ღალატნარევი სიყვარული და ჰილარის აუხდენელი ოცნება - მსოფლიო კლინტონების გაყრაზე ალაპარაკდა

სიყვარულის ისტორიები

19 ნოემბერი 12:00, 2016 წელი
101

ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ „THE GLOBE“-მა სენსაციური ცნობა გაავრცელა - ბილ და ჰილარი კლინტონებმა განქორწინება გადაწყვიტეს. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰილარი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დეპრესია ჰქონდა და სახლიდან გამოსვლა არ უნდოდა, ახლა, პირიქით, დროს ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში ატარებს და თავისუფალი ქალის ცხოვრებით ცხოვრობს.

ამერიკული გამოცემის ანონიმური წყარო იტყობინება, რომ სახის პლასტიკური ოპერაციის (კანის გადაჭიმვის) შემდეგ, ჰილარი ძალიან შეიცვალა. ის დიდხანს ოცნებობდა ბილთან განქორწინებაზე, მაგრამ პოლიტიკური კარიერის გაფუჭების შიშით ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა. მონიკა ლევინსკისთან ცნობილი სკანდალის შემდეგ, მსოფლიო დარწმუნდა, რომ კლინტონების ოჯახი არასოდეს დაირღვეოდა. როგორც ჩანს, ამაოდ...

სანამ ოფიციალური წყაროები გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებენ ან უარყოფენ, გავიხსენოთ მსოფლიოში ცნობილი წყვილის ღალატითა და სკანდალებით ცნობილი სიყვარულის ისტორია.

ბილ კლინტონმა და ჰილარი როდემმა ერთმანეთი 1971 წელს იელის უნივერსიტეტში გაიცნეს. ჰილარი ბავშვობიდან გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათითა და მიზანსწრაფულობით. სულ პატარა იყო, როცა მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ლიდერის უნარების მქონე გოგონა პირველად უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა, რომ მისთვის მთავარი პოლიტიკური კარიერა იყო და იურისპრუდენციის შესასწავლად იელის უნივერსიტეტს მიაშურა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა უნივერსიტეტში არკანზასელი ყმაწვილი - ბილ კლინტონი.

მათი ნაცნობობა უცნაურად დაიწყო: ჰილარიმ ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნა, რომელსაც მოზრდილი თმა ჰქონდა და დაჟინებით ათვალიერებდა, თუმცა ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. მაშინ გოგონა მორცხვ ყმაწვილს თავად მიუახლოვდა და უთხრა: ასეთი ხანგრძლივი მზერის შემდეგ გაცნობა, უბრალოდ, აუცილებელიაო.
ბილი მოიხიბლა კაფანდარა გოგონას ძლიერი ხასიათით, რასაც თავის ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა.
ისინი ძალიან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ერთი მიზანი აერთიანებდათ - ორივეს პოლიტიკაში მწვერვალების დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მათ საერთო ინტერესები და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთის მხარდაჭერის საოცარი უნარი ჰქონდათ.


ბილი ცოლივით მიზანსწრაფული არასოდეს ყოფილა. მისთვის ბრწყინვალე განათლება მიზნისკენ სავალი გზა კი არა, ოჯახური პრობლემებისგან გაქცევის საშუალება გახლდათ. სულ პატარა იყო, როცა მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. დედა კი მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობით იყო დაკავებული და მალე მეორედ გათხოვდა. სწორედ მამინაცვალმა როჯერ კლინტონმა მისცა ამერიკის მომავალ პრეზიდენტს თავისი გვარი, თუმცა ის ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი აღმოჩნდა. ხშირად სცემდა ბილის დედას და სახლში სკანდალებს აწყობდა.
სწავლა და საქსოფონზე დაკვრა ბილისთვის რეალური ცხოვრების დავიწყების ერთადერთი საშუალება იყო და მომავალი პრეზიდენტიც მთელ თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და საქსოფონზე დაკვრას ანდომებდა.

გაცნობიდან მოკლე ხანში ბილმა ჰილარის ხელი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან გოგონასთვის ოჯახის შექმნაზე მნიშვნელოვანი კარიერის აწყობა იყო. მაშინ მათი გზები დროებით გაიყარა: ჰილარიმ რთული ბავშვების ფონდში დაიწყო მუშაობა, ბილი კი არკანზასში დაბრუნდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი.


მალე ცხადი გახდა, რომ ჰილარის კარიერა არ აეწყო. წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ წარმატების მიღწევას თანამოაზრესთან ერთად უფრო შეძლებდა და ბილთან დარეკა...
1973 წელს ჰილარიმ სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო, ხოლო 1975 წელს იმედისმომცემ ახალგაზრდა პოლიტიკოსს ცოლად გაჰყვა.
თავიდან, ბილის დედას ჰილარი არ მოეწონა და რუხ თაგვსაც კი ადარებდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა. რძალი მის ვაჟს ყოველმხრივ ეხმარებოდა. მის ავტორიტეტზე ზრუნავდა და იდეალური ოჯახის იმიჯს ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა.


ჰილარის დახმარებით, ბილი ჯერ - პროკურორი, შემდეგ კი არკანზასის გუბერნატორი გახდა. ჰილარის დიდხანს არ ეთმობოდა ქალიშვილობის გვარი და მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაწყვიტა, კლინტონი გამხდარიყო.
ამ დროს კონსერვატორები ფემინისტური მოძრაობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რაც ჰილარის საქციელში აშკარად შეინიშნებოდა. მეუღლეები ერთად ამუშავებდნენ საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას, რამაც ისინი როგორც არასდროს, ისე დააახლოვა.
იმავე წელს პრეზიდენტმა კარტერმა ჰილარი იურიდიული მომსახურების კორპორაციის მართვის წევრად დანიშნა.


1980 წელს ბილსა და ჰილარის პირველი შვილი - ჩელსი ვიქტორია შეეძინათ. გენიალური გოგონა, როგორც მას დედამ შეარქვა. ჩელსი ქვეყანას ვადაზე სამი კვირით ადრე, საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა.
ჰილარი ნაადრევ მშობიარობას გადატვირთულ მუშაობას უკავშირებდა, თუმცა კარიერის მიტოვებაზე არც უფიქრია. ბილ კლინტონი ყოველმხრივ ეხმარებოდა მეუღლეს და საკუთარი პოლიტიკური კარიერის ტემპის კლების ხარჯზე, ბავშვთან მეტ დროს ატარებდა. მეუღლის დახმარების წყალობით, ჰილარი ამერიკის 100 საუკეთესო იურისტს შორის დაასახელეს.

1993 წელს ბილ კლინტონი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ხოლო ჰილარიმ თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტი და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა მიიღო. ამის შემდეგ, კლინტონების პირადი ცხოვრება მედიისა და რიგითი მოქალაქეების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჰილარიმ უარი თქვა თეთრი სახლის ფრანგულ სამზარეულოზე და უპირატესობა ტრადიციულ, ამერიკულ სამზარეულოს მიანიჭა. თავისუფალ დროს მეუღლეები პინგ-პონგის ან ბანქოს თამაშში, ან წიგნების კითხვაში ატარებდნენ .  

რთულია, ბილ კლინტონის პირველი პრეზიდენტობის ვადას წარმატებული ეწოდოს, თუმცა კლინტონს ყველაზე დიდი წარუმატებლობა ჯანდაცვის რეფორმის შედეგად ელოდა. რეფორმის ხელმძღვანელად ჰილარის დანიშვნით კლინტონმა უდიდესი შეცდომა დაუშვა: ჰილარის ფედერალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა და დავალებას თავი ვერ გაართვა, თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარი პრეზიდენტის დაღმასვლისკენ მიმავალმა რეიტინგმაც კი ვერ გააჩინა. ბილს სჯეროდა მეუღლის და ენდობოდა, თუნდაც ამ ნდობას მის წინააღმდეგ ემუშავა.

1996 წელს, ბილ კლინტონი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. სწორედ ამ პერიოდში მოხდა სკანდალი, რომელმაც მეუღლეების ურთიერთობაში უზარმაზარი ბზარი გააჩინა და ბილ კლინტონი ლამის იმპიჩმენტამდე მიიყვანა.
ღალატის მიზეზად ზოგიერთები იმას მიიჩნევენ, რომ საზოგადოების თვალწინ მოსიყვარულე მეუღლეებს რეალურად, სრულიად განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ - ჰილარი ხშირად აყვედრიდა ქმარს, რომ ყველაფერს მისი წყალობით მიაღწია. აკრიტიკებდა და აიძულებდა, ყველა წვრილმანზე ანგარიში ჩაებარებინა. რბილი და კეთილი ბუნების ბილი ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან დაღალა და სცადა, შვება პრეზიდენტის აპარატის 25 წლის სტაჟიორის მონიკა ლევინსკის გარემოცვაში ეპოვა.


რა თქმა უნდა, ეს ბილის ერთადერთი ღალატი არ ყოფილა, რაც ჰილარიმაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ ქმრისა და საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად, ღალატზე ყოველთვის თვალს ხუჭავდა. მეტიც, იმათ დუმილსაც ყიდულობდა, ვისაც შეეძლო, ამაზე ელაპარაკა. ასე გადაარჩინა ჰილარიმ არკანზასის გუბერნატორისა და საკუთარი ოჯახის რეპუტაცია, მაგრამ მონიკა ლევინსკის შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა. მონიკა კლინტონთან ურთიერთობის შესახებ ყველა მეგობარს უყვებოდა, ამიტომ პრეზიდენტის ღალატის შესახებ მალე მთელი ქვეყნისთვის ცნობილი გახდა.

ამომრჩევლები და რაც მთავარია, მეუღლე რომ არ გაენაწყენებინა, ბილმა სასამართლოზე, ფიცის ქვეშ დაადასტურა, რომ 25 წლის პრაქტიკანტთან არავითარი ურთიერთობა არ აკავშირებდა.
ხელქვეითთან სექსუალური ურთიერთობა და რაც მთავარია, სასამართლოზე ცრუ ჩვენების მიცემა ამერიკის 42-ე პრეზიდენტს ლამის იმპიჩმენტის ფასად დაუჯდა, მაგრამ  პროფესიონალმა ადვოკატებმა და ცოლის მხარდაჭერამ ამ სამარცხვინო პროცედურისგან იხსნა. მაშინ ჰილარიმ პრესასთან განაცხადა: „ჩემი ქმრის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ძალიან მტკივნეული საყურებელია, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელზეც ზრუნავ და რომლითაც აღფრთოვანებული ხარ, უმოწყალო ბრალდებების მსხვერპლი ხდება“.
სინამდვილეში, ჰილარი მართლაც განიცდიდა ტკივილს, თუმცა ეს შეურაცხყოფილი, დამცირებული და ერთიანად განადგურებული ქალის ტკივილი იყო.
ყველა ელოდა, რომ ასეთ სკანდალს კლინტონების ოჯახში განქორწინების პროცედურების დაწყება მოჰყვებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მეუღლეები ფოტოკამერების წინ იღიმოდნენ და ყველას არწმუნებდნენ, რომ ოჯახში უთანხმოება დაძლეული იყო, პარალელურად კი ფსიქოლოგებთან დადიოდნენ. 2001 წელს ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა. 2008 წელს კი ჰილარიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა.


„THE GLOBE“-ის  ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობა სექსუალურ სკანდალამდე დიდი ხნით ადრე გაფუჭდა, უბრალოდ, მონიკა ლევინსკიმ ცოლქმრულ სიყვარულს საბოლოო წერტილი დაუსვა. ჟურნალისტების მტკიცებით, განქორწინება მხოლოდ ჰილარის გეგმებმა შეაჩერა, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის გაკეთება სურდა.

კლინტონებს ამ ვერსიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა, თუ ხმები დადასტურდა, ეს გაყრა ვლადიმერ და ლიუდმილა პუტინების განქორწინებაზე ნაკლებად ხმაურიანი არ იქნება.
ჰილარიმ ბავშვობის ოცნება ვერ აისრულა და პრეზიდენტი ვერ გახდა, მაგრამ მეტი შეძლო - მან საკუთარი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა, რომელიც საეჭვოა, პრეზიდენტობის ტვირთს მარტო ან მონიკა ლევინსკების იმედით გამკლავებოდა. ჰილარიმ მოახერხა, ისტორიაში შესულიყო, როგორც ბრძენი და მომთმენი ქალი, რომელმაც ქმარი უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანა და
ამერიკის ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც პოლიტიკური წონით პრეზიდენტ ქმარს არ ჩამოუვარდებოდა.