ეს ადგილი მხატვრის პირადი სივრცეა - სახელოსნო, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს...
ახლა, დაახლოებით, 30 ნახატზე ერთდროულად მუშაობს. წიგნის კითხვისასაც ასეთი მეთოდი აქვს - იწყებს ერთით, როცა იღლება, გადადის მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე…
„ერთი იდეის, ერთი ჩანაფიქრის კვლევა ხდება სხვადასხვა კუთხიდან. ეს არის შემეცნებითი პროცესი. რა თქმა უნდა, მუდმივად იბადება ახალი იდეები, რომლებიც შემდეგ ტრანსფორმაციას განიცდის. არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ერთს ხატავენ და მერე ამ ხაზს მიჰყვებიან - მარტო ლეონარდო და ვინჩი რად ღირს, მაგრამ არიან მხატვრები, რომლებიც გაუთავებლად ცვლიან და ეძებენ - მაგალითად, პიკასო. ყველას თავისებური სტილი აქვს, თუმცა ბანალური გამეორება არასდროს მუშაობს, ასეა ჩემს შემთხვევაშიც“, - გვიყვება ჩვენი მასპინძელი.
ხატვისას იღებს იმ თემას, რაც აღელვებს. თუ არ აღელვებს, არ „ეხატვინება“ და იწყებს ამ იდეის დამუშავებას. ამბობს, რომ ასეთ დროს „შეცხოვრდება“ ხოლმე ამ პროცესში... „დასრულებული ნახატები არ არსებობს, არ ვიცი, რას ნიშნავს ბოლომდე გასვლა. მხატვრობა ჰგავს სიცოცხლეს, არასდროს იცი, როდის მოკვდები. დაახლოებით, ასეა ნახატზე მუშაობა - სრულდება მაშინ, როცა შინაგანი სიცოცხლე კვდება და მოთხოვნილებები იწურება“.
სახელოსნოში საკმაოდ დიდ დროს ატარებს, თუმცა, მხატვრობის გარდა, კიდევ სამი პროფესია აქვს. გია ბუღაძე გვიყვება, რომ ძალიან დიდ დროს უთმობს წიგნის კითხვასაც. ამიტომ ის, პროფესიონალ მხატვართან ერთად, პროფესიონალი მკითხველი, მუსიკის პროფესიონალი მსმენელი და ამასთანავე, პროფესიონალი პედაგოგია.
სიამოვნებს იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებსაც კითხვების დასმა უყვართ. „შეკითხვის სწორად დასმა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კითხვას სწორად სვამ, მასშივე ჩანს პასუხი. აუცილებელია, ყველამ იცოდეს, რა საკითხებია საკაცობრიოდ ძირითადი. გერმანელმა ფილოსოფოსმა ასპერსმა ცნებად შემოიტანა „დასკვნითი შეკითხვა“ და დასვა კიდეც: რატომ გავჩნდი და რატომ უნდა მოვკვდე? მომწონს ასე რადიკალურად საკითხის დასმა. ვცდილობ, ჩემს საქმიანობაში სწორედ ამ კითხვას გავცე ემოციურ-ვიზუალური პასუხები.
გია ბუღაძე იმ ადამიანებზეც გვიყვება, ვისმა შემოქმედებამაც მასზე გავლენა მოახდინა.
„ტვინის მგრძნობელობით ჩემთან ყველაზე ახლოსაა იტალიელი მხატვარი - პიერო დე ლა ფრანჩესკა, გული გონებას რომ ელაპარაკება - კასპარ დავიდ ფრიდრიხი,
ხოლო ნებისა და შემართების იდეალი მხატვარი მიქელანჯელო ბუანაროტია.
ყველაფერს სათავეში უდგას რიჰარდ ვაგნერი - ამის სიგიჟე მჭირს, ბავშვობიდან მქონდა ინტერესი, არავის მიუთითებია, ის მე თვითონ ვიპოვე, აღმოვაჩინე… შინაგანი ბრძოლის პათოსი მისგან ვისწავლე, ორ-სამ აკორდში ჟრუანტელი მივლის ხოლმე. ახლა კლასიკური „ბაროკოთიც“ ვარ გატაცებული, თუმცა ეს ვაგნერის სიყვარულს არაფერს აკლებს.
„ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილოსოფიას. ყველაფერს ვკითხულობ, თუკი რამ შემოდის. რა თქმა უნდა, მთავარია პლატონი, შინაგანად თავს აღვიქვამ მის თაყვანისმცემლად. დღეს კი ორ დიდ ფილოსოფოსზე ვდგავარ და ვიცი, ვერ მოვიშორებ. ესენი არიან გერმანელი ფილოსოფოსები ფრიდრიჰ შელინგი და ოსვალდ შპენგლერი.