დიდი სიყვარული გისოსებს მიღმა - ჩეკისტების კიდევ ერთი სისხლიანი ნაკვალევი

სიყვარულის ისტორიები

27 ივლისი 22:00, 2016 წელი

სიონის ტაძარში ჯვარს იწერდნენ 18 წლის პატარძალი და მასზე 10 წლით უფროსი საქმრო. ამ ჯვრისწერას მთელი თბილისი თვალს ადევნებდა, რადგან პატარძალი საქართველოში სილამაზით განთქმული ბაბო დადიანი იყო, მისი რჩეული კი - შეძლებული მეწარმე, ალექსანდრე მასხარაშვილი, რომელმაც მარგანეცის წარმოებაში დიდძალი ფული იშოვა. ბაბოს ბრიუსელიდან ჩამოტანილი ულამაზესი საპატარძლო კაბა ემოსა, ხელში ცისფერი ვარდების თაიგული ეკავა და გვერდს უმშვენიერესი მეჯვარე მერი შერვაშიძე უმშვენებდა. ახალდაქორწინებულთა ბედნიერ მომავალს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ... 


ჯვრისწერა 1921 წლის 20 იანვარს გაიმართა. ჯვრისწერიდან ერთი თვის შემდეგ კი ამ ულამაზესი წყვილის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა - 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმია შემოვიდა. ბაბომ, ქმართან და საუკეთესო მეგობართან მერი შერვაშიძესთან ერთად, საქართველო დატოვა და თურქეთში გაემგზავრა.

„ყველა ბათუმში გარბოდა და ჩვენც ყველაფერი მივატოვეთ. ჩვენი სახლი ჩეკისტებმა დაიკავეს. ბათუმში თითქმის ორი კვირა დავყავით. იქ უკვე გაზაფხული იყო და ქუჩაში ქალები ვარდის კალათებით დადიოდნენ. ერთხელ, როცა ეკიპაჟით ჩავიარე, მათ მოულოდნელად ყვავილები მესროლეს. მე ჩამოვედი ეკიპაჟიდან. მადლობა გადავუხადე და ფული მივაწოდე. ქალებმა ფულის აღებაზე უარი თქვეს. ფული არ გვინდა. თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, უბრალოდ, მოგვინდა, რომ ვარდებით დაგვესაჩუქრებინეთო. ალბათ, უხერხულია ამაზე წერა, მაგრამ მაშინ 18 წლის ვიყავი, შესანიშნავად მეცვა და თითქმის ლამაზი ვიყავი. კონსტანტინოპოლის საუკეთესო სასტუმროში დავბინავდით. ალიოშამ ინგლისურ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელიც მარგანეცის გაყიდვით იყო დაკავებული. ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ არ გვტოვებდა ფიქრი იმ ქვეყანაზე, საიდანაც წამოვედით“
(ბაბო დადიანის „მოგონებების დღიურიდან“).


„ალიოშას ჩემთვის ფული არ ენანებოდა. საუკეთესო მოდის სახლებში ვიმოსებოდი. ერთხელ მე და მერი შერვაშიძე ქუდების მაღაზიაში შევედით. მერიმ ერთი მშვენიერი ქუდი დამანახა. მოვიზომე, შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა და არ ვიყიდე. ამის შესახებ ალიოშას გაუგია. უჩუმრად მისულა იმ მაღაზიაში, ქუდი უყიდია და საღამოს მომართვა. ჩვენ ფუფუნებასა და განცხრომაში ვცხოვრობდით, მაგრამ მაინც რაღაცა გვაკლდა. ალიოშას საშინლად ენატრებოდა თავისი მშობლები. სამშობლოს მონატრება ისეთი გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ“ (ბაბო დადიანის „მოგონებების დღიურიდან“).


კეთილშობილი ბუნების ალექსანდრეს, რომელსაც ჩეკისტების სისასტიკეზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ეგონა, პატიოსნად ვიმუშავებ და არაფერს დამიშავებენო და ცოლთან და ახალშეძენილ შვილთან გიორგისთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა.
მასხარაშვილის ოჯახმა ბინა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე შეიძინა. ალექსანდრემ სახლი საუკეთესო ავეჯით მოაწყო და გაალამაზა. სპეციალურად ბაბოსთვის მისაღებ ოთახში ბუხარი გააკეთა.
ერთ წვიმიან დღეს, როცა ალექსანდრე სამსახურში იყო, ბაბომ აივნიდან დაინახა ქალი, რომელიც მის მეზობელს ეძებდა. ბაბოს წვიმაში მდგომი ქალი შეეცოდა და თავისი ბინის გავლით, სახლში შემოსვლის უფლება მისცა. ქალმა ლამაზი მისაღები ოთახი და მყუდრო საძინებელი ყურადღებით შეათვალიერა და აივნის გავლით გაუჩინარდა. ამ დღიდან ბაბოს უბედურება დაიწყო... უცნობი ქალი ძერჟინსკის თანამებრძოლის, ჩეკისტი ქიქოძის მეუღლე აღმოჩნდა, რომელსაც მასხარაშვილების ბინა თვალში მოუვიდა და დაიფიცა, ქალი არ ვიყო, თუ ამ საძინებელში ჩემი ქმარი არ ჩავაწვინოო.
მალე ბაბოსთან ბინის პატრონი მოვიდა და ბინის დაცლა უბრძანა. დადიანის ქალი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რა უბედურება დატრიალდა მის თავს. საძინებელში ტანსაცმელს იცვლიდა, როცა სახლში ჩეკისტის ცოლი ოთხ მამაკაცთან ერთად შევარდა და ბაბოს სასწრაფოდ ბინის გასაღები მოსთხოვა. ბაბოს შვილის ძიძამ ქიქოძის ცოლს ბავშვის გაღვიძებამდე მოცდა სთხოვა, მაგრამ ქალს არაფრის გაგონება არ სურდა. მასხარაშვილების ოჯახს ბინის დაცლა მოუწია.
ორი წლის შემდეგ, 1924 წელს, ალექსანდრესა და ბაბოს მეორე შვილი თათული შეეძინათ. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ალექსანდრე დაიჭირეს...


ლავრენტი ბერიას უშუალო მითითებით, პატიმარი, ჩამოჯდომის ან დაწოლის საშუალება რომ არ ჰქონოდა, კასრში ჩასვეს. ბერიას უნდოდა, რომ მასხარაშვილი, რომელიც ოქსფორდში სწავლობდა, ინგლისში ჯაშუშად გაეგზავნა, მაგრამ ალექსანდრე არ დასთანხმდა. გადარჩენაში მას მედდა დაეხმარა, რომელიც ღამღამობით საშუალებას აძლევდა, კასრიდან ამოსულიყო და ციხის დერეფანში ესეირნა.


ერთხელ, მორიგი ამანათის შეგზავნის შემდეგ, ბაბომ ქმრისგან წერილი მიიღო:  „მივიღე, მადლობელი ვარ, chercher“, რაც ფრანგულად „ეძებეს“ ნიშნავს. ქალი მიხვდა, რომ მეუღლე რაღაცას ანიშნებდა. ყურადღებით დაათვალიერა კალათა, რომლითაც ქმარს მოსაკითხი შეუგზავნა და საგულდაგულოდ დამალული წერილი აღმოაჩინა:


„ჩემი სულით და სხეულით მშვენიერო, ჩემო სიხარულო და სიამაყევ, ყველაზე მძიმე წუთებში, როცა სული სიკვდილზე ფიქრს მიეჩვია, ჩემ წინ წმინდა ანგელოზივით მოდიხარ. ამსუბუქებ და აკეთილშობილებ ბინძურ და საზიზღარ ატმოსფეროს, რომელშიც მე ვიმყოფები. ჩემო სიამაყევ, იცოდე, რომ ჩემზე წამების ყველა მეთოდი გამოიყენეს, მაგრამ შენ ყველა სიმწარე სიტკბოებად მიქციე. მე ამ ცივ, საშინელ და აყროლებულ კასრში სიკვდილს ველოდები, მაგრამ  ვინმემ რომ მკითხოს, რა გირჩევნია, არასოდეს დაბრუნდე საქართველოში თუ ტაიტის რომელიმე მშვენიერ კუნძულზე სიმდიდრესა და განცხრომაში იცხოვროო, თავს შეურაცხყოფილად ჩავთვლი, რადგან ვერსად გამოვცდიდი ისეთ ბედნიერებას, რომელიც შენ მომანიჭე. ჩემო პატარავ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მინდა, ისევ ვეღირსო იმ მომენტს, როცა შენზე ზრუნვა, შენი კოცნა და ალერსი შემეძლება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება უსამართლოა, სიწმინდე და სიკეთე მაინც გაიმარჯვებს. ბნელი ღამის შემდეგ ყოველთვის ნათელი დღე დგება, ხოლო ცივი ზამთრის მერე, ლამაზი და თბილი გაზაფხული მოდის. შენი ალიოშა“.


ალექსანდრე მასხარაშვილს არასდროს უნანია სამშობლოში დაბრუნება. პატიმრობა, გამოსახლება, გადასახლება, ციხე, ოთხჯერ რეაბილიტაცია - ასეთი იყო ოჯახის ხვედრი, რომელმაც ემიგრაციაში უზრუნველად ცხოვრებას სამშობლოში ტანჯვა არჩია.


დილაობით მეტეხის ციხის ყველა პატიმარი ეზოში  გაჰყავდათ და იმ პატიმრების გვარებს აცხადებდნენ, რომლებსაც იმ დღეს დახვრეტა ელოდათ.
ერთ-ერთ ასეთ დღეს ალექსანდრე მასხარაშვილი თავის მეგობართან ილიკო მახარაძესთან ერთად იდგა. სია თითქმის ბოლომდე იყო წაკითხული, რომ ილიკო მეგობრისკენ მიბრუნდა და უთხრა, მგონი, დღეს გაგვიმართლაო და ამ დროს მისი გვარი დაასახელეს.
მახარაძე ვაჟკაცურად შეხვდა თავის ბედისწერას, მაგრამ მოულოდნელად, მოსკოვიდან დეპეშა მოვიდა: დახვრეტები შეწყვიტეთ და ხალხი გაუშვითო.


1927 წელს მასხარაშვილის ოჯახი საცხოვრებლად სოფელში, ალექსანდრეს მშობლებთან გადავიდა.
თავიდან ძალიან გაუჭირდათ, რადგან ალექსანდრეს მამა კულაკების „შავ სიაში“ იყო და არავინ ეკარებოდათ.
1927 წელს ქართული მარგანეცით ამერიკელები დაინტერესდნენ და ალექსანდრე კონსულტანტად მიიწვიეს, მაგრამ ამერიკელებს საბჭოთა ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუჭირდათ და სამი წლის შემდეგ საქართველო დატოვეს.
1931 წელს მასხარაშვილების სახლში ჩეკისტები მივიდნენ. ალექსანდრეს ბრალი დასდეს ინგლისის ჯაშუშობაში და ოჯახიანად ვოლგისპირეთში გადაასახლეს. 1935 წელს ოჯახს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ იმისთვის, რომ ალექსანდრე ორი წლის შემდეგ ისევ დაეპატიმრებინათ. ამჟამად საბოლოოდ...


ალექსანდრე მასხარაშვილის შვილი თათული იხსენებს:
„ჩვენს სახლთან ორი ან სამი ჩეკისტი ყოველთვის მორიგეობდა. გამუდმებით ფანჯრებში იყურებოდნენ და მე და ჩემს ძმას ძალიან გვეშინოდა. რატომღაც იმ ღამეს ჩემს ძმას თვალი არ მოუხუჭავს, ლოგინში წრიალებდა და ოხრავდა. უცბად კარზე კაკუნი გაისმა და შემოცვივდნენ. მთელი სახლი ყირაზე დააყენეს. რაღაცას ეძებდნენ და ყველაფერს ყრიდნენ. მამა ძალიან მშვიდი იყო. მომეფერა და მუხლებზე დამისვა. ბოლოს წაიყვანეს, როგორც ყველა მიჰყავდათ. დედა იმან გადაარჩინა, რომ ღამე სახლში არ იძინებდა“.


ალექსანდრე ხვდებოდა, რაც ელოდა, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი ცდილობდა, მეუღლე გაემხნევებინა.
„საყვარელო ბაბოშკა, სხვების თანდასწრებით შენი სახელის ხსენებაც კი არ მინდა, იმიტომ, რომ მგონია, ამით შენს ნაწილს გავუზიარებ. შენში ცოლის და მეგობარის იდეალი ვიპოვე და სრულ ბედნიერებას ვეზიარე. მე უკვე გითხარი, რომ ამ ბედნიერებას იქაც კი განვიცდიდი, სადაც ყველაზე მამაცი ადამიანები ტყდებიან. ჩემო განძო, გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. იყავი მშვიდი და ფრთხილი სამსახურში და ნუ დაკარგავ შენს თვისებებს. არავის მისცე შენთან ფამილარობის უფლება. არაფერმა გაცდუნოს. რაც გეკუთვნის, მიიღე, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ამაზეც უარს იტყვი. არავის მისცე უფლება, გაგაცილოს და თავაზიანად მოგეპყრას. არავის გულწრფელობა დაიჯერო, რადგან ასეთს ვერ ნახავ და ნუ გამიბრაზდები - მე უდანაშაულო ვარ. ჩვენს თანაცხოვრებაში არ ყოფილა მომენტი, როცა არათუ საქმით, ფიქრით შენთვის შეურაცხყოფა მომეყენებინა. მიყვარხარ და გაღმერთებ, როგორც ცოლსა და მეგობარს. ძალიან მაგრად გეხვევი და გკოცნი. სამუდამოდ შენი ალიოშა“.


1937 წლის 22 თებერვალს ალექსანდრე მასხარაშვილს „ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა. ალიოშას დაპატიმრების შემდეგ მის ოჯახს ბინა ჩამოართვეს და ყოფილი სასტუმროს შენობაში გადაიყვანეს. რამდენიმე წლის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, წვიმასა და ქარში ბაბოს აივანზე ძილი უწევდა. ცხოვრება იმდენად აუტანელი გახდა, რომ ბაბოს მოსკოვში, ბერიასთან წასვლა ურჩიეს. მოულოდნელად, ბერია მის მიღებას დასთანხმდა.


„ვიჯექი და ვფიქრობდი, ბავშვები რატომ დავტოვე და რატომ წამოვედი? საქართველოში დაპატიმრებას გადავურჩი და ახლა საკუთარი ფეხით ვეწვიე ბერიას. რომ დამიჭირონ, რა ვქნა? ბავშვებს რა ეშველებათ? დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბერიას მდივანმა ქალმა მასთან შემიშვა. მაგიდასთან სათვალეებიანი გველი იჯდა და ცივი თვალებით მიყურებდა. მე მოვუყევი ალიოშაზე, ჩემს ძმაზე, ბინაზე... თქვენი ქმარი ინგლისის ჯაშუშია, თქვა ბერიამ. ჯაშუშად ის გამომძიებლებმა აქციეს, - ვუპასუხე მე. ბერია ჩემს მედალიონს დააკვირდა, რომელიც გულზე მეკიდა. ეს ვინ არის? შოთა რუსთაველი, ვუპასუხე და უცებ გამახსენდა, რომ ჩანთაში თათულისა და გიორგის ფოტო მედო. ამოვიღე და ბერიას ვაჩვენე. კარგი ბავშვები არიან, თქვა მან. ამ კარგ ბავშვებს სჭირდებათ აღზრდა საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, - მივუგე, - მათ კი არავითარი პირობები არა აქვთ, რადგან ბინიდან გამოგვასახლეს და შვიდმეტრიან გალიაში შეგვასახლეს. ბერიამ ჩემთვის ბინის დაბრუნების განკარგულება გასცა და მკითხა, თქვენ, ალბათ, მატერიალურადაც გიჭირთ? ეს მნიშვნელოვანი არაა, - ვუპასუხე მე. - ჩემთვის მთავარი და აუცილებელია იმის ცოდნა, სად იმყოფებიან ჩემი ძმა და ქმარი. ამ სიტყვების შემდეგ ავდექი და გამოსვლა დავაპირე. დაივიწყეთ თქვენი თავადაზნაურული ამპარტავნობა, - საშინელი მეგრული აქცენტით თქვა უცებ ბერიამ. სად მიდიხართ? ვინ გიშვებთ? უცებ თავში დამარტყა, ახლა რომ დამაპატიმრონ? ორი ნაბიჯი გადავდგი და გავჩერდი. განძრევა აღარ შემეძლო და თვალებიდან ცრემლებმა იფეთქა. გააცილე, - უთხრა ბერიამ გვერდით მჯდომ კაბულოვს. კაბულოვმა დამშვიდება დამიწყო. ხომ გაიგეთ, როგორ შეგაქოთ ბერიამ? მე ვუპასუხე, რომ ატესტატის ასაღებად კი არა, ძმისა და ქმრის საპოვნელად ჩამოვედი. ცრემლები მახრჩობდა“. ბაბო დადიანის „მოგონებების დღიურიდან“.  


მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 1940 წლის 2 მარტს, ბაბოს ბინა დაუბრუნეს, მაგრამ, როგორც ტროცკისტის ცოლს, სამსახურში არავინ იღებდა. ქალი შვილებს ქსოვითა და ქარგვით არჩენდა და ასე გრძელდებოდა, სანამ აკადემიკოსმა ჯანაშიამ  ბაბო დადიანი მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაოდ არ მიიწვია... მაგრამ ქალის ტანჯვა ამით არ დასრულებულა. მასხარაშვილის ცოლი, შვილებთან ერთად, ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლების ოპერაციას სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოსული ბერია ხელმძღვანელობდა.
ქმრის ერთგულებისა და სიყვარულის გამო ბაბო დადიანმა, ემიგრაციაში მდიდრულ ცხოვრებას, განსაცდელში ცხოვრება და გადასახლება არჩია, მაგრამ, მეუღლის მსგავსად, ეს ერთი წუთითაც არ უნანია.
ქალის კეთილშობილ ბუნებას ყველაზე კარგად ერთი შემთხვევა ასახავს: ერთხელ, ერთი ჟურნალისტი ინტერვიუს დროს დაინტერესდა, ულამაზეს ქალს, რომელმაც ქმარი 31 წლის ასაკში დაკარგა, ცხოვრების მანძილზე მეგობარი მამაკაცი თუ ჰყოლია. ბაბომ ჟურნალისტს არაფერი უპასუხა, მხოლოდ სთხოვა, ამდგარიყო და იქაურობა დაეტოვებინა. „მაპატიეთ და არ გეწყინოთ, მაგრამ მე ვერ შევძლებ თქვენთან საუბარს“, - ასეთი იყო კითხვაზე ბაბო დადიანი-მასხარაშვილის რეაქცია.


ბაბო დადიანი 96 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?