27 სექტემბრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილს, ფაქტობრივად, ახალი სახლი აქვს. ამ ბარში ყველაზე დიდ დროს ატარებს და თუ მისი პოვნა გინდათ, აქ უნდა ესტუმროთ. მსახიობმა ჩვენც სწორედ „ამქარში“ გვიმასპინძლა. გიორგი გვიყვება, რომ ამ შენობაში მისთვის ყველაფერი ძვირფასია, რადგან თითქმის ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.
ამბობს, რომ ბარის „სტაფის“ წევრები მისი ოჯახის ძალიან ახლობლები არიან და ზუსტად იცოდა, რომ სწორ არჩევანს აკეთებდა.
ახლა წოდორეთში, თავის ძაღლ ბუჩისთან ერთად ცხოვრობს, უფრო სწორად, ღამეს ატარებს და დილით ისევ თბილისში ბრუნდება, სადაც ბარი, გადაღებები და საკუთარი რძის საამქრო ელოდება. საქმე ნამდვილად ბევრი აქვს, ამიტომ დასვენებისთვის დრო თითქმის არ რჩება.
თუმცა დრო ყოველთვის აქვს თავისი რჩეულისთვის, მსახიობ ნინი სოსელიასთვის. გიორგი გვიყვება, რომ ნინი ძალიან ლამაზი, გულწრფელი, მეგობრული, პოზიტიური, ჰუმანური ადამიანია. „მარტივად რომ ვთქვა, შეუძლია ერთი ძალიან კარგი რამ - უბრალოდ, გულწრფელად მოგისმინოს, გულწრფელად ჩაგეხუტოს, გითხრას, რომ „დებილი“ ხარ და გულწრფელი იყოს ამაშიც“, - ღიმილით გვიყვება ჩვენი მასპინძელი.
გიორგი კალანდარიშვილის პერსონაჟი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამ ეტაპზე აღარ გამოჩნდება. მსახიობი ახლა სხვა ტელესერიალში - „ცოლები და ქმრებში“ თამაშობს. სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს, რადგან აწმყოთი ცხოვრობს და წინასწარ არაფრის დაგეგმვა უყვარს.