწინეს, მაგრამ ვატიკანმა მათი ქორწინება უკანონოდ ცნო. კათოლიკური იტალიისთვის ისინი მხოლოდ ცოდვაში მცხოვრები საყვარლები იყვნენ, ამასთანავე, კარლოს ცოდვებს ორცოლიანობაც ემატებოდა.


სასოწარკვეთილ სოფის, რომელსაც ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის უფლებას არ აძლევდნენ, პროფესიაში მიღწეული წარმატებები და აღიარებაც ვერ ამშვიდებდა.  
ლორენმა ოკეანის გაღმელი კრიტიკოსების ყურადღება პირველად 1954 წელს გამოსული ფილმით „ნეაპოლის ოქრო“ მიიპყრო.
1957 წელს კი მას უკვე ფრენკ სინატრასთან და კერი გრანტთან ერთად იღებდნენ. გადაღებების მიმდინარეობისას ლამაზმან გრანტს მშვენიერი იტალიელი თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ სოფის, პონტის გარდა, არავინ აინტერესებდა. თუმცა, მოგვიანებით ლორენს გრანტი საყვარელი მამაკაცის მოპოვებაში გამოადგა, როცა რომის პაპის  ნებას დამორჩილებულმა პონტიმ ცოლთან განქორწინება გადაიფიქრა. მაშინ ლორენმა საყვარელი მამაკაცის დასამორჩილებლად კარგად ნაცადი მეთოდი გამოიყენა: გრანტს უფლება მისცა, მისთვის ყვავილები და საჩუქრები მიეძღვნა, მასთან ერთად რესტორანში ესადილა და ნაზად შეხებოდა. გაცოფებული პონტი საშინლად ეჭვიანობდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო - ჭირვეულ ლამაზმანზე არავითარი კანონიერი უფლება არ გააჩნდა.
ქალური ხრიკებით, სოფიმ მიზანს მიაღწია. 1966 წელს პონტისა და ლორენის ქორწინება კანონიერად ცნეს, თუმცა სირთულეები ამით არ დასრულებულა.
30 წლის იტალიელ ლამაზმანს, რომელიც ბავშვებით სავსე, ხმაურიან ოჯახზე ოცნებობდა, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო. მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე მუცელი მოეშალა, ლორენმა უშვილობის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსი ჩაიტარა და ბოლოს და ბოლოს, დაფეხმძიმდა.
ვარსკვლავი ფანატიკურად უფრთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას. ბავშვის დაკარგვის იმდენად ეშინოდა, რომ მთელი ცხრა თვე, ფაქტობრივად, ლოგინში გაატარა. ექიმებმა მას ტელევიზორის ყურება და ნახევარ საათზე მეტხანს ფეხზე დგომაც კი აუკრძალეს. მეგობრები იხსენებდნენ, რომ სოფი ყურებს ბამბის ტამპონით იცავდა, რათა უეცარ ხმაურს არ შეეშინებინა. 
სიფრთხილის განსაკუთრებულმა ზომებმა სასურველი შედეგი მოიტანა და 1968 წელს ქვეყანას უმცროსი კარლო პონტი მოევლინა. კიდევ ოთხი წლის შემდეგ, მსახიობმა მეუღლეს მეორე ვაჟი ედუარდო აჩუქა. განვლილი სირთულეების მიუხედავად, კარლომ და სოფიმ ერთმანეთის მიმართ ბოლომდე ფაქიზი დამოკიდებულება შეინარჩუნეს. „კარგი ოჯახური სამზარეულოს მთავარი კომპონენტი სიყვარულია“, - ხშირად იმეორებდა ლორენი.


ნახევარსაუკუნოვანი ერთობლივი ცხოვრების მანძილზე კარლო პონტი დაუღლელად ზრუნავდა ცოლის კარიერაზე. თან დაჰყვებოდა მეუღლეს კინოფესტივალებზე და დაჯილდოების ცერემონიალებზე. სოფის ყოველთვის მიაჩნდა, რომ კარლო პონტი კანის, ვენეციის, ბერლინისა და მოსკოვის ფესტივალებზე მოპოვებული მთავარი პრიზებისა და ორი ოსკარის თანამოზიარე იყო.


„სიამოვნებით გავუზიარებდი ამ ოსკარს ჩემი ცხოვრების სამ მამაკაცს. მეუღლეს კარლო პონტის, რომლის გარეშეც ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ და ჩემს ვაჟებს უმცროს კარლოსა და ედუარდოს, რომლებმაც მასწავლეს ზმნის „მიყვარს“ უღლება“, - განაცხადა სოფი ლორენმა მორიგი „ოსკარის“ მიღებისას.  


სოფი ლორენისა და კარლო პონტის ოჯახი კინოინდუსტრიაში მოღვაწე წყვილთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა, რომელიც სკანდალების, გაყრებისა და ღალატის გარეშე ახერხებდა ყველაზე ცნობილების სტატუსი შეენარჩუნებინა და ღირსეული შვილები გაეზარდა.
სოფისა და კარლოს უფროსმა შვილმა დირიჟორის პროფესია აირჩია, ხოლო უმცროსი რეჟისორი გახდა.
2002 წელს  ლორენმა შვილის ფილმში „მხოლოდ ჩვენ შორის“ ერთ-ერთი როლი შეასრულა.  


2007 წელს, 50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მოყვარული მეუღლეები კარლო პონტის გარდაცვალებამ დააცილა, როცა „ოქროს ქორწილამდე“ რამდენიმე თვე რჩებოდა.
„ქმარი მთელი ჩემი ცხოვრება და ცხოვრების გეზის მიმცემი იყო. როცა ჩვენ შევხვდით, მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც  ჩემზე იზრუნებდა და ცხოვრების აზრს მაპოვნინებდა. კარლოსთან შეხვედრა სასწაული იყო“, - აღიარა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სოფი ლორენმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?