ეკა: ბუბას დიდი გულშემატკივარი ვარ. სპორტსმენის ცოლობა საკმაოდ რთულია. ბუბას კონტრაქტებზეა დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი ცხოვრება. ძირითადად, მეუღლის გვერდით ვარ. შვილების საქართველოში დატოვება ხშირად გვიწევს... ბევრს ჰგონია, რომ ფეხბურთელები მოედანზე გამოვლენ, ითამაშებენ და ამით მთავრდება.
- ამ სირთულეებთან გასამკლავებლად რამდენად მზად იყავით?
ეკა: სპორტსმენის მეუღლე თუ გავხდებოდი, ამაზე არასდროს მიფიქრია. ბუბას ცოლად რომ გავყევი, მისი ცხოვრების რიტმში თავისთავად ჩავერთე.
ბუბა: ეკა რომ გავიცანი, ზესტაფონის გუნდში ვთამაშობდი. ურთიერთობა გაგვიადვილდა, რადგან ერთმანეთისგან ძალიან შორს არ ვიყავით. ეკა თამაშებზეც ჩამოდიოდა და ერთმანეთის დეფიციტს არ განვიცდიდით. რთულია მაშინ, როცა ფეხბურთელს შეყვარებული ჰყავს და ამ დროს უცხოეთში თამაშობს.
- თქვენი სიყვარულის ისტორიაც გვიამბეთ...
ბუბა: ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. ეკა თავიდანვე ძალიან მომეწონა და ვცდილობდი, მისთვის მაქსიმალური კომფორტი შემექმნა, თავისუფალ დროს ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. სიურპრიზებსაც ხშირად ვუკეთებდი. 7 წელია, ერთად ვართ და ჩვენი სიყვარული დღითი დღე იზრდება.
ეკა: ბუბა მოულოდნელად ჩამოდიოდა თბილისში და ამით ძალიან მახარებდა. მისგან ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი, რაც დღემდე მოჰყვება. სულ ვამბობ, რომ ბუბა ძალიან ჩემი ადამიანია. საკითხი არ არსებობს, რაზეც მასთან საუბარს თავს ავარიდებ. გარდა იმისა, რომ საუკეთესო მეუღლეა, ის ჩემთვის კარგი მეგობარიც არის. ჩვენ უკვე ორი შვილი, 6 წლის ტასო და 2 წლის მაშო გვაკავშირებს. პირველი ქორწინებიდან კი 11 წლის თიკა პატარაია მყავს.
- როგორი მამაა ბუბა?
ეკა: შესანიშნავი! შეყვარებულები რომ ვიყავით, თიკა ძალიან პატარა იყო. ბუბამ ჩემი შვილი ძალიან თბილად მიიღო და თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ბავშვები ხომ ადამიანის დამოკიდებულებას ზუსტად გრძნობენ! ბუბა გოგოებს ძალიან ათამამებს. მე კი მკაცრი ვარ. ჩემი მეუღლე შეკრებიდან რომ ბრუნდება, არცერთ შვილს აღარ ვახსენდები! მათი კარგად მესმის, რადგან მეც მამიკოს გოგო ვიყავი და მისთვის რაც არ უნდა მეთხოვა, ყველაფერს მისრულებდა. ტასო, მაშო და თიკაც ასე არიან.
ბუბა: მართალია, თიკას მამას ვერ შევუცვლი, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე გვერდით დავუდგები. კარგად სწავლობს და მისი დიდი იმედი მაქვს. თავისუფალ დროს შვილებთან ყოფნა მიყვარს. როცა უცხოეთში მივდივართ, რომელიმე ბავშვის დატოვება გვიწევს ხოლმე. ამიტომ შვილების მონატრებას გამუდმებით ვგრძნობ.
- ახლა სად აგრძელებთ კარიერას?
- ბოლოს უნგრეთში „დიოშდიორის“ შემადგენლობაში ვიყავი. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ. ჯერჯერობით თავისუფალი ფეხბურთელი ვარ და შემოთავაზებებს ველოდები. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ კიდეც და უახლოეს მომავალში გადაწყდება, სად გავაგრძელებ კარიერას.