ბონი და კლაიდი - წყვილი, რომელსაც დიდი სიყვარულისთვის ამერიკამ ყველა დანაშაული აპატია

სიყვარულის ისტორიები

17 ნოემბერი 20:00, 2016 წელი
203

მათ სანთლების შუქსა და რომანტიკულ საღამოებს ფათერაკებით სავსე ცხოვრება და ტყვიების ზუზუნი არჩიეს. ლეგენდარულმა ამერიკელმა მძარცველებმა - ბონი პარკერმა და კლაიდ ბაროუმ სიყვარულის ახალი გზა იპოვეს...


ბაროუს ოჯახი დალასში მეოცე საუკუნის დასაწყისში დასახლდა. ოჯახის უფროსმა, ჰენრი ბაროუმ ცოლისა და შვიდი შვილის სარჩენად ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა და ოჯახისთვის თავშესაფარიც იქვე იპოვა.
ბავშვებს სკოლაში სიარულის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა შვიდიდან მეხუთეს - კლაიდს სკოლაში სიარული არ ხიბლავდა და, უფროს ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ხეტიალს ამჯობინებდა.
ბიჭები ისე ერთობოდნენ, როგორც შეეძლოთ - ხან დუქნებიდან ტკბილეულს იპარავდნენ და ხან მინებს ქვებით ამსხვრევდნენ. ნიჭიერებით გამორჩეულ კლაიდს სიძემ გიტარასა და საქსოფონზე დაკვრა ასწავლა, მაგრამ მისთვის უცნობი იყო ისეთი ცნებები, როგორიცაა მომავალი და პერსპექტივა და შედეგი დაუყოვნებლად სჭირდებოდა, ყოველგვარი შრომის გარეშე.
სკოლის დამთავრებისთანავე,17 წლის ყმაწვილმა მუშაობა დაიწყო მხოლოდ ერთი მიზნით - სურდა, საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ ის ასეთი ცხოვრებისთვის არ დაბადებულა.
ფეთქებადი ხასიათის გამო არც ერთ სამსახურში კვირაზე მეტხანს არ გაჩერებულა.
ერთ ღამეს უსაქმოდ მყოფმა კლაიდმა ძმასთან, ბაკთან ერთად, მანქანა მოიპარა და  ქალაქის გარეუბნებისკენ სასეირნოდ წავიდა. ღამის სიჩუმემ და მთვარის შუქზე მოციმციმე მაღაზიების ვიტრინებმა ძმებს საინტერესო იდეა მიაწოდა... რამდენიმე წუთში გატეხეს ავტომობილების მაღაზიის კარი და სეიფი გაიტაცეს. თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, რომ არა უეცრად გამოჩენილი პოლიციის მანქანა. ძმებმა თავს გაქცევით უშველეს, თუმცა პოლიციამ ბაკის დაკავება მაინც მოახერხა. ჰანსტვილის ციხეში მჯდომმა ბაროუმ თანამზრახველის ვინაობა ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა...
ეს ძმების პირველი ძარცვა იყო...  



ვინც ბონი პარკერს იცნობდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ძალიან ლამაზი გოგონა, თვალებში მოკიაფე ცეცხლით. სკოლის მასწავლებლები ამბობდნენ, რომ გოგონა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ ყოველთვის „ცუდი ბიჭები“ მოსწონდა.  
გოგონა ოთხი წლისა იქნებოდა, როცა მამა დაეღუპა და დედისა და ბებიის ამარა დარჩა.

კლაიდთან შეხვედრის დროს ბონი ოცი წლის იყო და გზისპირა კაფეში ოფიციანტად მუშაობდა.
ერთმანეთს შემთხვევით, საერთო მეგობრის სახლში შეხვდნენ და მას შემდეგ უერთმანეთოდ არც ერთი საღამო აღარ გაუტარებიათ.
კლაიდი გასაოცრად მომხიბვლელი და ალერსიანი იყო, კრიმინალისკენ მიდრეკილება კი ბიჭს, ბონის აზრით, მხოლოდ ვაჟკაცობას მატებდა.
კლაიდი ბონის გაცნობიდან, რამდენიმე კვირაში დააპატიმრეს. ბანდიტი ხვდებოდა, რომ საპყრობილეში დიდი დროის გატარება მოუწევდა, რაც მისთვის ქვეყნიერების დასასრულის ტოლფასი იყო და გადარჩენას მხოლოდ ციხიდან გაქცევაში ხედავდა.
ამ არცთუ მარტივ საქმეში კლაიდმა დახმარება ბონის სთხოვა და „ყურებამდე შეყვარებული“ ქალიც მაშინვე დასთანხმდა.
უცნობია, როგორ, მაგრამ ბონიმ ციხეში იარაღის შეტანა და კლაიდისთვის გადაცემა მოახერხა. იმავე დღეს ბაროუ, კამერის მეგობართან ერთად, თავისუფლებაზე იყო.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, გაქცეულები ქვეყნის მეორე ბოლოში მდებარე ილინოისში დააკავეს. ამის მიზეზი კლაიდის წინდაუხედაობა გახდა, რომელმაც მანქანაზე ნომრების შეცვლა ვერ მოიფიქრა, თუმცა ასეთი შეცდომა მას შემდეგ აღარასოდეს დაუშვია...
კლაიდმა ტეხასის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ციხეში პატიმრის კატორღულ, 16-საათიან მუშაობაში ორი წელი გაატარა. განაჩენის თანახმად, მას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ დედამისმა სასჯელის შემსუბუქებას მიაღწია. გულხელდაკრეფილი არც კლაიდი მჯდარა - მუშაობის დროს, თითქოს ნაჯახის შემთხვევით დაცემის შედეგად, ფეხზე ორი თითი მოიჭრა. სახლში ყავარჯნებით დაბრუნდა და მაშინვე ძველი საქმიანობა გააგრძელა.
ამჯერად, ბონიმ მიაღწია, რომ ის ბანდის სრულუფლებიან წევრად ეღიარებინათ და ძარცვაზე წაეყვანათ, მაგრამ ქალი პირველივე საქმეზე ჩავარდა და სამი თვე ციხეში მოუწია ყოფნა. ეს უკანასკნელი თვეები იყო, რომლებიც კლაიდის  გარეშე გაატარა...
სანამ ბონი ციხეში „ნებივრობდა“, კლაიდი მაღაზიების ძარცვასა და სეიფების გატანას განაგრძობდა. ერთხელ, საიუველირო მაღაზიის ძარცვის დროს, საფეთქელთან ლულამიდებულმა მაღაზიის მეპატრონემ შემთხვევით მისკენ მიშვერილი იარაღს კარი გამოსდო და ყაჩაღები მკვლელებად იქცნენ. მეორე დღესვე, განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედებზე ძებნა გამოცხადდა, ხოლო მათ ოჯახებზე ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობა დაწესდა.
კლაიდმა დაიფიცა, რომ ცოცხალს ხელში ვერავინ ჩაიგდებდა. ერთადერთი პოლიციელი, რომელიც შემეხება, პათოლოგანატომი იქნება - ხშირად იმეორებდა ის და მართალიც გამოდგა.


ციხიდან ბონის გამოსვლისთანავე დაიწყო ბონისა და კლაიდის ლეგენდად ქცეული ცხოვრება, რომელმაც მხოლოდ ორ წელს გასტანა...
მალე საიუველირო მაღაზიის მფლობელის ბედი კიდევ ორმა პოლიციელმა გაიზიარა, რომლებიც ტეხასის მიყრუებულ სოფელში გამართულ ცეკვის საღამოზე უცნობების ვინაობით დაინტერესდნენ.  
ამის შემდეგ ბანდიტებს, დაჭერის შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობის ნაცვლად, სიკვდილით დასჯა ელოდათ.

კლაიდის ბანდა ამერიკის სამხრეთ შტატებში მოძრაობდა და ადგილობრივი ბანკებისა და მაღაზიების გაძარცვის შემდეგ, სასწრაფოდ სხვა ქალაქში გადადიოდა. ისე სწრაფად მოძრაობდნენ, რომ მოპოვებული ფულით ტკბობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ბონისა და კლაიდის გარდა, ასეთ ტემპს ბოლომდე ვერავინ გაუძლო.

შეყვარებულების შესახებ დაუჯერებელი ხმები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ ბონი ნიმფომანი იყო, ხოლო კლაიდი - ჰომოსექსუალი. რეალურად რა ხდებოდა მათ სულებში, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.

ერთხელ ბანდის კვალზე მიმავალ პოლიციას ხელში გაუმჟღავნებელი ფირები ჩაუვარდა. მალე ქვეყნის ყველა გაზეთი მოიარა  კადრებმა, სადაც ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი ბონი და „კბილებამდე შეიარაღებული“ კლაიდი „ფორდის“ ბოლო მოდელის მანქანასთან პოზიორობენ. დევნისა და მალვისგან დაღლილი ადამიანების სახეზე არც ერთ სურათში ღიმილი არ ჩანს.

ბონისა და კლაიდის ცხოვრებაზე ფილმის გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტები ბანდის ცოცხლად დარჩენილ წევრს უილიამ ჯონსს დაუკავშირდნენ, რომელმაც კლაიდთან რვა თვე გაატარა: 
„მე ვნახე ეს ფილმი. სრული სისულელეა, როგორც იმ ფილმში ისვრიან. კლაიდი არასოდეს ტრაბახობდა და ლაყბობდა. ის იმ კატას ჰგავდა, რომელმაც იცის, რომ ძაღლი ახლოსაა და ნახტომისთვის ემზადება. ის საუკეთესოდ ატარებდა მანქანას. ვფიქრობ, სწორედ ამის საშუალებით შეინარჩუნეს სიცოცხლე მან და ბონიმ თითქმის ორი წლის განმავლობაში... ხანდახან გვეჩვენებოდა, რომ ჩვენ, გაქცევის გარდა, არაფერს ვაკეთებდით. პიჯაკის სახელოში მას ყოველთვის ჰქონდა დამალული რეზინით დამაგრებული გადაჭრილი თოფი. იარაღს ლოგინში და დაჩოქილი ლოცვის დროსაც კი არ იშორებდა. ლოცვით კი ხშირად ლოცულობდა, ალბათ, საკუთარი სულისთვის. მან მშვენივრად იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა“.


ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კლაიდი ბოლომდე ენდობოდა, ბონი იყო - ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიყვარულის გამო იტანდა გამუდმებულ დევნასა და საფრთხეში ცხოვრებას.
ბონი და კლაიდი იშვიათად კამათობდნენ. არასდროს არავის გაუგია, რომ ერთმანეთისთვის უხეშად მიემართოთ. 
ბონი არასდროს ივიწყებდა თავის მოვლას. გზაშიც კი ყოველთვის დავარცხნილი იყო, ტუჩებზე პომადა ესვა და თითებზე უნაკლო მანიკიური ეკეთა. უყვარდა წითელი ფერი, გრძელ კაბებს, ქუსლიან ფეხსაცმელსა და პატარა შლაპებს ატარებდა. როგორც აღმოჩნდა, ბონი ლექსებსაც წერდა, რომლებშიც საკუთარ საშინელ აღსასრულს წინასწარმეტყველებდა. ბოლო ასეთი ლექსი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, დედას გადასცა.

რაც უფრო გრძელდებოდა დევნა, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ დიდხანს „ვეღარ გაქაჩავდნენ“. კლაიდს უკვე ნერვებიც ღალატობდა და სიფრთხილეც. ერთხელ საშინელი სისწრაფით მიმავალმა საფრთხის მანიშნებელი საგზაო ნიშანი ვერ შენიშნა. მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა. ბონის გარდა, მანქანიდან გადმოსვლა ყველამ დროულად მოახერხა. ქალს თეძო საშინლად დაეწვა. ყაჩაღები არკანზასში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ. კლაიდი ბონის წამითაც არ სცილდებოდა. წამლებს ასმევდა და საპირფარეშოში ხელით დაჰყავდა, მაგრამ ჭრილობა ძალიან ნელა ხორცდებოდა.
ასე გაატარეს ერთ ადგილზე თვეზე მეტი, ანუ იმდენი დრო, რომ პოლიცია მათ კვალზე გასულიყო.
მართლაც, სასტუმროს მეპატრონეს უცნაური სტუმრების იარაღის ოდენობა უჩვეულოდ ეჩვენა და პოლიციას დაუკავშირდა... 

სასტუმროს გასასვლელი ორ ათეულზე მეტი შეიარაღებული პოლიციელითა და მათი დაჯავშნილი მანქანებით იყო ბლოკირებული. ბანდამ სასტუმროდან გასვლა მაინც მოახერხა, მაგრამ საშინელ ფასად: ბაკ ბაროუმ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ხოლო მისი ცოლი თვალებში მოხვედრილი შუშის ნამსხვრევებისგან დაბრმავდა. ორი დღის შემდეგ მომაკვდავი ბაკი და მისი ცოლი პოლიციის ხელში აღმოჩნდნენ, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.

მალევე ბანდა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა და ბონი და კლაიდი თითქმის მარტო დარჩნენ, თუმცა შეყვარებულები დანებებას არ აპირებდნენ. პოლიციასთან მორიგი შეხვედრა კლაიდის დედის დაბადების დღეზე მოხდა, როცა მისალოცად მისულ შეყვარებულებს სახლთან ახლოს, სამართალდამცველები დახვდნენ ჩასაფრებული.
ბონიმ და კლაიდმა ამჯერადაც მოახერხეს, პოლიციას დასხლტომოდნენ.


1934 წელს შეყვარებულები ისტემის ციხეს დაესხნენ თავს და კლაიდის ძველი მეგობარი და მისი თანამოსაკნე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამ ოპერაციის დროს ციხის ერთ-ერთი ბადრაგი დაიღუპა.
ახალი წევრებით შევსებულმა ბანდამ მალე რამდენიმე ბანკი გაძარცვა და სამი პოლიციელი მოკლა. ტეხასის პოლიციამ დიდი წვალების შემდეგ ბანდის ადგილმდებარეობა დაადგინა.
ამავე წლის 23 მაისის დილას პოლიცია ბანდას ტყეში ჩაუსაფრდა და გზა სატვირთო ავტომანქანით ჩახერგა. ყაჩაღების მანქანა გზაზე, დაახლოებით, 9 საათზე გამოჩნდა. კლაიდმა მანქანა გააჩერა და სატვირთო მანქანის მძღოლს დაუწყო ძებნა. სწორედ ამ დროს გზის გასწვრივ მდებარე ბუჩქებიდან ერთდროულად გაიხსნა ცეცხლი. 176 ტყვიიდან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ და ერთ წუთში ყველაფერი დასრულდა.
ერთ-ერთმა პოლიციელმა მანქანასთან მიირბინა და კარი გამოაღო, საიდანაც ულამაზესი ქალის გასისხლიანებული სხეული გადმოვარდა. დენთის სუნში მაინც იგრძნობოდა მისი საოცარი სუნამოს არომატი. მოგვიანებით, პოლიციის შეფმა ფრენკ ჰეიმერმა, რომელიც დევნის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა: სამწუხაროა, რომ ქალიც მოკვდა, მაგრამ საქმე ისე მიდიოდა, ან ჩვენ უნდა დაგვეხოცა ისინი, ან იმათ უნდა დავეხოცეთ ჩვენ...“
 
მიუხედავად იმისა, რომ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, სიკვდილის მეორე დღესვე ამერიკამ შეყვარებულებს ყველა შემზარავი დანაშაული აპატია და ხსოვნაში მხოლოდ ის შემოინახა, რომ ორნი მთელ სამყაროს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ.