ზოგადად, დიტრიხს ახლო მეგობრები არასოდეს ჰყოლია. თამარ გამსახურდია, რომელიც წლების განმავლობაში მარლენ დიტრიხის უახლოეს მეგობრად რჩებოდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო. სწორედ დიტრიხისთვის შეიქმნა თამარ გამსახურდიას სახელგანთქმული კაუჩუკის ნაკეცებიანი კორსეტი, რომელიც იდეალური ტანის ილუზიას ქმნიდა და დიტრიხი ტანიდან არ იცილებდა.
სანამ სამოდელო ბიზნესში ჩაერთვებოდა, თამარ გამსახურდია ცნობილი ბალერინა იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მეტოქის მიერ სცენის ფიცარში ჩარჭობილმა ლურსმანმა ყველაფერს წერტილი დაუსვა...
ცნობილი მოცეკვავე და დიზაინერი თამარ გამსახურდია-დე კობი 1896 წელს ბაქოსთან ახლოს, საცირკო ხელოვნების ოსტატ რომან სერგოს ძე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა.
რომან გამსახურდია ახალგაზრდობისას ბევრს მოგზაურობდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას, კერძოდ კი, უნგრეთში გასტროლების დროს, რომანს ბოშათა მოხეტიალე ჯგუფი შეხვდა, რომელსაც გატაცებული უნგრელი გოგონა ახლდა. გამსახურდიამ გოგონა გამოისყიდა და თან წაიყვანა. წლების შემდეგ, ეს გოგონა რომან გამსახურდიას მეუღლე და შვილების - კლარას, ვალენტინასა და თამარის დედა გახდა.
თამარი ცეკვით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. თბილისის საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, საბალეტო ხელოვნების დაუფლება მოსკოვში, დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში გააგრძელა, მალე კი ზიმინის კერძო ოპერის პრიმა ბალერინა გახდა. თამარ გამსახურდიას სასცენო წარმატებებზე რევოლუციამდელი რუსეთის საკონცერტო აფიშები მეტყველებენ. მოსკოვის დიდი თეატრის მუზეუმში დაცულია 1917 წელს გამოცემული, თამარის პორტრეტებით დამშვენებული ღია ბარათები.
სპექტაკლები, რომლებშიც თამარ გამსახურდია მონაწილეობდა, უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, რასაც უამრავი რეცენზია მოწმობს. მსახიობი მიხეილ ჟაროვი თავის მემუარებში იხსენებდა, რომ გასტროლებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იმ წარმოდგენებზე იყო, რომლებშიც გამსახურდია მონაწილეობდა.
რევოლუციის შემდეგ, თამარი საცხოვრებლად ყირიმში გადავიდა და მამის დახმარებით, იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა. მის მოსწავლეთა შორის იყო, ყოფილი ოფიცერი, კავკასიური წარმოშობის ალექსანდრე მიროსხეჯი, რომელმაც სასცენო ფსევდონიმად დემიდოვი აირჩია.
რამდენიმეთვიანი დაძაბული რეპეტიციის შემდეგ დემიდოვი გამსახურდიას ღირსეული პარტნიორი გახდა.
ასე შეიქმნა იმ დროისთვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი გამსახურდია-დემიდოვი.
რამდენიმე წელი თამარმა, დემიდოვთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში გაატარა.
1920-1923 წლებში თბილისში მოქმედებდა საბალეტო სტუდია, რომელსაც ანა პავლოვას ცნობილი პარტნიორი მიხეილ მორდკინი ხელმძღვანელობდა. თამარ გამსახურდიამ მონაწილეობა მიიღო მორდკინის მიერ დადგმულ „ჟიზელსა“ და „კარნავალში“. გამსახურდიას ლამის ერთადერთი ფოტო დღეს ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმში ინახება.
თამარსა და ალექსანდრე დემიდოვს შორის პარტნიორული ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა და 1919 წელს, მარსელში გასტროლების დროს, წყვილი დაქორწინდა. 1920 წ. ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო. იცეკვეს ლონდონის „კოლიზეუმში“, პარიზის „კაზინო დე პარიში“, ბუენოს-აირესის „კოლონში“.
დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული „ბაკქანალია“ იყო, რომელიც თამარისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... სწორედ „ბაკქანალიის“ მიმდინარეობისას, როცა დემიდოვმა, სცენარის თანახმად, თამარი სცენაზე თმით გაათრია, ბალერინამ სცენის იატაკში ჩარჭობილი ლურსმნით ზურგზე უზარმაზარი ჭრილობა მიიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, თამარს მახე ბალერინამ დაუგო, რომელიც მისი როლის მოპოვებას ცდილობდა. მეორე ვერსიით კი, ბალერინა, რომელმაც გამსახურდია დაასახიჩრა, ალექსანდრე დემიდოვზე იყო შეყვარებული და როცა მას თამარი არჩიეს, სამაგიერო სასტიკად გადაუხადა.
ჭრილობა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გამსახურდია იძულებული გახდა, სცენას დროებით ჩამოშორებოდა. მომხდარმა ცოლ-ქმრის ურთიერთობებშიც ბზარი გააჩინა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
1927 წელს თამარ გამსახურდიამ რუსი ლილიპუტების დასში ქორეოგრაფად დაიწყო მუშაობა. ამერიკული ტურნეს მიმდინარეობისას, ბალერინამ თავისი მეორე სიყვარული - რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი და დასის იმპრესარიო სერგეი კობიევი (კობიაშვილი) გაიცნო.
გამსახურდიას მეორე გვარი - დე კობი სწორედ ქმრის გვარიდან მომდინარეობს. 1931 წელს თამარი თავად ანა პავლოვამ თავის დასში სოლისტად მიიწვია, თუმცა პავლოვას მოულოდნელი გარდაცვალების გამო გამსახურდიას საბალეტო სფეროში დაბრუნება არ მოხერხდა.
პავლოვას გარდაცვალების შემდეგ თამარ გამსახურდიამ საკუთარი საბალეტო სტუდიის შექმნა გადაწყვიტა. იმისთვის, რომ ფართის საიჯარო გადასახადი ეშოვა, ბალერინამ მუშაობა დაიწყო რუსი ემიგრანტის ლარისა ბეილინას ქალის თეთრეულის სამოდელო სახლში „ლორ ბელენ“.
35 წლის ასაკში თამარ გამსახურდიამ საბოლოოდ მიატოვა სცენა და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო.
30-იან წლებში „ლორ ბელენი“ პარიზში გადავიდა. ლარისა გერმანული თეოსოფიითა და მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი სამოდელო ბიზნესს უძღვებოდა.
დროთა განმავლობაში, ბეილინა იმდენად გაიტაცა თეოსოფიის შესწავლამ, რომ მოდის სახლის მართვა მთლიანად გამსახურდიას ხელში გადავიდა.
„ლორ ბელენი“ პარიზის პრესტიჟულ რაიონში, მე-16 კვარტალში მდებარეობდა და კორსეტების წარმოებაზე იყო ორიენტირებული.
თამარს მუშაობაში საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა ეხმარებოდა. თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყოფილი ბალერინა ბიუსტჰალტერებსა და კორსეტებს - უფრო დახვეწილსა და მოქნილს, ქალის ფიგურას კი სრულყოფილს ხდიდა. თამარ გამსახურდიას წყალობით, სამოდელო სახლში შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. კლიენტები ძირითადად ქალბატონები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, ყოველგვარი დიეტებისა და შეზღუდვების გარეშე სრულყოფილი ფიგურა ჰქონოდათ.
რეზინებისა და ელასტიკური ქსოვილების გამოყენებით, თამარი ქალებს ოცნებას უსრულებდა. საბოლოოდ, ყოფილმა ბალერინამ უარი თქვა საბალეტო სკოლის გახსნის იდეაზე და თავი მთლიანად მოდას მიუძღვნა.
ბედის ირონიით, „ლორ ბელენში“ დირექტორის მოადგილედ თამარის ყოფილი ქმარი ალექსანდრე დემიდოვი მუშაობდა, რომელმაც თამარის წასვლიდან მალევე მიატოვა სცენა.
დემიდოვმა ყველა ღონე იხმარა, რომ ყოფილი ცოლის სიახლოვეს ყოფილიყო. უცნობია, ისევ ჰქონდა თუ არა თამარ გამსახურდიას მის მიმართ გრძნობა და როგორ მიიღო თავისი ცოლის პირველ ქმართან ერთად მუშაობა სერგეი კობიაშვილმა, თუმცა ცნობილია, რომ სამოდელო ბიზნესში თამარ გამსახურდიას გვერდში ედგა და „ლორ ბელენში“ მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა სერგეის ქალიშვილი ირინა ხოლმან დე კობი. სწორედ მას გაატანა თამარმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავისი არქივი მოსკოვში.
გერი თამარს არწმუნებდა, რომ ყველა დოკუმენტი უვნებლად ჩააბარა ერთ-ერთ მუზეუმს, თუმცა მუზეუმის სახელი დაავიწყდა ან გამხელა არ ისურვა. ამიტომ დღეისთვის თამარ გამსახურდია-კობის არქივის მდებარეობა უცნობია.
ქართველმა ბალერინამ მოახერხა, რომ „ლორ ბელენი“ ევროპაში პოპულარულ სამოდელო სახლად ექცია, რომლის კლიენტთა შორის იყვნენ ჟაკლინ კენედი, ბარონესა როტშილდი, მარლენ დიტრიხი, იუგოსლავიის დედოფალი ანა და მრავალი სხვა...
ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ „ლორ ბელენი“ ნიუ-იორკში გადაიტანეს. თამარ გამსახურდია კი საცხოვრებლად პარიზიდან ნიცაში გადავიდა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია სანტ ჟენევიევ დე-ბუას სასაფლაოზე.